15 ივნისს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველები სასიამოვნო სანახაობის მოწმენი გახდებიან: ქართული კულტურის ცენტრში გაიმართება სპექტაკლი “ძველი თბილისი”, რომელშიც ქართველი ბავშვები ითამაშებენ. ნიუ-იორკის ბავშვთა თეატრის ხელმძღვანელი ყველასთვის საყვარელი მსახიობი ცუცა კაპანაძეა, ხოლო პროდიუსერი – ქართული კულტურის დიდი მოამაგე ვიქტორ სირელსონი. ცუცა კაპანაძე თავის ამერიკულ ცხოვრებაზე გვიამბობს:
– ნიუ-იორკში უკვე 28 წელია არსებობს ქართული კულტურის ცენტრი და თეატრი, რომელიც საქართველოს დიდმა მეგობარმა ვიქტორ სირელსონმა დააარსა. ბატონ ვიქტორს ქართველი მეუღლე ჰყავს – ლიკა ბახტურიძე-სირელსონი. მათი დამსახურებაა, რომ ქართული კულტურის ცენტრში ხელოვნების ყველა დარგი ისწავლება – კლასიკური მუსიკით დაწყებული ჰიპ-ჰოპამდე. რაც მთავარია, აქ ქართველი ბავშვები ქართულ წერა-კითხვას და საქართველოს ისტორიას სწავლობენ.
– ბავშვთა თეატრის შექმნის იდეა როდის გაჩნდა?
ქართული თეატრი ნიუ-იორკში 2007 წლიდან არსებობს. 2008 წელს მსახიობ ხათუნა იოსელიანს სთხოვეს, რომ ბავშვებისთვის სპექტაკლი დაედგა. პირველ სპექტაკლში საკვირაო სკოლის ბავშვები მონაწილეობდნენ – ეს იყო ნოდარ დუმბაძის “ელადოსი”, რომელშიც მეც ვთამაშობდი. სწორედ მაშინ მთხოვეს, 3-დან 10 წლამდე ბავშვებთან მემუშავა და ასე ჩამოყალიბდა ორი თეატრი: ერთი – 3-დან 10 წლამდე, მეორე – უფრო მოზრდილებისთვის. იმ დროიდან პატარების ჯგუფთან მე ვმუშაობ.
– როგორები არიან ისინი – ნიუ-იორკში დაბადებული ქართველი ბავშვები?
– ცელქები, მაგრამ ძალიან ნიჭიერები და კარგები. ძალიან რომ გამაბრაზებენ, რომ გავგიჟდები და გავცხარდები, მერე ვატყუებ, ვაიმე, ბავშვებო, ცუდად ვარ-მეთქი. ერთ-ერთი ასეთი “გაგიჟებისას” ყველაზე ცელქებმა მითხრეს: ცუცა მას, კი ვიცით, რომ ცუდად არა ხართ, მაგრამ არა უშავს, ვითომ ცუდად ხართო. ზოგჯერ რომელიმე მომიახლოვდება, პერანგზე ჩამომქაჩავს და მეუბნება, ცუცა მას, ნუ ნერვიულობთო. მერე უცებ შემომეხვევიან და ჩამეხუტებიან. ეს ბავშვები იმხელა ძალასა და ენერგიას მაძლევენ, სიტყვით ვერც გადმოვცემ. ხშირად ვფიქრობ, რომ ამ ბავშვების და თეატრის გარეშე ვერ გავძლებდი… პირველი სამი წელი სულ ვტიროდი, უკან დაბრუნება მინდოდა. 18 წელია უკვე აქა ვარ და მადლობა უფალს, ნიუ-იორკში ქართული თეატრი არსებობს, მე ამ თეატრმა გადამარჩინა!
– სამწუხაროდ, ემიგრანტი ქართველების მეორე თაობას ენა უკვე ავიწყდება.
– აქ მცხოვრები პატარები დილიდან საღამომდე საბავშვო ბაღში ან სკოლაში არიან. მარტო ინგლისური ესმით და საღამოობით, ცოტა ხნით, მშობელთან ლაპარაკი საქმეს ვერ შველის. ამიტომ ბავშვისთვის მშობლიური ენა ინგლისური ხდება. რომ ვეუბნები, შვილო, შენი სამშობლო საქართველოა და შენც ქართველი ხარ-მეთქი, მპასუხობენ, მე ამერიკელი ვარ, ჩემი მშობლები არიან ქართველებიო. ისინი ფიქრობენ, რომ აქ დაიბადნენ, აქ იზრდებიან და ეს არის მათი ქვეყანა. სკოლაშიც ეუბნებიან, რომ ამერიკელი ქართველები არიან და არა პირიქით – ქართველი ამერიკელები… მადლობა ამ ქვეყანას, რომ შეგვიფარა და გადაგვარჩინა, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ ამ ბავშვების უმრავლესობა საქართველოში არ დაბრუნდება. მშობლებს რომ ვეკითხები, მათი პასუხი ასეთია, საქართველოში წასვლა როგორ არ გვინდა, მაგრამ ბავშვები უკვე აქაურობას არიან მორგებული და როცა ისინი ცხოვრებას აიწყობენ, მერე დავბრუნდებითო. ასე გადის წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც. მადლობა ღმერთს, ზოგიერთი მაინც ბრუნდება. ახლა ჩემი ორი მოსწავლე აპირებს დაბრუნებას, ერთი უკვე დაბრუნდა… სულ ამბობდა, მირჩევნია საქართველოში ვიცხოვრო და სკოლაც იქ დავამთავროო. ცხადია, ეს მისი მშობლების დამსახურებაა – მოინდომეს, რომ მათი შვილები ქართველებად გაზრდილიყვნენ და თავიდანვე შთააგონეს, რომ მათი სამშობლო საქართველოა.
