თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში, 2 ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. 23 წლის ლაშა მინდელი და 26 წლის ელენე ძინძიბაძე, სავარაუდოდ, წინადღის გარდაცვლილები იყვნენ. ხმაური მეგობარმა მას შემდეგ ატეხა, როცა ლაშა მის სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა. არც ნაქირავებ ბინაში მისულს გაუღო კარი, ამის შემდეგ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა… ლაშა მინდელი წყალტუბოს სოფელ გეგუთში ცხოვრობდა, დედისერთა იყო, თბილისში მუშაობდა. რაც შეეხება ელენეს, ის სამი მცირეწლოვანი შვილის დედაა. მართალია, სოცქსელში მეგობრები გაზით ინტოქსიკაციაზე საუბრობენ, მაგრამ შსს-ში ადასტურებენ, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკით ზედოზირება გახდა. იმავე დღეს ბატონმა ზურაბ სიხარულიძემ სოცქსელში დაწერა, რომ ბაზარზე ისევ გამოჩნდა ფენტალინით დაბინძურებული ნარკოტიკული ნივთიერებები.
– ერთხანს ცოტა შენელდა მსგავსი შემთხვევები, მაგრამ ახლა ისევ გააქტიურდა. ოფიციალური სტატისტიკა, ზუსტად რამდენი ადამიანია ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვლილი, არ ვიცით, მაგრამ როცა ქვეყანაში სიტუაცია მძაფრდება, ჩვეულებრივ, ნარკოტიკების მოხმარებაც იზრდება. ბევრი ნარკოტიკს ისე მოიხმარს, არც იცის მისი შემადგენლობა. რამდენიმე თვეა არ გამიგია ინფორმაცია ფენტალინის მოხმარებაზე, თუმცა ბოლო გახმაურებულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ პრობლემა კვლავ მწვავეა.
– შსს-ში ადასტურებენ, რომ მათი გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკები იყო.
ფაქტია, ნარკოტიკია. როცა ასეთი ტიპის ზედოზირება ხდება, იქ ოპიატები ფიგურირებს. გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან და ეს ადასტურებს, რომ ისინი არ იყვნენ წამალდამოკიდებულები, მაგრამ, როგორც ჩანს, იყვნენ მომხმარებლები.
– რატომ ვერ ერევა სახელმწიფო ამ პრობლემას?
– იმიტომ, რომ არა გვაქვს სწორი ნარკოპოლიტიკა. რაც არის, რეპრესიულია, მომხმარებელზე ორიენტირებული. დაკავებული არიან უმეტესად მომხმარებლები და თითო-ოროლა რეალიზატორი. იჭერენ მათ, ვინც კურიერია და არა მიმწოდებელი. ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო არაფერს შვრება, მაგრამ მიდგომა უნდა იყოს სხვანაირი. მთავარი მიზანი უნდა იყოს პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია. საჭიროა პროგრამები, გადაცემები, მაგრამ ასეთი არაფერი ხდება.
როცა ქვეყანაში სიტუაცია არასტაბილურია, სწორედ მაშინ უამრავი ადამიანი ითბობს ხელს, ვინც ჩამოსულია, ის ასაღებს, ამას ემატება შემოტანის გზები და ა.შ.
– ამ რაოდენობის ნარკოტიკი როგორ ხვდება ქვეყანაში?
– შეიძლება პრეკურსორები შემოდის, რომლებიც არ კონტროლდება და შემდეგ აქვე ამზადებენ, მინიმალური დანახარჯით აქცევენ ნარკოტიკად. მერე მიდის დასაწყობება. შეიძლება დღეს ბაზარზე რაც არის, ის სამი წლის წინ დამარხული ნარკოტიკები იყოს, რომლებიც დღეს “გააცოცხლეს”.
