ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, 3 დეკემბრის ღამეს, საპროტესტო აქციაზე დაშავებული 22 წლის ალექსი თირქია, რომელსაც ინგოროყვას კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ, დღეს ინტენსიურ განყოფილებაში გადაჰყავთ.
„ალექსი ბოლომდე გამოვიდა კომიდან
დღეს გადაჰყავთ უკვე ინტენსიურში.
ფრაგმენტული მეხსიერების პრობლემები აქვს, მაგრამ ექიმები ამბობენ რომ დრო და რეაბილიტაცია სჭირდება“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აქციაზე დაშავებულმა 22 წლის ბიჭის მამიდამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ალექსი თირქიამ მედიკამენტოზური ძილიდან გაიღვიძა, ეკა თირქია „ფეისბუქზე“ წერდა, რომ ალექსი „რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე“ მდგომარეობაში.
ცნობისათვის, ალექსი თირქია 3 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დაშავდა. ექიმების განცხადებით, პაციენტი საავადმყოფოში სკალპის ღია ჭრილობით, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობით, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანებით და თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებით შეიყვანეს.