„როდესაც იცი, რა გსურს და ამ სურვილს თან მოჰყვება შრომა, წარმატებაც უპირობოდ გარდაუვალია“ – ასეთია წარმატების ფორმულა ანდრეა არჩვაძისთვის, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში, 12-წლიან ემიგრაციაში, საკუთარ თავსაც და გარშემომყოფებსაც დაუმტკიცა, რომ ეს ფორმულა ეფექტიანად მუშაობს.
თავდაუზოგავი შრომისა და დაგროვილი გამოცდილების შედეგად, ანდრეა არჩვაძე დღეს აშშ-ში წარმატებული ბიზნესის მფლობელია – ნიუ-იორკსა და კონექტიკუტის შტატში მდებარე რესტორნებში – „Cheese and brad“, ქართული სტუმართმოყვარეობით მასპინძლობს ქართველ, ამერიკელ და უცხოელ სტუმრებს და ქართულ სამზარეულოსთან ერთად, ქვეყნის ისტორიასა და კულტურას აცნობს.
ემიგრაციაში გატარებულ წლებზე, წარმატებულ ბიზნესსა და სამომავლო გეგმებზე „Cheese and brad“-ის დამფუძნებელი, ანდრეა არჩვაძე „ფორტუნასთან“ საუბრობს.
33 წლის ანდრეა არჩვაძე პროფესიით ეკონომისტი და გენდერის მკვლევარია.
ემიგრაციაში წასვლა 12 წლის წინ გადაწყვიტა. უცხო ქვეყანაში, სრულიად მარტო, პირველ ნაბიჯებს „ფორტუნასთან“ იხსენებს და ამბობს, რომ თითოეულ ემიგრანტს საკუთარი რთული გზა აქვს გავლილი:
„ალბათ, არ არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერს თავიდან იწყებს და მისთვის ეს გზა მარტივია, განურჩევლად იმისა, ვინმე ხვდება უცხო ქვეყანაში თუ მარტო დგამს პირველ ნაბიჯებს.
მე აბსოლუტურად მარტო ვიყავი, არავისთან ჩავსულვარ. არც მეგობარი, არც ნაცნობი მყავდა იქ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცაზე უფრო მეტად მძიმე ან მარტივი გზა გავიარე.
ამერიკის გზა ისეთია, რომ თავის წილ, რაღაც ტიპის კარანტინს ყველას ატარებს. ნამდვილად არ იყო ადვილი, თუმცა არც იმას ვფიქრობ, რომ ამ ამბავში რაიმე ტრაგიკულია.
როდესაც რაღაც მიზანი გაქვს, ეს მოითხოვს შრომას, აშშ კი, პირდაპირი მნიშვნელობით, ის ქვეყანაა, სადაც მიზანს სწორედ შრომით მიაღწევ“, – ამბობს ანდრეა არჩვაძე.
უცხო ქვეყანაში ჩასულმა, თავდაუზოგავი შრომა დაიწყო და იპოვა საქმე, რომელმაც ყველაზე მეტად დააინტერესა.
გვიყვება, რომ საქართველოში სარესტორნო ბიზნესთან შეხება არასდროს ჰქონია. ამერიკაში ჩასვლისთანავე, მუშაობა ერთ-ერთ ქართულ რესტორანში დაიწყო, რასაც კიდევ რამდენიმე „ქართულ ბიზნესში“ საქმიანობა მოჰყვა, მოგვიანებით კი, ერთ-ერთ რესტორანში, მზარეულის დამხმარის პოზიციაზე დასაქმდა:
„სწორედ მაშინ გაიზარდა სარესტორნო სფეროს მიმართ ინტერესი. მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა. ეს მომწონდა და ყველაფერი ის, რაც ცხოვრებაში მანამდე მიკეთებია, თურმე საერთოდ არ მაინტერესებდა“.
ბიზნეს იდეა მალე რეალობად აქცია. საქმიანობა ბიზნესპარტნიორთან ერთად, 6 წლის წინ დაიწყო:
„გვქონდა 2 რესტორანი, რომელიც დღემდე „როიალ გარდენ თბილისის“ სახელწოდებით არის ცნობილი. მკაფიოდ ქართულ სეგმენტსა და პოსტსაბჭოურ ქვეყნებზე გათვლილი ბიზნესი გვქონდა, რამაც დიდი გამოცდილება მომცა. ეს ბიზნესი დღემდე არსებობს, უბრალოდ ჩემთან აღარ ასოცირდება.
