ფეხბურთის გულშემატკივრებს და არამხოლოდ მათ, ხშირად აინტერესებთ თუ როგორ იკვებებიან მათი საყვარელი სპორტსმენები და რომელია მათი საყვარელი კერძები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა ინფორმაცია იმ ფეხბურთელების საყვარელი კერძების შესახებ, რომლებიც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაშობენ.
ცნობილი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც თავისი წარმოუდგენელი ფიზიკურობითა და მკაცრი დიეტების რუტინითაა განთქმული. ვარსკვლავი თავს იკავებს შაქრიანი საკვების მიღებისგან, ასევე ერიდება წითელ ხორცს, ალკოჰოლს ან სხვა რაიმე გაზიან სასმელებს.
39 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავის
საყვარელი საჭმელია Bacalhau à Brás – ეს არის კლასიკური პორტუგალიური კერძი, რომელიც მზადდება დაქუცმაცებული მარილიანი ვირთევზათი ან ბაკალჰაუით (ხმელი და დამარილებული ვირთევზა), ასევე ხახვით, წვრილად დაჭრილი შემწვარი კარტოფილითა და ათქვეფილი კვერცხით.
ინგლისელი ფეხბურთელი ჯუდ ბელინგემი დიდ ყურადღებას აქცევს კვებას. The Athletic-ის ცნობით, ბელინგემმა დაიქირავა პირადი შეფ-მზარეული ალბერტო მასტრომატეო, რომელიც ყოველდღიურად გულდასმით აწესრიგებს ვარსკვლავის კვების რაციონს.
ფეხბურთელის კვების რაციონი მოიცავს ბერძნულ იოგურტს შვრიის ფანტელებით და ჩიას თესლებით, პომიდვრის ტოსტს და ასევე უცხიმო დიეტებს. ვარსკვლავი უპირატესობას ანიჭებს მჭლე ცილოვან საკვებს, როგორიცაა ინდაური, ქათამი და ა.შ.
როგორც ამბობენ, მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავ ბიჭს ძალიან უყვარს მოხარშული ლობიო კვერცხთან ერთად,
რომელიც, როგორც ამბობენ, მისი საყვარელი საკვებია.
ბუნებრივია, მოხარშული ლობიო მცენარეული პროტეინის კარგი წყაროა და მდიდარია ბოჭკოებით, ასევე დაბალია ცხიმებითა და კალორიებით, ხოლო დილით ტოსტზე ათქვეფილ კვერცხთან ერთად მისი მიღება ნამდვილად დაგეხმარებათ, რომ იყოთ მხნედ ვარჯიშისთვის.
ფრანგი ფეხბურთელის კილიან მბაპეს საყვარელი საკვები სპაგეტი კარბონარაა, რომელსაც ვარსკვლავი მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი მიირთმევდა.
ეს არის კლასიკური რომაული მაკარონის კერძი, რომელიც მზადდება სპაგეტით, კვერცხით, ახლად გახეხილი პეკორინო რომანოს ყველით და ბეკონით. PSG-ს ვარსკვლავი ასევე მიირთმევს სხვა მაკარონის კერძებს, როგორიცაა სპაგეტი ბოლონეზე და
პესტოს მაკარონი.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ 23 წლის ფეხბურთელის ხვიჩა კვარაცხელიას საყვარელი კერძი ხინკალია. ის ამის შესახებ „აჭარასპორტთან“ ინტერვიუში
საუბრობს.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „მეცის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის გიორგი მიქაუტაძის საყვარელი კერძიც სწორედ ხინკალია. 23 წლის ვარსკვლავი ამის შესახებ უცხოურ გამოცემასთან Lessentiel-თან ინტერვიუში საუბრობს.
„ხანდახან, როცა რეცეპტები ძალიან რთულია, ტელეფონზე დედას ვურეკავ, რომელიც შესანიშნავი მზარეულია. მას განსაკუთრებით კარგად ქართული კერძები გამოსდის. ჩემი საყვარელი საჭმელი ხინკალია. ეს არის ხორცის კერძი, რომელსაც მიკეთებს ხოლმე, როდესაც სახლში მივდივარ“, – ამბობს
გიორგი მიქაუტაძე.
წყარო: https://www.goal.com/