გამთენიისას ჭავჭავაძეზე შეკრებილი პროტესტანტები, რომლებიც ღამეს კარვებში ათევდნენ სამართალდამცავებმა დაშალეს.
შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ორი დღის განმავლობაში მომიტინგეებს ჰქონდათ გადაკეტილი, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
გადავხედოთ ღამის ქრონიკას და ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს .
გამთენიის 5 საათამდე ტერიტორიაზე სიმშვიდე იყო, ადგილზე რჩებოდა პროტესტანტთა არც ისე დიდი რაოდენობა.
სამართალდამცავები ჭავჭავაძის გამზირზე და რამიშვილის ქუჩის მიმდებარედ სამართალდამცველთა მობილიზაციაა ჭავჭავაძის გამზირზე სამართალდამცველთა მობილიზაცია დაახლოებით 5 საათისთვის დაიწყო,
სამართალდამცავი უწყების თანამშრომლები, სავარაუდოდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები იყვნენ, რომლებსაც სახე ნიღბებით ჰქონდათ დაფარული.
ასევე, სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზება შეინიშნებოდა რამიშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარედ. ადგილზე მობილიზებული იყო 30 – ზე მეტი ავტობუსი.
როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, სავარაუდოდ, ემზადებიან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით გასასვლელად.
- შსს-ს გაფრთხილება
დაახლოებით 05:45 წუთზე შსს-მა ჭავჭავაძის გამზირზე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდა, დაემორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
.
შსს-ს განცხადების თანახმად, მანიფესტაციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიეცათ 15-წუთიანი ვადა, რათა გაეთავისუფლებინათ დაკავებული ტერიტორია. სავალი ნაწილის გახსნისა და ტრანსპორტის მოძრაობის აღსადგენად. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს.
მალევე სამართალდამცველებმა, რომლებიც ვაკის პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.
სამართალდამცავებთან ერთად, ადგილზე გამოჩნდა რამდენიმე წყლის ჭავლის მანქანა, ასევე, რამდენიმე სახანძრო-სამაშველო მანქანა.
მომიტინგეებმა ჭავჭავაძის გამზირის იმ მონაკვეთზე, სადაც სპეციალური დანიშნულების რაზმი იყო განლაგებული, ნაგვის ურნების საშუალებით ბარიკადები აღმართეს.
პოლიციელები აქციის მონაწილეებს დაშლის შესახებ აფრთხილებდნენ. სამართალდამცველებს ოპოზიციის ლიდერები ელენე ხოშტარია და ნიკა მელია გაესაუბრნენ. პოლიციამ მათ ჭავჭავაძის გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
მალევე სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გაწმენდა დაიწყეს. სამართალდამცავებმა დაშალეს კარვებიც. ასევე, ევაკუატორით გაიყვანეს ადგილზე განთავსებული მანქანები, რომლითაც გზები იყო გადაკეტილი.
დაახლოებით 7 საათისთვის თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია სრულად სამართალდამცავებმა დააკავეს. საპოლიციო ძალები, მათ შორის სპეცრაზმი განთავსდა,როგორც ჭავჭავაძის გამზირის დასაწყისში, ისე ვარაზისხევზე, კეკელიძის ქუჩასა და მელიქიშვილის გამზირზე.
თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა კი ჭავჭავაძის გამზირზე დასუფთავების სამუშაოები დაიწყო.
სპეცრაზმმა ნელ-ნელა ტერიტორია დატოვა, ადგილზე მხოლოდ პოლიციელები დარჩნენ. ტერიტორიიდან გაიყვანეს წყლის ჭავლისა და სახანძრო-სამაშველო ავტომობილებიც.
- დაკავებები მელიქიშვილზე
მალევე, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.
ეს მას მერე მოხდა” რაც პოლიცია მელიქიშვილის გამზირზე გამოჩნდა და მომიტინგეებს გამზირის დატოვებისკენ მოუწოდა.
დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის, “მთავარი” არხის ოპერატორი სერგი ბარამიძე, რომელიც იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ვიდეოკამერით მიმდინარე მოვლენებს – კონკრეტულად კი, დაპირისპირების ერთ-ერთ შემთხვევას იღებდა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დაკავებისას ოპერატორზე ფიზიკურად იძალადეს.
იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების მცდელობაც.
უფლებადამცველების ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე სულ 11 პირი დააკავეს.
ოპოზიციის ერთ ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას თქმით, აქციები კვლავ გაგრძელდება.
“აქციები ისევ გაგრძელდება, სხვა ადგილას ან ისევ ჭავჭავაძეზე – ჩვენ ძალის გამოყენების გარეშე გავათავისუფლებთ ამათგან ამ ქვეყანას”, – განაცხადა მან.
სამართალდამცავებმა მელიქიშვილის გამზირზე კორდონი შექმნეს. აქციის მონაწილეები კვლავ გამზირზე რჩებიან.