როდესაც ერთი წლის წინ, ამ ბიზნესის დამოუკიდებლად გაკეთება გადავწყვიტე, მივხვდი, რომ ერთ რომელიმე სეგმენტზე გათვლილი არ უნდა ყოფილიყო. ვფიქრობდი, რომ ასე უფრო გაამართლებდა და… – შეიქმნა „cheese and brad“, – უყვება ანდრეა არჩვაძე „ფორტუნას“.
რესტორანს „Cheese and brad“ დღეს უკვე ორ ლოკაციაზე – ნიუ-იორკსა და კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნორფოლკში შეგიძლიათ ეწვიოთ. გვაქვს ქართული მენიუ, შესაბამისად, სტუმარს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი ქართული კერძი დააგემოვნოს, თუმცა სერვისი ამერიკელ მომხმარებელზეა მორგებული.
საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანდრეა ფიქრობს, რომ ქართველზე კარგად ქართულ კერძს ვერავინ ამზადებს. სწორედ ამიტომ, სამზარეულოში დასაქმებული ყველა თანამშრომელი საქართველოს მოქალაქეა, მთავარი მზარეული კი თავად ანდრეაა. ორივე ლოკაციაზე, სულ, 20-22 ადამიანია დასაქმებული. ამავე დროს, „Cheese and brad“-ს სერვისის სფეროში ამერიკის რამდენიმე მოქალაქეც ჰყავს დასაქმებული.
„სახელწოდებაზე ფიქრი რომ დავიწყე, მივხვდი, რომ მაინცდამაინც ქართულს არ უნდა დაჰკავშირებოდა. „Cheese and brad“ კი იყო იდეა, რომელიც ქართულსაც უკავშირდებოდა. ამ სახელმა ძალიან კარგად იმუშავა, რადგან ჩვენი ძირითადი მომხმარებელი ამერიკელია, ნებისმიერი ეროვნების წარმომადგენლისთვისაც ეს სახელი ერთნაირად აღიქმება.
5-წლიანი მუშაობა საკმარისი აღმოჩნდა დიდი გამოცდილება მიმეღო. არ ყოფილა რაიმე ტიპის პრობლემა ან ბარიერი, რომლის გადაჭრა ან გადალახვა შეუძლებელი იქნებოდა.
ამ მასშტაბის ქართული რესტორანი, როგორიც კონექტიკუტის „Cheese and brad“-ია, ამერიკაში ჯერ არ არსებობს.
ანდრეა არჩვაძე ამერიკელი სტუმრების შთაბეჭდილებებზე გვიყვება.
„ამერიკელი სტუმრების უმეტესობამ საქართველოს, მით უმეტეს, ჩვენი გასტროკულტურის შესახებ არაფერი იცის. გაცნობას ღვინით ვიწყებთ – ვეუბნებით, რომ ღვინის ქვეყანა ვართ, ამის შემდეგ კი ჩვენს გასტროკულტურას ვაცნობთ. ვცდილობ, სტუმრებთან მუდმივი კომუნიკაცია მქონდეს, ქართული მენიუ კი მაქსიმალურად ავთენტური იყოს, ამიტომ სპეციფიკური პროდუქცია (სუნელები) საქართველოდან ჩამოგვაქვს. ჩვენი ყველაზე პოპულარული კერძი ხაჭაპურია.
საქართველოს მიმართ ინტერესი იზრდება, როდესაც ჩვენი მომსახურე პერსონალი უხსნის – ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რას ვაკეთებთ, Google-ში საქართველოს ძებნას იწყებენ. მიღებული ინფორმაციით გაოცებული რჩებიან“.
ანდრეა არჩვაძე სამომავლო გეგმებზეც საუბრობს:
„გვინდა, სხვა შტატებიც მოვიცვათ. ამ ეტაპზე, გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები, რომ ჩვენი რესტორანი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში გავხსნათ. ამ მიზნით, იტალიას, მილანს ვსტუმრობდი, ასევე მივდივარ ბრიუსელში, დიუსელდორფში. კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს, თუმცა მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია“, – აღნიშნავს ანდრეა არჩვაძე.
საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც ემიგრაციაში პირველ ნაბიჯებს დგამენ, ანდრეა რამდენიმე რჩევას უზიარებს. ამბობს, რომ წარმატებისთვის ორი რამ არის საჭირო:
„უნდა იცოდე, ზუსტად რა გინდა და ამისთვის უნდა იშრომო.
როცა იცი, რა გსურს და ამ სურვილის მისაღწევად იშრომებ, წარმატება გარდაუვალია“.