ბოლნისში სოფელ ნახიდურთან ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილი ელჩინ ბითანოვის მამა ექიმებს და პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს.
14 წლის მოზარდის მამა ამტკიცებს, რომ ექიმებმა მის შვილს სამედიცინო დახმარება დროულად არ გაუწიეს.
“ახლა ძალიან ემოციურად ვარ, ჯერ შვილი უნდა დავკრძალო და მერე მივხედავ ყველაფერს. გუშინ, როცა პოლიცია მოვიდა, ჩემი შვილი უგონოდ მიწაზე ეგდო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. პოლიციაც და სასწრაფოც მკვლელს იცავდნენ და მალავდნენ. ჩემი შვილისთვის სასწრაფოს დროულად რომ მიეხედა, იქნებ გადარჩენილიყო.
მკვლელი მთვრალი იყო. იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, სკოლის შემოსახვევია და წესით, სიჩქარე უნდა შეენელებინა, მაგრამ ის დიდი სიჩქარით მოდიოდა და შვილი მომიკლა. მთელი სოფელი ჩემს გვერდითაა“, – ამბობს დაღუპულის მამა “ტვ პირველთან” საუბრისას.
შსს-ს ინფორმაციით, მარნეული-ბოლნისის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, რომლის შედეგად ორი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, ადგილზე ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა და ვითარება დაიძაბა.
უწყების ცნობით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა რვა მოქალაქე.
შსს-ს ინფორმაციით, დაპირისპირება მოხდა როგორც შეკრებილ მოქალაქეებს, ასევე, მოქალაქეებსა და ადგილზე მყოფ სამართალდამცველებს შორის.
შეკრებილებმა გადააბრუნეს შეჯახებაში მონაწილე ავტოსატრანსპორტო საშუალება, ასევე, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი.