დააკავეს მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაშავებული გოგონა საავადმყოფოში არ გადაიყვანეს და მის მკურნალობას ვიტამინებით ცდილობდნენ

აშშ-ში დააკავეს 12 წლის გოგონას მშობლები, რომლებმაც მძიმედ დაშავებულ ბავშვს სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს და მის განკურნებას “სმუზებით” ცდილობდნენ. 36 წლის დედასა და 40 წლის მამინაცვალს ბრალად უმოქმედობის შედეგად სხეულის მძიმე დაზიანება ედებათ.

ტეხასის პოლიცია აცხადებს, რომ 12 წლის მირანდა სიპსმა სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები 8 აგვისტოს მიიღო, მშობლებმა კი სასწრაფო დახმარებას მხოლოდ 12 აგვისტოს მიმართეს. მას შემდეგ, რაც გოგონას სუნთქვის პრობლემებიც შეექმნა, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა უგონო მდგომარეობაში მყოფი მირანდას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

პოლიციის შერიფის თქმით, ამ 4 დღის განმავლობაში გოგონა არ ლაპარაკობდა და მას მხოლოდ თვალებისა და ხელების ოდნავი გამოძრავება შეეძლო. მისივე ინფორმაციით, მშობლები გოგონასთვის, რომელსაც ყლაპვაც არ შეეძლო, “სმუზებისა” და ვიტამინების მიცემას ცდილობდნენ.

ჯერჯერობით დაუდგენელია, თუ საიდან მიიღო 12 წლის გოგონამ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები. შერიფის ინფორმაციით, ის სკოლას არ უკავშირდება. მათივე ვარაუდით, მშობლებმა სასწრაფო დახმარება სწორედ პოლიციის ჩარევის შიშით არ გამოიძახეს.