უვადო პატიმრობა ემუქრება კაცს რომელმაც, ქუჩაში, მაკრატლით, ჯერ ყოფილი ცოლის მკვლელობა სცადა, შემდეგ კი ქალის დასახმარებლად მისულ ორ ახალგაზრდას მანქანა დააჯახა

კაცი, რომელიც 3 ადამიანს სასიკვდილოდ იმეტებდა, 3 დღეში განაჩენს ელოდება. ამერიკის მოქალაქე – 28 წლის ქეისი ვილკინსონი, 9 თვის წინ, თემქაზე დააკავეს. ციხეში, ყოფილი მეუღლისა და 2 უცნობი ახალგაზრდის მკვლელობის მცდელობისთვის აღმოჩნდა. ქალს ქუჩაში სცემდა, შემთხვევით გამვლელებმა მსხვერპლის დახმარება სცადეს, რის შემდეგაც ვილკინსონმა მანქანა დაქოქა და, გამოძიების მტკიცებით, სამივე მათგანს განზრახ დაეჯახა.

“კურიერიP.S-ის” არქივში ფაქტის ამსახველი ჩანაწერებიც ინახება.

17 და 21 წლის ახალგაზრდები დაშავდნენ, ყოფილი ცოლი, შემთხვევით, გადარჩა. სწორედ ამ დროს, მოძალადემ მანქანიდან მაკრატელი ამოიღო და ქალის მოკვლა კიდევ ერთხელ სცადა. ხელი მოტეხილი ჰქონდა, თუმცა გიორგი მელაშვილმა მაინც შეძლო და შეიარაღებული კაცი შეაკავა.

ჩანაწერი, რომელიც შემზარავ დანაშაულს ასახავს, “კურიერიP.S-მა” საქმის მასალებიდან მოიპოვა. 112-ში ზარის შემდეგ, ადგილზე მისულ პოლიციას, ძალადობის მსხვერპლი ქალი შოკურ მდგომარეობაში დახვდა, 17 წლის ბიჭი კი, შეჯახების შემდეგ, გონებადაკარგული. შემთხვევის დღეს, მსხვერპლმა ქალმა დეტალური ჩვენება მისცა, ყოფილი ქმრის მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივად კი, შერიგებაზე უარი დაასახელა.ახლა ქალის ჩვენება ძალადაკარგულია – 9-თვიანი სასამართლო განხილვების დროს, ქალმა პოზიცია შეცვალა და მოსამართლეს წერილობითი თხოვნით მიმართა – მან ბრალდებულისთვის შეღავათები ითხოვა.

მსხვერპლი ქალის მამა, სასამართლოში, ყოფილი სიძის პროცესზე დასასწრებად მივიდა. მან ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა. არაფერი აქვს სათქმელი არც იმ ახალგაზრდების ოჯახებისთვის, რომლებმაც მისი შვილის გადარჩენა შეძლეს.

“კურიერიP.S-მა” მძიმე დანაშაულში ბრალდებულის დასკვნითი სხდომა გადაიღო. პირველად, სწორედ ჩვენს კამერასთან, კეისი ვილკინსონმა განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალი უარყო.

ბრალდებულის ადვოკატმა, სხდომაზე ქეისი ვილკინსონის შეზღუდულ შერაცხადობაზე ისაუბრა და, ამ მოტივით, მძიმე მუხლის მსუბუქით შეცვლა ითხოვა. რატომ შეიცვალა პოზიცია ბრალდებულის ყოფილმა მეუღლემ – ადვოკატი არ მალავს, რომ მსხვერპლ ქალთან მოლაპარაკება შედგა. ექსპერტიზის დასკვნა სამხარაულის სახელობის ბიურომ დადო.

ქეისი ვილკინსონი განზრახ მკვლელობას რომ გეგმავდა, ამაში დარწმუნებულია დაზარალებული ახალგაზრდების ადვოკატი. მისი ინფორმაციით, ბრალდებულს არასოდეს უცდია დაშავებული ახალგაზრდების მდგომარეობის გაგება, რომლებიც შეჯახების შედეგებს ამ დრომდე მკურნალობენ.

მიუხედავად ყოფილი მეუღლის შეცვლილი პოზიციისა და ბრალდებულის შეზღუდული შერაცხადობისა, პროკურორი დარწმუნებულია, რომ ქეისი ვილკინსონი მძიმე სასჯელს თავს ვერ დააღწევს.

განაჩენი 3 დღეში, 1-ელ აგვისტოს უნდა გამოცხადდეს. წარდგენილი მუხლით, ამერიკის მოქალაქეს 16-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.