არასდროს დავნებებულვარ… მე რომ ინგლისური ვიცოდე, განათლება მქონდეს, კიდევ რამდენ რამეს გავაკეთებდი?! მე ეს არ მქონია და მინდა, ჩემს შვილებს მივცე…” – თამო ვაშალომიძე

ბიზნესვუმენი, მოდელი და ინფლუენსერი, ორი შვილის დედა თამო ვაშალომიძე “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში” საკუთარ განვლილ გზასა და წარმატების მიღწევის ისტორიას იხსენებს:

– ძალიან რთული პერიოდი გავიარე. საერთოდ მარტო ვიყავი. დედა მე არ მყავდა, მამა ჩემ გვერდით არ იყო. ძალიან რთულია, როცა მარტო ხარ. ახლა მეუღლე მყავს, მეგობრები, მაგრამ შინაგანი ბრძოლა გამომუშავებული მაქვს. სულ ვიბრძვი. იმიტომ კი არა, რომ კომფორტი არ მაქვს და ჩემი ქმარი ხელს არ მიწყობს, მინდა, სულ რაღაც ვაკეთო, არ გავჩერდე. მებრძოლი გავხდი… სულ რომ იახტები და სასახლეები მქონდეს, მაინც არ გავჩერდები. მუშაობა და განვითარება ძალიან მიყვარს… ადრე ბებია მყავდა ცუდად. მისი ხარჯები რომ დამეფარა და არაფერი მოჰკლებოდა, ეს იყო ჩემთვის პრიორიტეტი. ასევე, თავი მერჩინა, ქირა გადამეხადა, მეცხოვრა. 120 ლარს ვიცდიდი ქირას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც არ მქონდა ეს თანხა და სახლში სირცხვილით ვერ მივდიოდი. ვერ გადამიხდია და ქუჩაში გამითენებია. იყო ერთი ასეთი შემთხვევა – გადასახადზე 70 ლარი დამაკლდა და მითხრეს, რომ არ შემიშვებდნენ. ყველა კეთილი არ არის და ყველა ვერ გაგიგებს…

ორგან ვმუშაობდი და გადარჩენისთვის ვიბრძოდი. ჩემს ერთ-ერთ ბინის მეპატრონეს ჰყავდა მეგობარი, რომელიც მოდელად მუშაობდა. მან მითხრა, ძალიან ლამაზი გოგო ხარ, რატომაც არა, მოდელობა სცადეო. ცოტა პუტკუნა ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი. მთელი ცხოვრება რომ გეუბნებიან, რომ არ ხარ ლამაზი, ამას იჯერებ. ფიქრობ, რომ არავინ ხარ, უბრალოდ უნდა იმუშაო, თავი გადაირჩინო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გვერდით როგორი ადამიანები, სამეგობრო გვყავს. მივხვდი, რომ ვინც შინაგანად დისკომფორტს გვიქმნის, უნდა მოვიშოროთ…

“მის ბიკინი” იყო. თან ფეხზე პოდაგრა მქონდა და ძალიან მაკომპლექსებდა. ერთი 3 წელია, ეს კომპლექსი მოვიხსენი. ასეთი ვარ, ასეთი ფეხები მაქვს… რაღაც კომპლექსები ნელ-ნელა გადავლახე. ამაზე ჩემს თავთან ბევრი ვიმუშავე. მაშინ, კონკურსზე ფეხსაცმელებს არ ვიხდიდი, მრცხვენოდა და ვეუბნებოდი, რომ არ გადაეღოთ. აქედან დაიწყო… ჩემი თავი ნელ-ნელა შევიყვარე.

ბავშვობიდან ბევრს ვოცნებობდი. ხან ჟურნალისტობა მინდოდა, ხან – მომღერლობა. სმენა არ მქონდა და მომღერალი ვერ გავხდი… ჩემი სახის მოვლის ხაზის ევროპაში გატანა მინდოდა და, რა თქმა უნდა, ოცნებად მქონდა, როგორც ვენეციის კინოფესტივალზე, ასევე სხვადასხვა ღონისძიებაზე მოვხვედრილიყავი. ბევრი კარგი შემოთავაზება მაქვს და ამ სიახლეებზეც ვისაუბრებ. როდესაც უცხოეთში გადიხარ, შენს ბრენდს წარადგენ და იქ დაგაფასებენ, მერე საქართველოში შოუბიზნესში უფრო სხვანაირად გცემენ პატივს. ძალიან ბევრჯერ გადაცემების კულისებში გამარჯობასაც არ მეუბნებოდნენ და გული მწყდებოდა. ამიტომ, ყველას ვეუბნებოდი, რომ ჩემი პროდუქცია დაეტესტათ და მერე გაეკეთებინათ შეფასება. როცა ვიცი, რა არის კარგი, თავდაჯერებული და ამაყი ვარ. ზურგს უკან რომ მიწას გითხრიან და კონკურენტად გთვლიან, როცა არავის ვეხები, ჩემი გზა მაქვს, ჩემი კომპანია, ჩემი ცხოვრება მაქვს და უბრალოდ ამაზე ვმუშაობ 24 საათი, მივხვდი, რომ წინ კიდევ ბევრი გზაა… ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალზე პროდუქციის წარდგენა წინა წელსაც ვცადე და უარი მომივიდა. მაგრამ, მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც მარტივად ნებდება. წელსაც გავაგზავნე და აკრედიტაცია მომივიდა. ისეთი ბედნიერი ვიყავი, არ მჯეროდა… მინდოდა, ამაყად გამევლო. სადამდეც შემეძლო, მინდოდა, ქართული დროშა მქონოდა. წითელ ხალიჩაზე მხოლოდ მსახიობები და რეჟისორები არ დადიან. ცნობილ და წარმატებულ ბლოგერებსაც შეუძლიათ, გასვლა. ძალიან კარგი გუნდი მყავდა. ვიცოდი, რომ კაბა ძალიან კარგი მქონდა და ყურადღების ცენტრში ვიქნებოდი. იქ ყველას თავისი დრო აქვს, თუ როდის გავა წითელ ხალიჩაზე. 3 საათი დალოდება მომიწია. ყველამ რომ ფოტოების გადაღება დაიწყო, მივხვდი, რომ ლამაზად, განსხვავებულად ვიყავი და დავმშვიდდი. ვახშამზე ჩემი პროდუქცია წარვადგინე. ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი იყო და ვამაყობდი.

