ვარკეთილში, სისხლიანი გარჩევის სავარაუდო მიზეზად, მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება სახელდება, რომელიც 2 ახალგაზრდის მკვლელობით დასრულდა.
მოკლულები მეგობრები იყვნენ – 40 წლის ნიკა არჩვაძე და 39 წლის ბაჩო ბაშარული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდები ერთ-ერთ ბინაში მეზობელმა ჩაცხრილა.
თვითმხილველების თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა თავად დარეკა 112-ში და თქვა რომ ორი ადამიანი მოკლა.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, მოკლული ახალგაზრდა, ბაჩო ბაშარული არ იყო კონფლიქტური ადამიანი. მხარეებს შორის დაპირისპირება ხმამაღალი მუსიკის გამო დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობლად მცხოვრებ 1985 წელს დაბადებულ ბ.ბ. -ს და მის მეგობარს 1984 წელს დაბადებულ ნ.ა. -ს სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ი.კ. ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – წერია შს სამინისტროს განცხადებაში.