ქართული ესტრადის ვარსკვლავი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლელა წურწუმია „პრაიმტაიმმა“ ჩაწერა.
– ლელა, თქვენი კონცერტები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს, ძალიან უყვარხართ მსმენელს და მათგან დიდი ენერგია მოდის, როგორ ახერხებთ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას?
– პირველ რიგში, ძალიან დიდი შრომის ფასად მოდის ეს ყველაფერი. შეიძლება, ნიჭიერი იყო და ღმერთმაც ყველაფერი მოგცეს, მაგრამ თუ არ იშრომებ, არაფერი გამოვა. აუცილებლად უნდა აჰყვე “ფეხის ხმას”, დღეს ინტერნეტის თაობაა, 21-ე საუკუნეა და ვერ ჩარჩები წარსულში. თუ არ გაიზარდე, თუ არ იმუშავე საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ეს ყველაფერი, გარეგნობა და ჩაცმულობა, დაახლოებით, 50 პროცენტია იმისა, რასაც ქმნი, შემდეგ რეპერტუარი და ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ცოცხალი შესრულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი – იხარჯები ბოლომდე, აკეთებ მაქსიმუმს, რადგან მოსული მაყურებელი დარჩეს კმაყოფილი. დაახლოებით, 22-23 სიმღერას ვასრულებ კონცერტზე, რაც ქრონოლოგიურად საკმაოდ დიდია.
– ცნობილი ფაქტია, რომ თქვენი ბენდის წევრებთან საოცრად კარგი ურთიერთობა გაქვთ. გიორგი თორაძე ამაზე ხშირად საუბრობს ხოლმე…
– ძალიან მიყვარს, ჩემი ბენდის წევრია და ერთ-ერთი მარგალიტია, რომელიც ძალიან უხდება სცენას, ძალიან არტისტული და ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მსმენელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენს დუეტთან. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სიმღერას „ერთი სიყვარულის ამბავი“ სტეფანესთან ერთად ვმღეროდი, ძალიან კარგად გაიჟღერა გიორგისთან ერთად და ყოველთვის ელოდებიან…
გარდა იმისა, რომ მაყურებელზე ვმუშაობ, ჩემს ბენდსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება… მუსიკოსები უნდა გაამხნევო, უნდა შეუფასო და დაუფასო შრომა, რომ არა ისინი, ვერ იქნება ერთობლიობა და ყველა ცალ-ცალკე ვიქნებით, ამიტომ ეს სიყვარული და სითბო ამ ადამიანების მიმართ უნდა გამოხატო.
თქვენს და გიორგის დუეტს სოციალურ ქსელებში ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს, ხშირია კომენტარებიც, თუ სად არის, ამ დროს, მამულიჩა, საინტერესოა, კახის რა რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე?
– მამულიჩა ამ ყველაფერს იღებს ხოლმე, შესაბამისად, პასუხიც გასაგებია…
– ბოლო დროს, რამდენიმე გადაცემაში ისაუბრეთ თქვენსა და თქვენს შვილზე, მარიკოზე, საკმაოდ ემოციური ინტერვიუები იყო, საინტერესოა, ამის შემდეგ მან თუ გითხრათ რამე, როგორი რეაქცია ჰქონდა?
– ძალიან ჩვეულებრივი, იმიტომ, რომ მე მარიკოსთან საკმაოდ ხშირად ვსაუბრობ და ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს… ძალიან ჭკვიანი და გონებაგახსნილი გოგოა, ძალიან თბილი და კეთილია. ასე რომ, მისი დამოკიდებულება აბსოლუტურად ადეკვატური იყო, ჩვენ ამაზე ადრე გვისაუბრია და ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცოდა.
– სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
– იქნება ბათუმის სეზონი, გადაცემის მე-8 სეზონი უნდა დავხურო, ასევე, ვმუშაობ ახალ ალბომზე.