ბათუმში, იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში ჩვილი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ბათუმელები ავრცელებს.
ოჯახი ჰოსპიტალის ექიმს ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, უკვე 41 კვირის ორსულ ქალს სამშობიარო ტკივილები არ დაეწყო. ოჯახი ჩარევას ითხოვდა, თუმცა ექიმი კატეგორიული წინააღმდეგი იყო. საბოლოოდ კი ექოსკოპიამ 26 ივლისს ბავშვის დაღუპვა დააფიქსირა, რის შემდეგაც ქალს ოპერაცია გაუკეთეს.
„ისიც ძლივს გადაარჩინეს. ჩვენ გავიგეთ ისიც, რომ ეს ექიმი კლინიკა ბმს-ში მუშაობდა, იქ სამშობიარო ბლოკი დაიხურა. რატომ გააგრძელა მან სხვა კლინიკაში მუშაობა, შენობის გამო ხომ არ იღუპებიან პაციენტები? – ჩვენ დროულ გამოძიებას და ექიმის დასჯას ვითხოვთ“, – ამბობს გიული გაბიტაძე. დაღუპული ბავშვის მამიდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.