თერაპევტი, რეანიმატოლოგი, პროფესორი მარიკა თოიძე გადაცემაში”პირადი ექიმი” ახალი კვლევის შედეგებზე საუბრობს და აღნიშნავს, რეალურადაა თუ არა კავშირში ამინდისა და სეზონების ცვალებადობა წნევის მერყეობასთან, სახსრების ტკივილთან და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობასთან:
– ექიმებმა სულ ახლახან გააცნობიერეს, რომ ეს უბრალოდ პაციენტის შეგრძნებები კი არა, რეალური დიაგნოზია. მახსოვს, ადრე ე.წ. მაგნიტურ დღეებზე საუბრობდნენ და ზოგიერთი ადამიანი ამბობდა, რომ სწორედ ამ დღეებზე რეაგირებდა და ცოტა ღიმილისმომგვრელიც იყო ხოლმე. ეს დამოკიდებულება იმიტომ იყო, რომ მეცნიერული საფუძველი, მტკიცებულებები არ არსებობდა. ექიმები კი ყოველთვის მტკიცებულებებს ვეყრდნობით და მხოლოდ ამის შემდეგ განვიხილავთ ამა თუ იმ საკითხს. არადა პაციენტი ამბობს, რომ წნევა აქვს არასტაბილური, სახსრები უფრო მეტად სტკივა იმიტომ, რომ მაგნიტური დღეა… ექიმებმა ამ ფაქტებს ყურადღება მიაქციეს იმიტომ, რომ როგორ შეიძლება, ამდენი ადამიანი “იგონებდეს” და უბრალოდ წუწუნებდეს… გარკვეული კვლევები უკვე გაჩნდა. უახლესი კვლევებია, 20-24-კაციან ჯგუფში ჩატარებულიცაა და 16 ათას ადამიანშიც, რომელიც იაპონიაში ჩატარდა. ალბათ, იაპონელებმა იმიტომ მიაქციეს ყურადღება, რომ იქ ამინდი, ჰაერის ტენიანობა ლაბილურია და ეს საკითხი უფრო აქტუალური იყო. შესაბამისად, კვლევას უფრო მეტი დრო და ენერგია დაუთმეს. ჩნდება გარკვეული მონაცემები, მტკიცებულებები, რომ ამინდის ცვალებადობასთან ერთად, ადამიანის ფიზიოლოგია რეალურად იცვლება. ორგანიზმში გარკვეული ძვრები მიმდინარეობს და შესაბამისად, როდესაც პაციენტები გარკვეულ სიმპტომებს ამინდს უკავშირებენ, ამას ფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. აღმოჩნდა, რომ ეს ფიზიოლოგიური საფუძველი თავის ტვინის მიერ გარკვეული ნეიროტრანსმიტერების გამომუშავების მომატება, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის მატება და სხვადასხვა სუბსტანციაა, რომლებიც ამ დროს მერყეობს. ასევე, გამოვლინდა გარკვეული სამიზნე პოპულაცია, სადაც აღნიშნული სიმპტომები უფრო ხშირად გვხვდება. ესენია მენოპაუზაში მყოფი ქალბატონები. თუმცა, პრობლემა მეტ-ნაკლებად ყველა ჯგუფში გვხვდება.