ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა” – რას იხსენებს თიკა ფაცაციას დედა

თიკა ფაცაციას დედა, მანანა ცხაკაია ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს თავისი ცხოვრების ტრაგიკულ ეპიზოდს, როდესაც მისი ვაჟი გარდაიცვალა:

„იმ ზაფხულს ჩემი ვაჟი პიონერთა ბანაკისთვის გავიმეტე, როგორც მერე მითხრეს, ბანაკშიც გამორჩეული იყო, აქტიურობდა. არ ვიცი, იმ საშინელ დღეს რა მოხდა, ბავშვებმა ხელი ჰკრეს თუ წყალში თავად ჩავარდა… ჩემი შვილი წყალში დაიხრჩო… ამ ტკივილის მოშუშება შეუძლებელია. ასე მეგონა, მასთან ერთად სამყარომ არსებობა შეწყვიტა. მახსოვს, როგორ გამიკვირდა, ქუჩაში გოგონას სიცილი რომ გავიგონე.

ეს ტრაგედია რომ მოხდა, თიკა 3 წლის იყო. ერთ დღეს საბავშვო ბაღში თიკას ზეიმზე დამიბარეს. თავს ძალა დავატანე და წავედი. სახლში თიკაც ძალიან მოწყენილი იყო. საბავშვო ბაღში კი სხვანაირი თიკა აღმოვაჩინე, ბავშვი მღეროდა, ცეკვავდა, ყველაფერში ლიდერობდა. მაშინ დავიწყე ფიქრი, თიკასთვის მეტი ყურადღება მიმექცია. მისი შესაძლებლობებით დავინტერესდი. გამახსენდა, რომ ჩემი გოგონას ბალერინობაზე ვოცნებობდი. ფაქტობრივად, თიკამ სიცოცხლე დამიბრუნა, ცხოვრებისკენ შემომაბრუნა…“

თიკა ფაცაციას დედა

“თიკა როცა მირეკავს, ყოველთვის რჩევას მთხოვს. შენ როგორ ფიქრობ, როგორ იქნება უკეთესიო. ვგრძნობ, რომ ჩემი არსებობა ეიმედება. ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველა საკითხს ეხება, მაგრამ არის თემები, რომელშიც ჩემი აზრი ძალიან აინტერესებს. მე ჩემსას ვეუბნები და მერე ის თავისი განწყობებით იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ყველას თავისი ოჯახი აქვს. ოჯახი პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს ურთიერთობებში მე ძალიან მოკრძალებული ფორმით ვარ ჩართული. ასე მგონია სწორი. ორივე მხარე შეგნებულად ვუდგებით. ჩემი შვილების ოჯახები პატარა სახელმწიფოებია და ისინი გადაწყვეტილებებს თავად იღებენ, ჩემი ფუნქციაა, მოვინახულო, მოვიკითხო, გავიგო როგორ არიან, რას აკეთებენ, სადილი მოვუმზადო. სიშორემ გამოიწვია ის, რომ მოვიგონე იდეა-სადილი დედასთან, რომელსაც ხშირად ვმართავ. ყველას წინასწარ ვუთანხმდები და სიამოვნებით მოდიან დედასთან მონატრებისა და თავისუფალი დღეების გათვალისწინებით. ერთად შეკრება ყველას დიდ ბედნიერებას გვანიჭებს. თან, კერძების მომზადებაც ძალიან მსიამოვნებს.

თიკა ჩემთვის დაბადებიდანვე არაჩვეულებრივი შვილია. მისი დაბადება ძალიან გამიხარდა. ძალიან ყურადღებიანი და თბილია. აუცილებლად მომიკითხავს, რამე ხომ არ მჭირდება, მახარობელი შვილია, ისევე როგორც ჩემი ვაჟი.

მადლობა უფალს ასეთი შვილებისთვის. მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებას, რომელშიც მწარე ნაღველიც ურევია, ასეთი ფინალი აქვს. ვერ ვმალავ და სულ ვამბობ, რომ ბედნიერი სიბერე მაქვს. დღეს ვიმკი იმას, რაც დავთესე? ამ კითხვას ჩემს თავს ხშირად ვუსვამ ხოლმე. სხვებიც ხშირად მეუბნებიან, როგორ გაგიმართლა ბავშვებში, ეს რისი დამსახურებააო?! ალბათ, თავის დროზე სათანადო შრომა ჩავდე და ამან მოიტანა ეს შედეგი.”