უკვე მეორე დღეა, ტაილანდში, ერთ-ერთ ძვირად ღირებულ სასტუმროში ნაპოვნი 6 გარდაცვლილი ადამიანის საქმის გარშემო სკანდალები არ წყდება. როგორც გაირკვა, ისინი ციანიდით მოწამვლის შედეგად გარდაიცვალნენ.
შემთხვევა ბანგ-კოკის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. პოლიციის ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერება ციანიდი, გვამების გაკვეთის შედეგად, გარდაცვლილთა ორგანიზმში აღმოჩნდა. საწამლავის კვალი იპოვეს სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ის იმ ნომრის ჩაიდანსა და ჭიქებზე.
არსებობს ეჭვი, რომ ციანიდი სწორედ ერთ-ერთმა დაღუპულმა შეურია საკვებში ან სასმელში. მიზეზი კი შესაძლოა, იყოს ფინანსური დავა, რომელიც დაღუპულებს ჰქონდათ.
დაღუპულები ეთნიკურად ვიეტნამელები იყვნენ: მათგან ორს აშშ-ს მოქალაქეობა ჰქონდა, ოთხი კი ვიეტნამის მოქალაქეა.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერის შესწავლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 5 მათგანი, სავარაუდოდ, 56 წლის შერინ ჩონგმა მოწამლა. ის აშშ-ის მოქალაქე იყო.
- “მან, სავარაუდოდ, დაქორწინებული წყვილი და კიდევ 2 დაღუპული დაარწმუნა, რომ გარკვეული ინვესტიცია განეხორციელებინათ პროექტში, რომელიც თავადვე შესთავაზა. თუმცა, მსხვერპლებმა დაახლოებით 10 მილიონი ბატი – (280,000 დოლარი) დაკარგეს. შესაძლოა მათი მოწამვლა აღნიშნულ საქმესთან იყოს კავშირში. 37-დან 56 წლამდე გარდაცვლილები: სამი მამაკაცი და სამი ვიეტნამური წარმოშობის ქალი ბოლოს ცოცხალი ორშაბათს შუადღეს ნახეს, როდესაც სასტუმრო Grand Hyatt Erawan-ში, მათ ნომერში საკვები მიიტანეს“, – წერს გამოცემა.
სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს მომენტი, როდესაც ხუთი მსხვერპლი ოთახში სავარაუდო მკვლელთან მიდის. გარდაცვლილ ბრალდებულსეცვა ფერადი კაბა.
ერთი დღის შემდეგ, საღამოს 5 საათზე ექვსივე ადამიანი სასტუმროს თანამშრომლებმა გარდაცვლილი იპოვეს.
პოლიციის თქმით, ძალადობის ნიშნები არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილებს ბარგი უკვე ჩალაგებული ჰქონდათ და მალე სასტუმრო უნდა დაეტოვებინათ.
“ზოგი ცხედარი საძინებელში იყო, ზოგი მისაღებში – რაც იმაზე მეტყველებს, რომ ციანიდი შეგნებულად არ მიიღეს და არავინ ელოდა სიკვდილს” – აცხადებს პოლიცია. მათ ასევე დაადგინეს, რომ საქმეში ფიგურირებს მეშვიდე პირიც. მსხვერპლის ერთ-ერთმა ძმამ დაჯავშნა სასტუმრო, თუმცა ქვეყანა 10 ივლისს დატოვა. გამომძიებლები თვლიან, რომ ციანიდი ჩაიში იყო გარეული.