მთავარმა არხმა“ იმ ახალგაზრდების ნაწილის ფოტოები და სახელები გაავრცელა, რომლებიც სავარაუდოდ, გუშინ “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. “მთავარი არხის” მიერ გამოქვეყნებულ პირთა სიაში არის ახალგაზრდა სახელად ლუკა თოფურიძე.
ლუკას დედა, ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი სინამდვილეში ნაცემი ოპერატორის დასახმარებლად მივიდა და კონფლიქტში ჩართული არ ყოფილა.
ლუკა თოფურიძე ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის ნოდარიკო თოფურიძის ვაჟია. ის რომ ნოდარ მაჭარაშვილი (ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი შვილიშვილი) ახალგაზრდის ბიძაა, ამას გამოქვეყნებულ ტექსტში ბიჭის დედაც აღნიშნავს
ნინო ბორჩხაძე:
ჩემი შვილი ლუკა, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც “ტვ-პირველის” ჟურნალისტებს უსწორდებიან სადისტები ფიზიკურად. ორივე ვიდეოში ჩანს, რომ ლუკას არც ნიღაბი უკეთია და თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობს. მერე ფეხზე აყენებს და მიდის. ის, ვინც უკნიდან ხელს ურტყამს, წამოდიო, არც მე ვიცი ვინაა და არც ლუკამ იცის. რადგან შავი მანტო აცვია, ალბათ იმან ჩათვალა, რომ “მისიანი” იყო. კი, ნოდარ მაჭარაშვილი ლუკას ბიძაა.
კორძაია (მთავარი არხის მიერ დასახელებული კიდევ ერთი პირი) ლუკას და ელენეს, ისევე, როგორც სხვა მილიონი ადამიანის შვილის მეგობარია. სწორედ მის სახლთან ხდება ეს ამბები. არც ტიტუშკაა ჩემი შვილი, არც ზონდერი, არც რომელიმე დაჯგუფების წევრი. არც მსგავსი უქნია არაფერი და რამდენი ნაკლიც არ უნდა ჰქონდეს, წაქცეულ კაცს არასდროს დაარტყამს და ამას არ იკადრებს.
ყველა ვიდეოში ჩანს, რომ ეხმარება. თავად ამ ხალხთან ხელჩართული ბრძოლა რატომ არ გამართაო, იმედია, ეს კითხვა არ გაუჩნდება არავის”.
ცნობისთვის, ბოლო დღეებში საქართველოში მიმდინარე აქციების ფონზე ხშირია ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები. 7 დეკემბერს ნიღბიანი პირები პირდაპირ ეთერში დაესხნენ თავს “ტვ პირველის” ჟურნალისტსა და ოპერატორს და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.