გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს გერმანიის მოქალაქეობის მიღება ახლა უფრო მოკლე დროში შეუძლიათ, ვიდრე ადრე. ამასთან, ამიერიდან არც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის დათმობა იქნება აუცილებელი გერმანიის მოქალაქეობის მისაღებად. ახალი კანონმდებლობა 27 ივნისს ამოქმედდა, რის შედეგადაც ელოდებიან, რომ გერმანიის მოქალაქეობის მიმღებთა რაოდენობა წელსვე გაიზრდება.
“ყველა, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ახლა უფრო სწრაფად მიიღებს გერმანიის პასპორტს და ამისთვის მის იდენტობის ნაწილზე – არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმა აღარ მოუწევს. თუმცა, ჩვენ ასევე ნათელი გავხადეთ, რომ ყველა, ვინც არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, ვერ მიიღებს გერმანიის პასპორტს”, – განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა.
რას მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებები?
ორმაგი მოქალაქეობის შესაძლებლობას – გერმანიის მოქალაქეობის მიღების გამო უცხოელებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობების დატოვება აღარ მოუწევთ.
დაჩქარებულ პროცედურებს – ამიერიდან უცხოელებს შეეძლებათ მოქალაქეობაზე განაცხადის შეტანა გერმანიაში ხუთწლიანი ცხოვრების შემდეგ, ადრე ამისთვის რვა წელი იყო საჭირო. იმ უცხოელებს, რომლებიც გერმანელ მოქალაქეებზე არიან დაქორწინებული, ქვეყანაში ოთხწლიანი ცხოვრების შემდეგ შეეძლება განაცხადის გაკეთება. ხოლო იმ ადამიანებისთვის,
რომლებიც სრულად არიან ინტეგრირებული გერმანულ საზოგადოებაში, დასაქმებულები არიან, ჩართულები არიან მოხალისეობრივ საქმიანობაში, ფინანსურად უზრუნველყოფილი არიან და გერმანულ ენას ფლობენ მაღალ დონეზე, მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადისთვის სამწლიანი ცხოვრებაა საკმარისი.
გერმანიაში დაბადებული ბავშვის უცხოელი მშობლებისთვის მოქალაქეობის უფრო სწრაფად მინიჭების შესაძლებლობას – ყველა ბავშვს, რომლებიც გერმანიაში დაიბადნენ, გერმანიის მოქალაქეობის მიღება შეუძლიათ ისე, რომ შეინარჩუნონ თავიანთი მშობლების მოქალაქეობაც, ამისთვის მათი ერთი მშობელი მაინც უნდა ცხოვრობდეს გერმანიაში ლეგალურად ხუთი წლის განმავლობაში, ადრე ეს ვადა რვა წელს შეადგენდა.
გერმანიის მოქალაქეობის მინიჭების ტესტის გაფართოებას – ნატურალიზაციის ტესტის კითხვების რაოდენობა გაიზარდა. ტესტს დაემატა კითხვები ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა ანტისემიტიზმი, ისრაელი და ებრაელები გერმანიაში.
აღსანიშნავია, რომ არის გარკვეული ფაქტორები, რაც გამორიცხავს გერმანიის მოქალაქეობის მიღებას. ასეთია მაგალითად, კრიმინალური წარსული. ასევე, გერმანიის მოქალაქეობის მიღების უცხოელმა მსურველებმა უნდა დაამტკიცონ, რომ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის ფინანსურად უზრუნველყოფა და არ საჭიროებენ მთავრობის ფინანსურ დახმარებას.