ვითხოვ სმენას, გაგონებას, უპირობო სოლიდარობას და შეუვალ ბრძოლას!“ – გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუა აქციაზე მომხდარი მძიმე ინციდენტის შესახებ წერს და საქართველოს პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართავს.
ზარქუა ჰყვება დეტალებს, თუ როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ექიმს, რომელიც აქციაზე შეკრებილთა დასახმარებლად იყო გასული.
- ეს არის ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ვატო გვაზავა. მაგარი ტრავმატოლოგი და უმაგრესი ადამიანი. მის ისტორიას მოვყვები და რა ვიცი აბა, დანარჩენს თავად მიხვდებით.
გუშინწინ ორი გოგო ნახა დაგდებული დარბევის შემდეგ. მივარდა ბეტადინებით, ექიმური მოვალეობის აღსასრულებლად. ამ დროს მივარდნენ უსისხლოები და დაუწყეს ცემა. აქვე ყურადღებით – ექიმია რას შვრებითო როცა დაიყვირა მისმა მეგობარმა, შეფ რა ვქნათო გასძახეს უფროსს ცოფიანმა ძაღლებმა და მაგ შეფის ჩართულობით ასჯერ მეტად სცემეს მას შემდეგ რაც გაიგეს რომ ექიმი იყო.
ცემის დინამიკა ასეთი იყო: რობოკოპებიანი ერთი “მარშუტკა“, გონების დაკარგვა. მეორე “მარშუტკა“ – ისევ გონების დაკარგვა. აქვე გაითვალისწინეთ, რომ ვატო ჯანზეა და გონების დაკარგვინება არაა მარტივი ამბავი.