„ვინ არის საწყალი? მე ვარ საწყალი? შეიძლება ხელები არ მაქვს, მაგრამ…” – რას ჰყვება გიორგი ზარქუა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო

2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, საზოგადოებამ გაიცნო ძალიან ბევრი ჭკვიანი და ნიჭიერი ახალგაზრდა, რომელმაც ყველა საგანში უმაღლესი ქულები მოიპოვა.

აბიტურიენტებს შორის არის 17 წლის ჭიათურელი გიორგი ზარქუა, რომელმაც ეროვნულ გამოცდებზე, ყველა საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო.

გიორგი ზარქუამ, რომელიც ხელების გარეშე დაიბადა, ეროვნული გამოცდები სპეციალიზებულ პირობებში ჩააბარა. მას სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სურს.

გასულ წელს, გიორგის შესახებ სიუჟეტი მოამზადა პირველმა არხმა. სიუჟეტში საკუთარ ცხოვრებაზე, მიზნებსა და მოტივაციაზე საუბრობდა:

„ქუჩაში ბევრჯერ გამიგონია ჩემ შესახებ ცუდი სიტყვები: „საწყალი დედამისი, ამის დაბადების აზრი მითხარი, საწყალი”. ვინ არის საწყალი? მე ვარ საწყალი? ალბათ ყველაზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის ბედნიერი, რომ ცოცხალია და სუნთქვას? შეიძლება ხელები არ მაქვს, მაგრამ ხელების ნაცვლად ბევრი სხვა რამ მაქს განვითარებული – პირველ რიგში აზროვნება, სმენა, სუნთქვა, ბოლოს და ბოლოს თავისუფლება მაქვს.

ჯერ იმით ვამაყობ, რომ დედაჩემის შვილი ვარ და შემდეგ იმით, რომ ჩემი თავი ვარ. დედაჩემი რომ არ ყოფილიყო, მე ეს გიორგი ზარქუა არ ვიქნებოდი, შეიძლება სახლში ვყოფილიყავი ჩაკეტილი, შეიძლება მყოლოდა ისეთი დედა, რომელიც სტიგმას მიჰყვებოდა – რომ შშმ პირის დედობა რაღაცნაირად უხერხულია…

საკუთარი თავისკენ ყველაზე დიდი ნაბიჯი გადავდგი ალბათ მაშინ, როდესაც პირველ რიგში, ვაღიარე ჩემი თავი და ვაღიარე, რომ ვარ ჩვეულებრივ საზოგადოების ნაწილი და საზოგადოების წევრი”, – აღნიშნავს გიორგი ზარქუა.