“TV მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ჟურნალისტსა და ოპერატორს თბილისში, დიდუბეში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ სცემეს. ძალადობაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა.
ბექა პირველს დაზიანებები თავისა და სხეული სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. შოთა სადაღაშვილს კი ხელი აქვს ნაღრძობი. ჟურნალისტი მომხდარს უკავშირებს მათ ეთერში რამდენიმე დღის წინ გასულ მასალას საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებულ პრობლემებზე, რომელიც მძღოლებს არ მოეწონათ.
ჟურნალისტი ამბობს, რომ მათ კამერა არ ჰქონიათ, მაგრამ თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ, რომ ისინი მედიაში მუშაობდნენ, რადგან რეპორტაჟზე “პასუხი მოსთხოვეს”.
“რამდენიმე პირი დაგვესხა თავს, მოგვაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ეს ყველაფერი იმის გამო, რომ რამდენიმე დღის წინ ჩვენმა ტელევიზიამ მოამზადა ნიუსი იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც რეალურად აწუხებს მოსახლეობას, საუბარია კონდიციონერის სისტემის გაუმართაობაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ე.წ. ჩამატებულ სკამებთან დაკავშირებით, სწორედ ეს გახდა მოტივაცია, თუ შეიძლება ასე ითქვას, იმისა, მძღოლებისთვის, რომ ვეცემეთ მეც და ჩემი ოპერატორიც. მეუბნებოდნენ, რომ რეალურად ეს პრობლემა არ არსებობს და ჩვენ ტყუილი გავაშუქეთ”, – ყვება შოთა სადაღაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, სუფსაში, თავს დაესხნენ “მთავარი არხის” ჟურნალისტს ლადო მენაბდესა და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს. დააზიანეს არხის კუთვნილი ტექნიკაც.