შვედურმა გამოცემამ Expressen, ფეხბურთის ვარსკვლავის კილიან მბაპეს შესახებ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა.
გაზეთის ინფორმაციით, შვედეთის დედაქალაქის პოლიცია გაუპატიურების ქეისს იძიებდა იმ სასტუმროში, სადაც გასულ კვირას მბაპე, მისი რამდენიმე ნათესავი და პსჟ-ს ფეხბურთელი ნორდი მუკიელე იმყოფებოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ეჭვმიტანილთა ვინაობა არ დაკონკრეტებულა, რამდენიმე მედია სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ “მბაპე გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის საქმეშია ეჭვმიტანილი და მის წინააღმდეგ საქმე არის აღძრული.“
მბაპე სტოკჰოლმში 10 ოქტომბერს იმყოფებოდა. იმავე დღეს საფრანგეთის ნაკრებმა ისრაელის ეროვნულ გუნდთან ერთა ლიგის მატჩი (4:1) გამართა. თუმცა, “რეალის” ფორვარდი ნაკრებში არ გამოიძახეს, რათა ტრავმისგან აღსადგენად მეტი დრო ჰქონოდა. ფეხბურთელი და მისი თანმხლები პირები სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე რესტორანს ეწვივნენ, შემდეგ კი ღამის კლუბში წავიდნენ.
- გაუპატიურების შესახებ პირველი ცნობების გავრცელებისთანავე, მბაპემ ინფორმაციას “ფეიკი“ უწოდა.
“ფეიკ ნიუსი“ – წერს ფეხბურთელი გავრცელებული ინფორმაციის შესახებ.
პოლიციამ საქმეზე დეტალური კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.