რეპერ შონ “დიდი” კომბსის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები წარადგინეს, რომლის მიხედვითაც მას გაუპატიურებაში და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.
როგორც BBC წერს, P.Diddy-ის წინააღმდეგ სულ მცირე ექვსი სარჩელი ორმა ქალმა და ოთხმა მამაკაცმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში ორშაბათს შეიტანა. ბრალმდებლები, რომელთა ვინაობა არ სახელდება, ამტკიცებენ, რომ აღნიშნული ფაქტები 1995 წლიდან 2021 წლამდე კომბსის წვეულებებზე მოხდა. წვეულებას მაშინ ცნობილი სახეები ესწრებოდნენ.
BBC-თან ბრალდებები უარყვეს შონ “დიდი“ კომბსის ადვოკატებმა. მათი მტკიცებით, რეპერს “არავისთვის მიუყენებია სექსუალური შეურაცხყოფა. არც ზრდასრულისთვის და არც არასრულწლოვანისთვის, იქნებოდა ეს კაცი თუ ქალი.“
“ერთ-ერთმა ბრალდებულმა თქვა, რომ იყო 16 წლის, როდესაც 1998 წელს, ჰემპტონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებას დაესწრო.
სასამართლოში ის აღწერს, რომ მაშინ აღფრთოვანებული იყო მისტერ კომბის წვეულებაზე მიწვევით. მან წვეულებაზე დაინახა უამრავი ცნობილი ადამიანი. მათ შორის მუსიკოსები და მომღერლები. როდესაც საპირფარეშოში მიდიოდა, გზად მისტერ კომბსს შეხვდა და მასთან საუბარი წამოიწყო. მოგვიანებით გააცნობიერა, რომ შედარებით ინტიმურ ადგილას გადაინაცვლეს და საუბრის დროს, მისტერ კომბსმა მოულოდნელად უბრძანა მას გაშიშვლება,“ – წერს წყარო.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, სარჩელს თან ერთვის რეპერისა და მოზარდის ერთად გადაღებული ფოტო, თუმცა ახალგაზრდას სახე ბუნდოვნად ჩანს.
“ბრალმდებელის თქმით, მისტერ კომბსმა უთხრა, რომ ეს იყო “ვარსკვლავად გახდომის რიტუალი“, გზა – რომელიც აუცილებლად უნდა გაევლო, თუ უნდოდა პოპულარული გამხდარიყო,“ – ნათქვამია სარჩელში.
- რაც შეეხება ქალის მიერ შეტანილ საჩივარს, ის ამტკიცებს, რომ რეპერმა 2004 წელს, სასტუმროს ნომერში გააუპატიურა. მაშინ გოგონა 19 წლის კოლეჯის სტუდენტი იყო.
“ის მუსიკის მაგნატს ფოტოსესიაზე შეხვდა, რის შემდეგაც სასტუმროში, კერძო წვეულებაზე მიიწვია. როგორც ქალი აღწერს, კომბსი მას “აბუჩად იგდებდა, საბოლოოდ კი გააუპატიურა“ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ სთხოვდა შეჩერებულიყო,“ – ციტირებს გამოცემა.
ტეხასელი ადვოკატის, ტონი ბაზბის თქმით, ის წარმოადგენს 100-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც გეგმავენ რეპერს სექსუალური ძალადობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ექსპლუატაციის გამო უჩივლონ.
ადვოკატის თქმით, “სავარაუდო მსხვერპლთა შორის არიან ბავშვები“.
- რეპერის სასამართლო პროცესი 2025 წლის 5 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ 54 წლის შონ კომბსის დაკავების შემდეგ, მისი ორგანიზებული წვეულებების შესახებ სხვადასხვა დეტალი გამოაშკარავდა. ითქვა, რომ ამ წვეულებებს სხვადასხვა “დაშვების დონე” ჰქონდა: ერთ დონეზე ესწრებოდნენ ვარსკვლავები, როგორიცაა ლეონარდო დიკაპრიო, სარა ჯესიკა პარკერი, კელი ოსბორნი, ჯეი ზი და ბიონსე, მერაია კერი და მისი ქმარი ნიკ კენონი, ტომი ლი და პამელა ანდერსონი, კიმ კარდაშიანი და მრავალი სხვა. ხოლო სხვა დონეზე, რომელიც “ფრიქ-შოუს” სახელით იყო ცნობილი, ხდებოდა უკანონო ქმედებები: ქალები და მამაკაცები ნარკოტიკებს იღებდნენ და მათ აიძულებდნენ სექსუალურ აქტებში მონაწილეობას.
პროკურორების თქმით, “ფრიქ-შოუს” მონაწილე ქალები იმდენად გადაღლილები იყვნენ სექს-მარათონებით, რომ მათ კათეტერების დადგმაც კი სჭირდებოდათ. ამჟამად რეპერი პატიმრობაშია: მოსამართლემ უარყო მისი თხოვნა 50-მილიონდოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.