პროკურატურა ბრალდებას დაუმძიმებს პირს, რომელმაც საგარეჯოში არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი კლინიკაში გარდაიცვალა
საქართველოს პროკურატურა, საგარეჯოში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, დაზარალებულის გარდაცვალების გამო ბრალდებას დაუმძიმებს.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, საგარეჯოში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს განსაკუთრებული სისასტიკით, სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებებით დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“სამართალდამცველებმა ბრალდებული 12 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა) და იმავე კოდექსის 19, 109-ე მუხლის “თ“, “კ“, “მ“, “პ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა.
დაზარალებული მიღებული დაზიანებების შედეგად 21 ნოემბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.