პარატაეკვანდოისტი ლიკუნა ჩაჩიბაია „დღის პოსტის“ სტუმარი იყო.
პარაოლიმპიელმა მისი ცხოვრების რთულ პერიოდზე ისაუბრა, 2012 წელს 16 წლის ლიკუნა კორპუსის სახურავიდან გადმოვარდა და საბედნიეროდ გადარჩა.
„კომიდან გამოსულს არავინ მეუბნებოდა, რომ ხელი არ მქონდა, ეშინოდათ, ცუდად არ მიმეღო და თავისთვის რამე არ დამეშავებინა. იმ წამიდან დავიწყე სტერეოტიპების მსხვრევა. მახსოვს, აქეთ იქით მედგნენ, დაბმული ვიყავი და ჩურჩულებდნენ, არ იცისო.. არადა ყველაფერი ვიცოდი. ფილმებში რომ ხდება, სუსტად ისე იყო ყველაფერი. ზემოდან ვუყურებდი ჩემს თავს.
ვთქვი, დედა შემოვიდეს-მეთქი.. მშვიდად ვკითხე, დე, რატომ არ მითხარი, რომ ხელი არ მაქვს, რატომ მიმალავთ-მეთქი. დედას, რა თქმა უნდა, გაუხარდა, რომ ამ ამბავს ასე მშვიდად შევხვდი. მაგრამ მე ხომ ამ სიმშვიდემდე სიკვდილთან ბრძოლა გამოვიარე. მე თუ გადავრჩებოდი, ამ ყველაფერს ყურადღებას არ მივაქცევდი. ეს ყველაფერი 2012-ში მოხდა. დღემდე დღე არ ყოფილა ჩემ ცხოვრებაში და არ მითქვამს, რატომ მე, რატომ ღმერთო და პრეტენზია არ მქონია. დღემდე ვთვლი, რომ შეიძლება ხელი დავთმე, მაგრამ ძალიან კარგი ცხოვრება მაქვს და ამ ყველაფრის გარეშე, წარმატებას ვერ მივაღწევდი“- ამბობს ლიკუნა.