21 დეკემბერს გამართულ აქციასთან დაკავშირებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ფეისბუკის“ პოსტს სადაც ნათქვამი იყო, რომ – „შეცდომაა ამდენი ხალხის ჩამოყვანა და გამარჯვების გარეშე უკან გაშვება“ საზოგადოების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.
მოგვიანებით სოციალურ ქსელში განახლდა პრეზიდენტის სტატუსი, სადაც მიხეილ სააკაშვილი წერდა, რომ მისი ნათქვამი არასწორად გავრცელდა და შესაბამისად, „დამსახურებული რეაქცია გამოიწვია”. დარედაქტირებულ სტატუსში სააკაშვილმა დაწერა, რომ ხალხი საკუთარი ნებით გამოდის და აპროტესტებს.
მიხეილ სააკაშვილის პოსტი საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაკრიტიკა, მათ შორის იყვნენ ცნობილი სახეები:
„შეცდომაა ამის დაწერა ახლა – ორი შეცდომაა შიგნით – ხალხის ჩამოყვანაზე და გამარჯვება რომ არ იყო გუშინ. ახლა ისეთ ვითარებაში ხარ, რომ შეცდომაზე მითითებაც უხერხულია, მესმის, მაგრამ სიმართლე ესაა, მიშა“, – დაწერა მიშა მშვილდაძემ კომენტარებში.
„იმედია ეს პოსტი მალე წაიშლება“ – ეს კომენტარი კი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს ეკუთვნის.
მიხეილ სააკაშვილის სტატუსს გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელიაც:
„ვინც ამ პროცესს ვერ გრძნობს, ვერ ხვდება რა ხდება, ვერაფერს მატებს, ჯობია გაჩუმდეს და არც არაფერი მოაკლოს. ეჭვიანობაა ამ პოსტის საფუძველი, დროისა და კონტექსტის ვერ აღქმა. უბრალოდ კარგია, რომ არავის აინტერესებს და ვერც პროცესს დააზიანებს“ – დაწერა მელიამ.