15 ივნისს პრემიერა გაქვთ, ალბათ, ბავშვები ამ დღეს მოუთმენლად ელოდებიან.
– მარტო ბავშვები კი არა, მეც ასე ველოდები. სპექტაკლს “ძველი თბილისი” დავარქვით. მინდა ბავშვებმა გაიგონ, რას ნიშნავს სიტყვები: “თბილისი იყო ურთიერთობა!” მინდა ჩასწვდნენ, როგორ ცხოვრობდა ძველი თბილისი, შეიგრძნონ ძველებური იტალიური ეზოების ხიბლი… ეს ბავშვები ჩვენთან რომ მოვიდნენ, ქართული თითქმის არ იცოდნენ. თეატრი მათ ძალიან შველის, რადგან დიალოგებითა და თამაშით უფრო ადვილად სწავლობენ მშობლიურ ენას, საქართველოს ისტორიას. სწავლობენ ქართულ სიმღერებსა და პოეზიას. შეიძლება ყველა ვერ დაბრუნდეს, მაგრამ საქართველოზე წარმოდგენა ხომ ექნებათ? ზაფხულობით საქართველოში რომ ჩამოდიან და უკან ბრუნდებიან, მერე გვიყვებიან რა ნახეს, რა მოეწონათ… ამ ბავშვებთან ურთიერთობა ჩემთვის იმდენს ნიშნავს, რომ მათი დანახვისას ყველაფერი ცუდი მავიწყდება. ამიტომ ვამბობ, თეატრმა და ბავშვებმა გადამარჩინეს-მეთქი!
– რას ნიშნავს, როცა სრულიად უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, როგორც ემიგრანტი?
– ამაზე ცუდი განცდა, მგონი, არ არსებობს. პატარა ბავშვს რომ აჩვევ ლაპარაკს და სიარულს, დაახლოებით ისეთი მდგომარეობაა. მართალია, მე აქ მეგობრები დამხვდნენ – ლიკა ბახტურიძე და მისი მეუღლე, საბუთებიც კარგი მქონდა და “მწვანე ბარათიც” მალე მივიღე, მაგრამ ემიგრანტობა მაინც რთულია. უკვე 13 წელია, რაც აშშ-ის მოქალაქე ვარ, მაგრამ პირველი წლები ძალიან გამიჭირდა…
– დაბრუნებას როდის აპირებთ?
– ალბათ, მაქსიმალური ვადა 2 წელია, შეიძლება უფრო ადრეც დავბრუნდე. 18 წელია, რაც აქა ვარ და უკვე გადავწყვიტე, რომ დაბრუნების დროა. ხათუნა ჟორდანიასაც ხშირად ვეუბნები, როგორც ჩვენი ჩამოსვლით გავახარეთ ამერიკა, ისე წასვლით გავახაროთ-მეთქი! ბავშვები კი მეუბნებიან, ცუცა მას, არ წახვიდე, ჩვენ როგორ უნდა დაგვტოვოო. მართლა ძნელი იქნება მათი დატოვება! მათ მშობლებთან კარგი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, მაგრამ მეც ხომ მინდა ჩემს სამშობლოში, ჩემს ოჯახთან ახლოს ყოფნა? მინდა მალე დავბრუნდე და ვიდრე ჯერ კიდევ ძალა და ენერგია მაქვს, ჩემს ქვეყანას მოვახმარო, მით უმეტეს, ისეთი სიურპრიზი მომიწყო ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ, რომ თავიდან ვერც ვიჯერებდი. ამ კომპანიას აქვს არაჩვეულებრივი იდეა: ყოველ წელიწადს ერთ ემიგრანტს ბინა გადასცეს, რომ ქართველები სამშობლოში დაბრუნდნენ. პირველი იღბლიანი ემიგრანტი მე გავხდი. ამის შესახებ ნიკა წულუკიძემ ნიუ-იორკში გამართული სპექტაკლის შემდეგ რომ გამოაცხადა, სიხარულისგან კინაღამ გული გამიჩერდა! მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა და ჩემთან ერთად ტიროდა. მართალია, ჩემი პატარა ბინა სოლოლაკში ძალიან მიყვარს, მაგრამ მაინც მიხარია, რომ ახალი ბინა მაჩუქეს. ყველაზე მეტად იცით, რა მახარებს? ამის თაობაზე არც ერთი ცუდი კომენტარი არ შემხვედრია. პირიქით, მწერენ, ნიუ-იორკში ისეთ კარგ საქმეს აკეთებ, რომ დაიმსახურეო. ბედნიერებაა, როცა შენს შრომას აფასებენ! მსახიობისთვის მაყურებლის სიყვარულზე დიდი ჯილდო არ არსებობს, ამიტომ დღეს ორმაგად ბედნიერი ვარ!
ხათუნა ჩიგოგიძე