სახის გამომეტყველებები სხვებისათვის თავის მოწონებაში გვეხმარება — კვლევა

კვლევით დაადგინეს, რომ სხვებთან ინტერაქციისას სახით მეტყველებამ შეიძლება, სოციალური სარგებელი მოგვიტანოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ გამომეტყველებას ვიღებთ, ანუ რაც მეტად ექსპრესიულია ჩვენი სახე, მით მეტია შანსი, რომ სხვებს მოვეწონებით.

“მონაცემები მოწმობს, რომ სახის ექსპრესიულობა დადებით სოციალურ მიღწევებს უკავშირდება”, — აცხადებს მკვლევარი ეთნი კავანა — “მონაცემების მიხედვით, რაც უფრო ექსპრესიულია ადამიანი, მით უფრო წარმატებულია იგი სოციალური პარტნიორების მოზიდვასა და ურთიერთობების აწყობაში”.

მეცნიერის თქმით, შესაძლოა, ექსპრესიულობა კონფლიქტების მოგვარების მხრივაც მნიშვნელოვანი იყოს.

კვლევის მიმდინარეობა

კვლევა ორი ცალკეული ექსპერიმენტისგან შედგებოდა.

პირველი ცდის ფარგლებში მკვლევრები მონაწილეებად ასაღებდნენ თავს და სანახევროდ ორგანიზებულ ვიდეოზარებს იწერდნენ 52 მონაწილესთან. საუბრები ყოველდღიურ სოციალურ ინტერაქციებს ემყარებოდა და ბუნებრივი ემოციებისა (ბედნიერება, გაკვირვება, ბრაზი, სირცხვილი და ა. შ.) და ქცევების (თუნდაც მოსმენა და გამხნევება) გამოწვევას ისახავდა მიზნად.

ვიდეოზარების შემდეგ არამეცნიერ მონაწილეებს სთხოვეს, რომ თავიანთი თავები ცალ-ცალკე ჩაეწერათ და კონკრეტული სოციალური მიზნებისთვის მიეღწიათ. მაგალითად, გარეგნულად მეგობრულები ყოფილიყვნენ ანდა უთანხმოება ისე გამოეთქვათ, რომ სხვაში ავერსია არ გამოეწვიათ.

ეს ჩანაწერები შემდეგ 176 სხვა ადამიანს აჩვენეს და სთხოვეს შეეფასებინათ, რამდენად შესაძლებელი იყო მონაწილეების “წაკითხვა” და რამდენად მოსაწონები იყვნენ ისინი. მკვლევრებმა სახის აქტივობის კოდირების სისტემა (FACS) გამოიყენეს იმის გასაზომად, თუ რა დოზით მოძრაობდა თითოეული მონაწილის სახე სხვადასხვა ინტერაქციისას

მეორე ექსპერიმენტის ფარგლებში მეცნიერებმა ვიდეოზე ჩაწერილი დაუდგმელი საუბრები გააანალიზეს. საუბრები 1 456 ერთმანეთისათვის უცნობ ადამიანს შორის შედგა; ინტერაქციის შემდეგ ისინი აფასებდნენ, რამდენად მოეწონათ ერთმანეთი. სახის მოძრაობების შესაფასებლად მეცნიერებმა აქაც FACS გამოიყენეს.

“ჩვენი ყოველდღიური ინტერაქციებისას ჩვენი და სხვების სახეები მოძრაობს”, — წერენ მკვლევრები — “სახის მოძრაობით ძალიან დიდი ინფორმაციის მიმოცვლაა შესაძლებელი, ამ მიმოცვლას კი სხვადასხვა სოციალური კონტექსტისთვის გეზის მისაცემად ვიყენებთ”.

შედეგები

კვლევამ აჩვენა, რომ წაკითხვადობისა და მოწონების თვალსაზრისით ყველაზე უკეთესი შეფასებები ყველაზე ექსპრესიულმა მონაწილეებმა დაიმსახურეს, ანუ ორივე ეს თვისება სასურველ სოციალურ მიღწევებზე მეტყველებდა. ასევე მოხდა მოლაპარაკებასთან დაკავშირებულ სცენარებშიც.

მკვლევრები ფიქრობენ, რომ ექსპრესიულობა სხვა პიროვნულ მახასიათებლებსაც შეიძლება უკავშირდებოდეს, მაგალითად კომუნიკაბელურობასა და ე.წ. ნეიროტიციზმს.

“ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებიც სახეზე მეტად ექსპრესიულები არიან, თანხმობისადმი მეტი მზაობა, ექსტრავერსია და ნევროზულობა ახასიათებთ”, — განაცხადა კავანამ — “ვფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ექსპრესიულობა ამ თვისებების მეტად სოციალურ ბუნებას უკავშირდებოდეს; თანხმობისადმი მეტი მზაობის მქონე და ექსტრავერტი ადამიანები მეტად არიან სოციალურობაზე ორიენტირებული, მეტად ნევროზული ადამიანები კი, შესაძლოა, სოციალურ შფოთვას მეტად ავლენდნენ… ეს ადამიანები შეიძლება სახის ექსპრესიულობას იყენებდნენ სოციალური კავშირების დასამყარებლად”.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლოა, სოციალური შფოთვის მქონე ადამიანები სახის გამომეტყველებებს უფრო მკაფიოდ იყენებდნენ, რათა დისკომფორტი შენიღბონ. კვლევის მიხედვით, როგორც ჩანს, ეს მიდგომა ნამდვილად მუშაობს.

მეტიც, მეცნიერები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, ექსპრესიულობა სწორედ იმიტომ განვითარდა ადამიანებში, რომ დადებით სოციალურ შედეგებს იძლევა.

ნაშრომი ჟურნალში Scientific Reports გამოქვეყნდა.