ორი დღე დარჩა ბაღის დასრულებამდე და… მასწავლებლის საჩუქრისათვის ფული მეგობრისგან ვისესხე… ნეტავ როდესმე თუ მოიშლება ეს მანკიერი პრაქტიკა?!”

ჩვენს რეალობაში ტრადიციადაა დამკვიდრებული მასწავლებლისათვის საჩუქრების მირთმევა.

როგორც წესი, საჩუქრისათვის თანხას მშობლები ინაწილებენ.

მშობელთა ნაწილს მიაჩნია, რომ ამ ქმედებით პატივისცემას გამოხატავს მასწავლებლის მიმართ, ნაწილი- სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ ერთვება აქტივობაში, რაც ბუნებრივია, უხერხულ მდგომარეობაში აყენებთ მათ.

ამ თემასთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენი მკითხველის წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ, ანონიმურობა დაცულია:

„სამი შვილი მყავს, 2 ბაღის, ერთი სკოლის ასაკის.

ვარ მარტოხელა დედა, ვცხოვრობთ ქირით. თვიდან თვემდე როგორღაც გაგვაქვს თავი.

თითოეული თეთრი გაზომილი მაქვს, თუმცა არასდროს ვახვევ თავზე ჩემს პრობლემებს სხვას. ვისაც დახმარების სურვილი აქვს, ისედაც გვეხმარებიან.

მაქსიმალურად ვცდილობ, რომ შვილებს პატარა ბავშვური სურვილები დავუკმაყოფილო და გული არაფერზე დავწყვიტო.

ზეიმები, გასვლები, ექსკურსია არასდროს გამოგვიტოვებია, ვცდილობ არ ვაგრძნობინო ჩემს შვილებს, რომ რამე აკლიათ, თუმცა ის, რაც სკოლებში და ბაღებში ხდება, უკვე ყოველგვარ ზღვარს ცდება.

ყოველთვის გამოხტება ხოლმე რამდენიმე მეტიჩარა მშობელი და ხან რის ფულს კრებენ ჯგუფსა თუ კლასში, ხან – რის ფულს.

პანდემიის გამო, რადგან ბავშვებს რამდენიმე თვე არ უვლიათ სკოლასა და ბაღში, გამოვტოვეთ ახალი წლის, ქალთა დღის, დედის დღის, მასწავლებლის დღის, დაბადების დღეების საჩუქრები, რომელიც, როგორც წესად გვაქვს, რომ უნდა მიგვერთმია მასწავლებლებისათვის… ყველაფერმა ჩაიარა „მოსაკრებლის გარეშე“.

გულში მიხაროდა, რომ ზედმეტი ხარჯი არ მქონდა წინა თვეებში, თუმცა ახლა, მიწურულს, უკვე 2 დღე დარჩა ბაღების დასრულებამდე და მშობლები ალაპარაკდნენ საჩუქარზე.

არ გეგონოთ რამე უბრალო, ბრენდული კოსმეტიკის ნაკრები შეარჩიეს კოსმიური ფასით.

გვყავს ორი მასწავლებელი და ერთი ძიძა, სამივეს ერთნაირი თუ არა, მსგავსი საჩუქარი მაინც უნდა აჩუქო, რომ გული არ დაწყდეთ.

ჯგუფში არც თუ ისე ბევრი ბავშვია და წარმოიდგინეთ, როგორ ნაწილდება თანხა.

პლუს ამას ორი ბავშვის უნდა დავდო, არანაირი შეღავათი, ორი უმცროსი ერთ ჯგუფში მყავს.

წინა წელს უკმაყოფილება გამოვთქვი, რომ ზოგს რომ ერთი ყავს და საშუალებაც აქვს, ვართ ისეთი მშობლები სამი ბავშვით და ნაკლები შემოსავლით, ხომ შეიძლება, რომ სხვისი მდგომარეობაც გაითვალისწინო?!

ამის შემმდეგ თურმე ზურგს უკან განმიხილავდნენ, როგორც ძუნწს.

ნამდვილად არ მენანება არაფერი, თუმცა ერთი ვერ გამიგია – რატომ მავალდებულებ, მე თუ მაქვს სურვილი, ავდგები და ისე ვცემ პატივს, რომ არ შემოვახვევ თავზე არავის არაფერს.

თუ მექნება საშუალება, ბრენდებს ვიყიდი, არ მექნება – ტკბილეულის მირთმევაც არ მომერიდება, თუ ჩავთვლი საჭიროდ.

ახლა მასწავლებლის საჩუქრის ფული უნდა ვისესხო, რადგან ვერ გამორჩები, არ დადებ და უხერხულ სიტუაციაში გაყენებენ,

თავიდან ვიფიქრე აღარ წავიკითხავ სოციალურ ქსელში მშობლების მიმიწერას-თქო, მაგრამ იმდენჯერ მომნიშნეს კომენტარში და შემახსენეს, რომ დასადები მაქვს თანხა, იძულებული გავხდი მეგობრებისათვის მეთხოვა ხელფასამდე, რომ ცუდად არ გამოვჩენილიყავი.

ნეტავ როდესმე თუ მოიშლება ეს მანკიერი პრაქტიკა?!

შენი სურვილით მასწავლებელს, რომ ყვავილები, კალამი, წიგნი აჩუქო ყურადღებისა და პატივისცემის ნიშნად გასაგებია, მაგრამ ამის ნორმად გადაქცევა, მით უმეტეს, იძულება, არის ძალიან დიდი პრობლემა, ჩემი აზრით.
უფიქრია ვინმეს ლამაზად შეფუთული ყუთების უკან, რამდენი ოფლის ღვრით მოგროვებული გროშები იმალება? თუ ვცდები, მითხარით, შემისწორეთ, რომ არ ვარ მართალი!
დამიძახეთ ძუნწი და გაუმეტებელი მე – არმქონეს, მაგრამ რა ვქნა, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება ასეთი გაწეული „ხარკი“ – მარიამი 35 წლის.