თურქეთში, ცნობილი რუსი ბლოგერი დაიღუპა. ტატიანა ოზოლინა მოტობლოგერი იყო. ის სამხრეთ-დასავლეთ თურქეთში, ქალაქ მილასთან ავტოავარიას შეეწირა. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Milas Karya Haber-ი ავრცელებს.
ოზოლინას სოციალური გვერდის მიხედვით, ის თურქეთში მოტოციკლით მოგზაურობდა. ბლოგერი იზმირიდან ბოდრუმში მიემართებოდა რა დროსაც ავარია მოუვიდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოზოლინა მასთან ერთად მყოფ თურქ მოტო ბლოგერს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, ტატიანა ოზოლინა ადგილზე გარდაიცვალა, თურქი მოტოციკლისტი კი, მძიმე დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ოზოლინა სოციალურ ქსელში ცნობილია, როგორც “მოტოტანია”. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოტობლოგერი იყო. მას სოციალურ ქსელებში მილიონობით გამომწერი ჰყავდა.
ოზოლინას 13 წლის ვაჟი დარჩა.