მოგეხსენებათ, მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ ჭორები ყოველდღიურად იწერებოდა და მისი გადაბირებით არაერთი ევროპული გრანდი იყო დაინტერესებული.
საკითხი იქამდე მივიდა, რომ ნაპოლის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ კლუბის პრეზიდენტს ულტიმატუმი წაუყენა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში დატოვება ყველაფრის ფასად მოსთხოვა, რადგან ახალ სეზონში გუნდის სათამაშო სქემის აგება, სწორედ ქართველ შემტევზე იგეგმება.
იტალიური გამოცემა Sportitalia-ს ჟურნალისტმა, მიკელე კრიშიტიელომ კონტე ამ გადაწყვეტილების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ გუნდს კვარაცხელია უნდა გაეყიდა.
“ანტონიო კონტემ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც დე ლაურენტისისგან საკადრო წმენდის ჩატარება არ მოითხოვა – ამის სანაცვლოდ, მან გუნდში დი ლორენცოს და კვარაცხელიას შენარჩუნება კატეგორიულად მოითხოვა.
თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა და კლუბთან ურთიერთობა გაფუჭებულია, ძველებურად საქმე ვეღარ წავა – ასეთი ფეხბურთელები უნდა გაუშვა“, – განაცხადა კრიშიტიელომ.