პირველი ინტერვიუ “შაბათის ეთერის” გამომძიებელთა გუნდის წევრთან, მარიამ გაფრინდაშვილთან, რომელიც 30 ნოემბერს აქციაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მძიმედ დაშავდა.
მარიამმა “ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა” რამდენიმე საათის წინ დატოვა.
ჟურნალისტი დეტალურად ჰყვება, რა მოხდა რუსთაველის გამზირზე, როცა სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა დაიწყო.
მარიამ გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ჩიტაძის ქუჩაზე “ხარებას” ელიტური დაჯგუფების წევრები იდგნენ, პერიოდულად იყენებდნენ წიწაკისა და მხუთავი აირის ბალონებს, მას შემდეგ კი რაც ისინი მოქალაქეების მისამართით დაიძრნენ, მას თავის არეში მძიმე საგანი მოხვდა.
გაფრინდაშვილს აქვს გონივრული ეჭვი, რომ დაპირისპირების პროვოცირებას ადგილზე მიყვანილი ე.წ. ტიტუშკები ახდენენ.
უნდა ითქვას, რომ როდესაც ჩიტაძის ქუჩაზე დაიწყო შეტაკებები, იქ გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, შემდეგ უკვე ცრემლსადენი გაზი. ადგილზე იდგა ე.წ. ელიტური დანაყოფი, “ხარებას” ელიტური დაჯგუფების წევრები, რომლებიც რობოკოპების წინ დგანან იმისთვის, რომ სამიზნეები აირჩიონ, გალახონ და შემდეგ უკვე კორდონი გაატარონ. როდესაც გდდ-ს თანამშრომლები დაიძრნენ, მე მათთან ერთად ვიყავი, რადგან მე და ჩემი ოპერატორი ამ კადრებს ვიღებდით. არ შემიძლია ვთქვა, რომ სპეცრაზმმა მე მცემა. ასეთი რამ არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ხელით შეხება არ ყოფილა, თუმცა დაიწყო არეულობა, შეტაკებები და ჩემი აზრით, თავის არეში ძლიერი საგანი მომხვდა, – თქვა მან.