ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე კიდევ ერთ საოცარ ამბავს აზიარებს, თუ როგორ იპოვა ერთმანეთი დედა-შვილმა 52 წლის შემდეგ, გენეტიკური ტესტის მეშვეობით.
“ბედნიერი დასასრულის, კიდევ უფრო ბედნიერი დასაწყისი… 52 წლის შემდეგ ჩვენ ეს შევძელით”, – ამ სათაურით ვრცელდება დედა-შვილის ემოციური შეხვედრის ვიდეო.
როგორც ირკვევა, ქალბატონ ნაზი რაჭველიშვილის 52 წლის წინ, დაბადებისთანავე მოპარეს შვილი. მისი ქალიშვილი დიანა რაჭველიშვილი წერს:
“ჩემმა დედამ, ნაზი რაჭველიშვილმა, პირველი შვილი გააჩინა 1972 წელს, ბიჭი, რომელიც მე-3 დღეს გარდაიცვალა. მაშინდელი მედპერსონალის თქმით, ბავშვი სანიტარს ხელიდან გაუვარდა და გარდაიცვალა.
ამის შემდეგ გავჩნდით ჩემი ძმა, მე და ჩემი და.
რამდენიმე წლის წინ თამუნა მუსერიძის ჯგუფში ექიმის მიერ ხელიდან გავარდნილი ბავშვების რაოდენობამ გაგვიჩინა ეჭვი და დავიწყეთ ნაბიჯ-ნაბიჯ ქექვა.
თავი რომ არ შეგაწყინოთ, დღეს ჩვენ გვერდით არის ჩემი “მოპარული” უფროსი ძმა, ცოცხალი და ჯანმრთელი.
გჯეროდეთ სასწაულების! ყველაფერი ხდება!”
ამ ამბავთან დაკავშირებით ვიდეო გამოაქვეყნა თამუნა მუსერიძემ. რომელიც ამბობს, რომ თავადაც შეძრულია ამ ამბით. “ეს ბიჭი დაიბადა თბილისის მეორე სამშობიაროში და დედის უახლოესი მეგობრის ინიციატივით მოიპარეს ბავშვი, ის აქცევდა მშობიარეს ყურადღებას. ექიმიც იყო ოჯახის ახლობელი, დედის ბავშვობის მეგობარი…”