„რაც დამემართებოდა, თქვენ გაიაზრეთ. ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო ამბავი…“ – რა მოუწყვეს მარკუს მეტრეველს ათენში იქაურმა ქართველებმა?

მარკუს მეტრეველმა გაიხსენა ამბავი, რომელიც ათენში მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებით გადახდა:

„ერთხელ ათენში ყველაზე დიდ „ბუზიკებში“ დავიწყე მუშაობა, რაც ბერძენი მომღერლებისთვისაც საოცნებო იყო. ქალაქში გამოიფინა ჩემი ლაითბოქსები. ამან გამოიწვია ქართველების ინტერესი და გახსნაზე პირველი მაგიდა სწორედ ქართველებმა დაიკავეს, 6-კაციანი მაგიდა იყო. კარგად გაერთნენ, მოილხინეს, უამრავი ყვავილი მესროლეს და თეფში დაამტვრიეს. მოგეხსენებათ, ეს ბერძნული კულტურაა, როდესაც მომღერალს ფეხებში ყვავილებს აყრიან და თეფშებს ტეხენ. მე სიხარულისგან აღფრთოვანებული ვიყავი. საღამოს ბოლოს კი მიმტანი შემოვიდა, ლანგარზე იდო 6000-ევროიანი „ჩეკი“ და მეუბნება, ეს თქვენმა ნათესავებმა დატოვეს და მითხრეს, რომ მარკო ანგარიშს დაფარავსო. რაც დამემართებოდა, დანარჩენი თქვენ გაიაზრეთ. 

ეს იყო ჩემთვის ძალიან სამარცხვინო გამოცდილება ჩემს ხალხზე. რასაკვირველია, დავეთანხმე მიმტანს, ნამდვილად ჩემი ნათესავები იყვნენ-მეთქი, და საქართველოზე ცუდი წარმოდგენა რომ არ შეჰქმნოდათ, მე თვითონ დავფარე ანგარიში. ეს ადამიანები მას შემდეგ არასდროს მინახავს…“ – განუცხადა  ჟურნალ „თბილისელებს“ მომღერალმა.