თითქმის ყველა სოციალური ქსელი მოიცვა ვიდეომ, რომელშიც ასახულია გოგონა – ბეატრის გაზდელიანი, ვინც სპეცრაზმელებს წინ დაუდგა, – მოდით, არ მეშინიაო! მისი მეგობრის დაკავების შემდეგ, თავად ბეაც დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.
“რა თქმა უნდა, აქციაზე სხვა დღეებშიც დავდიოდი – ხალხის გვერდით, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. ჩემი მეგობარი – გიორგი ჩემზე 2 წლით უმცროსია. უმცროს ძმად მიმაჩნია. დედამისსაც შევპირდი, რომ მივხედავდი და ცუდი არაფერი მოხდებოდა. როცა მე და გიორგი აქციაზე მივედით, მაქსიმუმ, 5 წუთში დააკავეს – გაათრიეს… ამის შემხედვარე პანიკაში ჩავვარდი. უნდა ვაღიარო, ნასვამი ვიყავი. ისედაც, ძალიან ემოციური ადამიანი ვარ – არ ვიცი, ემოციებს როგორ გავუმკლავდე. ჩემ თვალწინ ასეთი რაღაც რომ მოხდა, მართლა არ ვიცოდი, რა მექნა, მაგრამ ის უეჭველად ვიცოდი, რომ სახლში არ უნდა წავსულიყავი, რადგან ამ საქმეს ასე ვერ დავტოვებდი – არ ვიცოდი, ჩემი მეგობარი სად წაიყვანეს.
საერთოდ არ მაინტერესებდა, რომ ცოტათი ნასვამი გახლდით – ფხიზელიც იმავეს გავაკეთებდი: როცა “რობოკოპები” ჩემკენ “დუბინკებით” მოდიოდნენ, არ მეშინოდა. ამას იქაც ვიძახდი, – არ მეშინია, მოდით-მეთქი. არც ფხიზელს შემეშინდებოდა. უბრალოდ, ბოლომდე იქ ვიდექი, რადგან არ ვიცოდი, გიორგი სად იყო და რა სჭირდა. მეგობრის თავისუფლებისთვის ვიბრძოდი. შემდეგ უკვე მეც დამიჭირეს, განყოფილებაში გადამიყვანეს. თავდაპირველად, მათაც ეგონათ, რომ ნარკოტიკული საშუალება მქონდა მიღებული. ნარკოტესტი ჩავაბარე. რა თქმა უნდა, ტესტმა არაფერი აჩვენა.უბრალოდ, ნასვამი ვიყავი. იმის გამო, რომ ნარკოტიკი არ მქონდა მიღებული, განყოფილებიდან დილითვე გამომიშვეს.
ახლა საზოგადოების ნახევარი “ნარკომანს” მიწოდებს, ნახევარი – “გმირს”. თავს გმირად არ მივიჩნევ. მგონია, რომ ჩემს ადგილას ყველა იმავეს გააკეთებდა მეგობრისთვის…
ჩემს სახლში ვიყავით და იმიტომ დავლიეთ, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი სიტუაციაა, დეპრესიაში ვართ… მართლა საშინელება ხდება, მაგრამ ისეთი რაღაცები მოხდა, რასაც არ ველოდი. თავდაპირველად, ვერც მივხვდი, რომ სპეცრაზმელების წინ მარტო ვიდექი. მერე, როცა უკან მივიხედე და დავინახე, რომ თურმე, მარტო ვიყავი, ვიფიქრე, – კარგი, მაინც ვიდგები-მეთქი. წყლის ჭავლიც მომხვდა – დავსველდი, მაგრამ მაინც არ მივდიოდი.
ჩემ შესახებ ისიც კი დაწერეს (დედაჩემმა წაიკითხა) – ეტყობა, “ესკორტი” ან ბო..ა და თავი იმიტომ “გაიპიარა”, რომ უფრო მეტი კლიენტი ჰყავდესო… ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ვიღაც ქალები წერენ, – უპატრონოა, მისი მშობლები სად არიან? “კაიფშიაო”… “კაიფში” – რატომ? ადამიანი აქციაზე ისე ვერ დადგება და ვერ იბრძოლებს?!
ქართული ენა რამდენიმე წლის წინ ვისწავლე. საზღვარგარეთ გავიზარდე. უბრალოდ, ქართულად კარგად ვერ ვმეტყველებ. შეიძლება, ესეც იყო მიზეზი, რომ ეგონათ, ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ ვიყავი და კარგად ამიტომ ვერ ვლაპარაკობდი, მაგრამ არა მგონია, რომ ჩემი ინგლისურენოვანი ინტერვიუების მოსმენისას თქვან, – ვერ ლაპარაკობსო”, – განაცხადა ბეა გაზდელიანმა.
ჟურნალი “გზა”