“ჰეითერებზე” არ ვბრაზდები. არ ვიცით, იმ ადამიანებს როგორი ცხოვრება აქვთ, როგორი წრე ჰყავთ, როგორი ქმარი, დედა ჰყავთ. შეიძლება, ცუდად არ ფიქრობენ, მაგრამ ვიღაცამ რომ ნეგატიური დაწერა, მას აჰყვნენ.

ჩემს წარმატებაში ჩემს ქმარს ძალიან დიდი როლი აქვს. უდიდეს მოტივაციას მაძლევს. ჩემი თავი უმაკიაჟო შემიყვარდა, როდესაც იქამდე სულ მაკიაჟს ვიკეთებდი და ფოტოებს ფილტრებით ვიღებდი. გამანამდვილა… კომპლექსები მომიხსნა. ჩემი დედამთილი სულ მხარში მიდგას, დაქალივითაა. ჩემი ოჯახი ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია. 5 წელია, ერთად ვართ. რა თქმა უნდა, პატარა პრობლემებიც გვაქვს, მაგრამ 5 წელი პატარა დრო არ არის.

არასდროს დავნებებულვარ. ხელი არასდროს ჩამიქნევია. იმ პატარა თამოს რა ვუთხრა, მარტო რომ იყო?! ამდენი იშრომა, ამდენი რამ გადაიტანა, იბრძოლა და რაღაც პრობლემის გამო არ მაქვს უფლება, შრომა წყალში ჩავყარო. ამ წელს 5 დღეც კი არ დამისვენია – არ მაქვს უფლება, რომ გავჩერდე. ზოგი ადამიანი ბედნიერ ოჯახში იბადება. მშობლები ჰყავს, ფინანსურად მყარად არიან. ზოგს ნათესაობა ჰყავს, გავლენა, ნაცნობობა აქვს. მე არავინ მყოლია. ყველა მაბულინგებდა… მე არავის ვეხები – ნუ მტკენ გულს. ჩემი ხაზი მაქვს, ჩემს ხაზს მივყვები… ჩემს თავს ყოველთვის ვეუბნები: “არა უშავს, თამო!” ბუმერანგის მჯერა. ადამიანებს კარგიც და ცუდიც უკან უბრუნდებათ. მინდა, რომ ჩემს სოფიასა და მაქსიმეს განათლება მივცე, რაც მე არ მქონია. მე რომ ინგლისური ვიცოდე, განათლება მქონდეს, კიდევ რამდენ რამეს გავაკეთებდი?! მე ეს არ მქონია და მინდა, ჩემს შვილებს მივცე. ჩემმა შვილებმაც უნდა დაინახონ, როგორია შრომა. ყველას შრომა დააფასონ, ამპარტავნულად არავის დაელაპარაკონ, ქედმაღლურად არ მოიქცნენ… რაც არ უნდა კარგი დედა ვიყო და შვილებს არაფერი მოვაკლო, დროის დეფიციტი მაინც გვაქვს. მაგრამ, როდესაც ბავშვებთან ვარ, ტელეფონს ვდებ და სრულად მათთან ვარ. მკაცრი დედა არ ვარ – უფრო მეგობარი ვარ. მინდა, მომიყვნენ, ბაღში, სკოლაში რა ხდება. შენიშვნის მიცემაზე მეც ვტირი…

ყველასი მადლიერი ვარ, ვინც გაჭირვების დროს დამხმარებია. სახლიდან რომ წამოვედი, ჩემს მეგობართან ვიყავი. მუშაობა მეორე დღესვე დავიწყე. 15 წლის გოგო მიმიღო და მხარში ამომიდგა. პირადობაც კი არ მქონდა. ჩემი მეუღლის მადლიერი ვარ იმიტომ, რომ ბევრი რაღაც მასწავლა. ბიზნესიდან დაწყებული, ყველაფერი მასწავლა, რაც შეიძლებოდა. ჩემი დედამთილის, მამამთილის მადლიერი ვარ. სკოლიდან დაწყებული ოჯახით დამთავრებული ყველა მაბულინგებდა და ძლიერი არ ვიყავი. შემდეგ, გავძლიერდი. ინგლისურის მასწავლებელთან დავდივარ და ყველა მომენტს მაქსიმალურად ვიყენებ. დღემდე ვსწავლობ და საკუთარ თავს ვქმნი. ამ ცხოვრებაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გვინდოდეს და ბოროტები არ ვიყოთ. ადამიანები რომ იცვლებიან, ხასიათიც ეცვლებათ, ყველას ზემოდან უყურებენ. მაგრამ, ცხოვრება ისეთია, შეიძლება, უკან დაგაბრუნოს და შენი განვლილი გზის არ უნდა შეგრცხვეს.