„ძველი შეყვარებული მესიჯს მიფრიალებს, სადაც ვწერ, რომ ქმარი არ მიყვარს”

საშიშ სიტუაციაში ვარ. მგონია, რომ ადამიანების ჯგუფმა პირი შეკრა და ყველას ერთად ჩემი გაუბედურება, ჩემი ოჯახის დანგრევა სურს. არ ვიცი, ასე რატომ გადამემტერენ. ერთადერთი, რაც შეიძლება ამის მიზეზი იყოს, ეს არის შური, თორემ მე მათთვის არაფერი დამიშავებია.

მყავდა შეყვარებული, რომელიც მიყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობა ვერ გავაგრძელე, რადგან ძალიან ცუდად იქცეოდა. ურთიერთობის დასაწყისში თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე თავისი ცუდი ჩვევები გამოამჟღავნა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ გრძნობა მქონდა, მაინც გავშორდი. ეს არ ყოფილა იოლი, რადგან მისგან მუდამ იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, ცდილობდა, დავბრუნებოდი, მაგრამ თავს მოვერიე და შერიგება არ დავუშვი.

ამასობაში ჩვენს ოჯახში გამოჩნდა მაჭანკალი, რომლის ნათქვამმაც ჩემი მშობლები ძალიან მოხიბლა. მითხრეს, რომ ეს ბიჭი უნდა გამეცნო და მოწონების შემთხვევაში ცოლად გავყოლოდი. ამის გაგონება არ მინდოდა. ისტერიკები გავმართე, ამას როგორ მიბედავთ, გარიგებით არასოდეს გავთხოვდები-მეთქი.

ერთ დღესაც ეს მაჭანკალი სასიძოსთან და მის მშობლებთან ერთად სახლში დაგვადგა თავზე. მე არ ვიცოდი და იძულებული გავხდი, გამეცნო, დავლაპარაკებოდი. როგორც შემდეგ მითხრა, ჩემით ისე მოიხიბლა, დანახვის წამიდან გადაწყვიტა, რომ ჩემთვის იბრძოლებდა და არავითარ შემთხვევაში არ დამთმობდა. მე ახალი დაშორებული ვიყავი შეყვარებულთან, შინაგანი ბრძოლები მქონდა. ხან ვფიქრობდი, რომ გათხოვებით შურს ვიძიებდი, ხან ვფიქრობდი, რომ ამით უფრო ადვილად ჩამოვიშორებდი, ხან კი სასიძოს თავიდან მოშორება მსურდა, მაგრამ ძალიან იაქტიურა, ჩემებმაც თავისი გაიტანეს და ცოლად გავყევი.

ისე გავთხოვდი, ქმარი არ მიყვარდა. ერთად ცხოვრების დროს კი ისეთი სიყვარული მოვიდა ორივესთან, რომ დღემდე ერთმანეთზე ახლობელი და საყვარელი ადამიანი არავინ გვყავს. ორი შვილი გვყავს და ყველასთან ხმამაღლა ვამბობ, რომ შვილები და ქმარი ერთ დონეზე მყავს დაყენებული, მათზე ნაკლებად ქმარი არ მიყვარს.

ეს სიყვარული კი ისე ვერ მოვიდოდა, მისი სულისკენ რომ არ გამეკვალა გზა. მივხვდი, რომ უზომოდ კეთილი, ძლიერი, სუფთა სულის ადამიანი იყო. თავდავიწყებით შემიყვარდა. 6 წელზე მეტია, ერთად ვართ და ამ 6 წლიდან ყოველი დღე ჩემთვის ბედნიერებაა.

გათხოვების შემდე, ძალიან მალე დაქალმა მომწერა, როგორ ხარო. მოგეხსენებათ, პატარძლისთვის რამდენი სტრესი არსებობს. მეგონა, რომ ცხოვრება დამენგრა, მომავალი აღარ მქონდა. დაქალთან ჩემი ემოციები ამოვაფრქვიე და მივწერე, რომ ქმარი არ მიყვარდა. ყოფილ შეყვარებულს ვლანძღავდი, ის რომ ცუდად არ მომექცეოდა, არ გავშორდებოდი, ახლაც მის გვერდით ვიქნებოდი და ბედნიერად ვიცხოვრებდით-მეთქი.

ეს სისუსტე ერთადერთხელ გამოვავლინე. მეგონა, ეს სიტყვები წინ არასოდეს დამხვდებოდა, მაგრამ შევცდი. დამხვდა და თან წლების შემდეგ, როცა არც ველოდი და არც წარმომედგინა. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ძველი შეყვარებული, რომელმაც ჩემი დაქალისთვის მიწერილი ის მესიჯი ამიფრიალა. “ფეისბუქში” სქრინი ჩამიგდო და მომწერა, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ, ცოლს გავეყარე, რადგან შენ მიყვარხარ, შენს შვილებთან ერთად მიგიღებო. დავბლოკე, მაგრამ მერე შანტაჟი დამიწყო, რომ ტელეფონზე მაინც დამირეკავდა ან მომწერდა, ამიტომ მერჩივნა, ,,ფეისბუქით” გველაპარაკა.

მაშინვე დაქალს მივუვარდი. ვუთხარი, ეს მესიჯი მასთან როგორ მოხვდა-მეთქი. მითხრა, ვერ ვიხსენებ, მაგრამ მაშინ ისეთ მდგომარეობაში იყავი, ალბათ შენი დახმარება ასე გადავწყვიტე, ოჯახიდან შენი გამოხსნა მინდოდაო. ეს არის ტყუილი, რადგან ვიცი, რომ დიდი ხანი არ არის, რაც ამ მესიჯის სქრინი მისცა. ყელში ვეცი, ორი შვილის დედას ამას როგორ მიბედავ-მეთქი. ორი შინაბერა და ჰყავს და ორივე თმაში მწვდა, უარესის ღირსი ხარო. ძველმა შეყვარებულმა და დაქალმა სხვებიც ჩაითრიეს ამ ჭორებში. ზუსტად ვიცი, რამდენიმე ადამიანი ჩაითრიეს ამ სიბინძურეში და ყველა ერთად ცდილობს, ბედნიერება წამართვან, მაგრამ ვერ ეღირსებიან!

მზად ვარ, ჩემს ქმარს სიმართლე ვუთხრა. მან იცის, რომ თავიდან არ მიყვარდა და ისიც იცის, რომ ახლა თავდავიწყებით მიყვარს. ეს მისთვის უცხო არ არის, რადგან დიდი სიყვარული მასთანაც თანაცხოვრებისას მივიდა. მე მხოლოდ ერთადერთი რამის მეშინია, ჩემმა ქმარმა რომ ეს გაიგოს, ჩემს ძველ შეყვარებულს არ აცოცხლებს და დაქალსაც ზედ მიაყოლებს. მეშინია, რომ ამგვარმა დაპირისპირებამ ჩემი ოჯახი არ შეიწიროს.