ილუმინატორის მომრგვალებული ფორმა უკვე იმდენად ჩვეული გახდა, რომ კითხვებსაც კი აღარ ბადებს, თუმცა ყოველთვის ასე როდი იყო. გასული საუკუნის შუა პერიოდის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თვითმფრინავები კვადრატული ან მართკუთხა ფანჯრებით, რომლებიც სარკმელს უფრო წააგავდა. ავიაციის განვითარების იმ ეტაპზე ეს იყო სტანდარტი, თუმცა დროთა განმავლობაში ფრენის სიმაღლე და სიჩქარე გაიზარდა, თვითმფრინავის კორპუსი კი სულ უფრო მეტ დატვირთვას განიცდიდა, რის გამოც ლითონმა დაზიანება უფრო სწრაფად დაიწყო.
სამწუხაროდ, ინჟინრებს რამდენიმე ტრაგიკული მოვლენა დასჭირდათ იმისთვის რომ თვითმფრინავის ფანჯრების დიზაინისთვის ახლებურად შეეხედათ. ეს იყო 1950-იან წლებში, როდესაც კომერციულმა ავიალაინერებმა ზრდა დაიწყეს, თუმცა ამავდროულად ჰაერში დაშლაც. 1950-იანი წლების დასაწყისში ბრიტანულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია “de Havilland”-მა წარმოადგინა რეაქტიული ავიალაინერი სახელად “კომეტა”.
თვითმფრინავი, ავიაციის ნამდვილ სასწაულად ითვლებოდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ ის ჰაერში ნაწილებად დაიშალა. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე განმეორდა კომპანიის კიდევ ორ თვითმფრინავთან დაკავშირებით. ინჟინრებმა თვითმფრინავის თითოეული ხრახნის დიაგნოსტიკა ჩაატარეს და პრობლემაც აღმოაჩინეს.
კატასტროფის მიზეზი თვითმფრინავის კვადრატული ფანჯრები აღმოჩნდა. საქმე იმაშია, რომ ფანჯრების კუთხეებზე დიდი დატვირთვა მოდის, რომელიც ფრენის დროს კიდევ უფრო იზრდება. ინჟინრებმა პრობლემა ფანჯრების კუთხეების დამრგვალებით გადაჭრეს. ამის წყალობით, ფრენა ახლა უკვე ბევრად უფრო უსაფრთხო გახდა.