ქართულმა პოლიციამ ოჯახის წევრებისგან გაქცეული დაღესტნელი გოგონას ადგილსამყოფელი გასცა – „СК SOS“

დაღესტნიდან გამოქცეული 22 წლის ზაირა პიროვას ოჯახი გოგონას პოლიციისა და მედიის დახმარებით უთვალთვალებს. ზაირამ სახლი გასული წლის სექტემბერში დატოვა, რათა თავი დაეღწია ნაძალადევი ქორწინებისთვის და ახლობლების მუდმივი კონტროლისთვის, – ინფორმაციას ამის შესახებ უფლებადამცველი ჯგუფი „SK SOS“ ავრცელებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ზაირამ დეკემბრის ბოლოს დატოვა რუსეთი და წავიდა საქართველოში. თუმცა, მალე ერთ-ერთ ქართულ მედიაში გავრცელდა სტატია, რომ მას ახლობლები ეძებდნენ.

გამოცემის ცნობით, საქართველოს პოლიციამ ოჯახს მიაწოდა ინფორმაცია, რომ გოგონა ქვეყანაში იმყოფებოდა. უფლებადამცველები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოფიციალური სისხლის სამართლის საქმის გარეშე პოლიციას არ აქვს უფლება გაამჟღავნოს სრულწლოვანი მოქალაქის მდებარეობა მესამე პირებზე. მოცემულ შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემის მიზეზი უცნობია.

ჯერ კიდევ რუსეთიდან გამომგზავრებამდე, ზაირა ორჯერ აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როდესაც ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ მის სახლში დაბრუნებას. მაშინ როდესაც ის უნდა მოხსნილიყო იმ ადამიანების სიიდან, რომლებსაც ეძებდნენ, მისი ერთ-ერთი ახლობელი გამოჩნდა, რომელიც ცდილობდა დაეყოლიებინა გოგონა, დაღესტანში დაბრუნებულიყო, მიუხედავად მისი სიტყვებისა, რომ მას ეშინოდა საკუთარი სიცოცხლის მოსპობის, რომლითაც ემუქრებოდნენ. ზაირამ არაერთხელ გააფრთხილა ახლობელი, არ დაკონტაქტებდა მას, რადგანაც შეიძლება პრობლემები შეჰქმნოდა, თუმცა ახლობლისთვის პოლიციას ხელი არ შეუშლია. მან პოლიციის შენობის დატოვება, ადვოკატების დახმარებით მოახერხა.

მოგვიანებით, დეკემბრის ბოლოს, ის მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს, უმტკიცებდნენ, რომ ის ჯერ კიდევ ირიცხებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა სიაში. ზაირას ახსნა-განმარტების შემდგომ ის გაუშვეს, თუმცა მას მოუწია, რომ ახალი ბილეთი შეეძინა, რუსეთიდან გამოსამგზავრებლად.

როგორც უფლებადამცველები წერენ, ზაირა იზრდებოდა ძალიან მკაცრ შეზღუდვებში. სკოლის დასრულების შემდგომ, მან მოახერხა ვლადიკავკაზის უნივერსიტეტში ჩაბარება, სადაც მცირეოდენი თავისუფლება იპოვა, თუმცა ახლობლების მხრიდან ზეწოლა კვლავ გრძელდებოდა.

გოგონას ჰქონდა შიში, რომ ძალიან მალე, მისი თანხმობის გარეშე გაათხოვებდნენ, რაც მისი გაქცევის მიზეზი გახდა.

მისი გაუჩინარების შემდგომ, ოჯახმა მასზე ძებნა გამოაცხადა, ხოლო ახლობლებმა მისი მეგობრების დაშინება დაიწყეს იმ მიზნით, რომ გაეგოთ ზაირას ადგილსამყოფელი.

წყარო: the insider