უზარმაზარი ქსელები არსებობს. რომ გახსნი სოციალურ ქსელს, ტელეგრამს, ვოცაპს, ვაიბერს, ყველგან ნარკოტიკის შემოთავაზებაა. ეს არ არის მარტო ჩვენი ქვეყნის პრობლემა, იგივე ხდება აშშ-ში, ევროპაში, რუსეთში ხომ საერთოდ კატასტროფაა, მეფედრონისა და ასეთი ტიპის ნარკოტიკების ბუმია. როცა სოციალურად არასტაბილური სიტუაციაა რეგიონში, ამხელა მიგრაცია, ომებია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნარკობიზნესის შავი ბაზრის გააქტიურებას.
– თქვენ დიდი კამპანია დაიწყეთ სოცქსელში, ყოველდღე უხსნიდით საზოგადოებას, რა საფრთხის შემცველია ნარკოტიკი, ბევრი გეხმიანებოდათ, რა პრობლემებზე საუბრობენ ისინი?
– ბევრად მძიმე შედეგი მივიღე, ვიდრე ველოდი. არ მეგონა, თუ ამდენი ადამიანი იყო ასე დაზიანებული. “ფეისბუქში”, ძირითადად, მაინც შუახნის ხალხია, ახალგაზრდები უფრო “ტიკ-ტოკზე” არიან. იქ იმხელა გამოხმაურება აქვს ამ თემას, ისეთ დეტალურ ინფორმაციას ითხოვენ და იმდენად ბევრი ადამიანია, რომ რთულია მარტო ერთი კაცისთვის ამის გაკეთება. ამას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი, ერთი ტელეგადაცემა მაინც უნდა არსებობდეს ამ თემაზე. სკოლაში პროგრამები უნდა იყოს, რათა მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ახალგაზრდებს. ყველაზე დაზიანებული 15-დან 30 წლამდე ასაკია. რაც მთავარია, ახალგაზრდები არ თვლიან, რომ ისეთი ნარკოტიკის მოხმარება, როგორიც სტიმულატორებია, ზიანის მომტანია. თავიანთი თეორიები აქვთ.
კიდევ სხვაა ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი. ეს არის კატეგორია, რომელიც ექიმების თვალთახედვის არეში არ ხვდება მანამდე, სანამ არ დადგება უმძიმესი გართულება, ან სუიციდი, ან ფსიქოზი. ჯანდაცვის სისტემაც არ არის მზად ამ ყველაფრისთვის. სულ მიდის საუბარი რეფორმაზე, მაგრამ ვერ დადგა მომენტი, რომ გატარდეს. რაც არის ამ სფეროში, ის მონაპოვარიც იკარგება, ვერ ვახერხებთ გამოყენებას, რადგან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.
– ამბობთ, რომ ისევ გამოჩნდა ბაზარზე ფენტალინი. იქნებ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ აუხსნათ, რა რისკის შემცველია?
– ფენტალინი არის ოპიატი, რომელიც იწვევს ზედოზირებას, ჩერდება სუნთქვა, გული და ვითარდება სიკვდილი. როცა ფენტალინი სტიმულატორშია შერეული, თავიდან სტიმულატორივით იწყებს მოქმედებას, მერე ადამიანი გადაჰყავს ძილიანობაში, რომლის დროსაც ვითარდება სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ადამიანი გონებას კარგავს, კომაში გადადის და მძიმე შედეგით, ლეტალურად მთავრდება.
ახალგაზრდები უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ სიცოცხლეს და არ მოიხმარონ ისეთი ნარკოტიკი, რომელიც არ იციან, რა არის. ზოგი ფიქრობს, ერთხელ გასინჯვით რა უნდა მომივიდესო, მაგრამ იცოდეთ:
ამ სცენარს აქვს სამი გამოსავალი: პირველი – ის, რაც ინტერნეტით გამოიწერე, შეიძლება სულ სხვა რამ აღმოჩნდეს, დაბინძურებული იყოს ფენტალინით და ეს “გულაობა” დასრულდეს ზედოზირებით, უეცარი სიკვდილით. შეიძლება ვინმესთან ერთად მოიხმარე და მან იცის, რომ პრობლემის შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა დარეკოს 112-ში და თუ მოგისწრებს სასწრაფო, გაგიკეთებს “ნალოქსონს” და გადარჩები, ხომ კარგი, მაგრამ სულ უნდა გახსოვდეს, რომ ზედოზირება იწვევს სუნთქვის გაჩერებას. “ნალოქსონი” უნივერსალური ანტიდოტია ოპიატებისთვის ზედოზირების დროს და შეიძლება გადარჩე, მაგრამ ისიც უნდა იცოდე, რომ ასეთ “გულაობას” მოსდევს ჰალუცინაციები, შფოთვა, ფორიაქი, აღგზნება, შეიძლება აგიწიოს წნევამ, განვითარდეს ინსულტი, ინფარქტი – სტიმულატორების მოხმარების დროს ეს მეორე გართულებაა. შეიძლება დაგემართოს ისეთი ფსიქოზიც, რომ აღმოჩნდე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში; და მესამე სცენარი – შეიძლება არაფერი მოგივიდეს ერთი მოხმარებით, მაგრამ ერთს შეიძლება მეორე მოხმარება მოჰყვეს, მეორეს მესამე და გახდე წამალდამოკიდებული. შეიძლება გაგიჩნდეს მძიმე ფორმის დამოკიდებულება და ისე მოგეწონოს ეს მდგომარეობა, რომ ნარკოტიკის მოხმარების გარდა, არაფერი იყოს შენთვის საინტერესო.
საბოლოოდ გიზიანდება ჯანმრთელობა, გაგიფუჭდება ურთიერთობა ოჯახთან, მეგობრებთან. დაფიქრდით, სანამ მოიხმართ ნარკოტიკს. მერწმუნეთ, სხვა გართობა ჯობია – მუსიკა, მოგზაურობა. ახალგაზრდებო, სიცოცხლეს ნუ დააყენებთ რისკის ქვეშ.
ამ სფეროს მიხედვა სჭირდება, არ შეიძლება ნარკოპოლიტიკა ყურადღების გარეშე დარჩეს. ვითარება უმძიმესია. მხოლოდ რეპრესიული მეთოდები არ არის სწორი გზა, არსებობს უამრავი ქვეყნის გამოცდილება და გამოვიყენოთ ისეთი გზები, რომლებიც ზიანს ამცირებენ. ნარკოტიკების პრობლემასთან ბრძოლა სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იქნეს აყვანილი.
– ბევრი ოჯახი მალავს, რომ მისი ოჯახის წევრი ნარკოტიკით დაიღუპა. უნდა გახმაურდეს თუ არა ასეთი ფაქტები?
– აუცილებლად უნდა გახმაურდეს, რათა საზოგადოებამ გაიგოს და ბევრისთვის ეს მწარე მაგალითი გახდეს. ზემოხსენებულ ფაქტამდე, 3 კვირაში გარდაცვალების 5-6 შემთხვევა იყო. ვინ იცის, კიდევ რამდენი დაიმალა. ჩქმალავენ, იმიტომ, რომ კანონია ასეთი. ექსპერტს ფაქტის გახმაურების უფლება არ აქვს, თუ ოჯახი უარზეა. ოჯახი კი არ ახმაურებს, იმიტომ, რომ ძალიან ძლიერი სტიგმაა ამასთან დაკავშირებით. არავის არ უნდა გაგება იმისა, რომ ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს. მარტო 60 000-მდე ინიექციური მომხმარებელია და ეს ციფრებად რჩება. იმის დამდგენი ლაბორატორიებიც არა გვაქვს, თუ რომელი ნარკოტიკი რა ნივთიერებაა. სრულ სიბნელესა და სიყრუეში ვართ. არც იმის სტატისტიკა არსებობს, კლუბურ ნარკოტიკს რამდენი კაცი მოიხმარს. ასე ნადგურდება ოჯახები, გვეღუპებიან ახალგაზრდები, ობლად რჩებიან მათი შვილები.