“ნანი ბრეგვაძემ მითხრა, – შენი სავიზიტო ბარათი არის შენი ვოკალიო”
“ზუსტად იმავე ცხოვრებას ავირჩევდი, როგორიც მაქვს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაშიც ყველაზე მეტად გამიმართლა, ოჯახი და მეგობრებია”, – ამბობს მომღერალი ნუცა თოფურია. რა ესმის ყველაზე ხშირად საკუთარ თავზე, რის გამო საყვედურობს ოჯახი, ვინ არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებს და რა ვერ ისწავლა დღემდე? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
დაბადების თარიღი…
– …1999 წლის 5 დეკემბერი.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …მომღერალი. ადრეულ ასაკში მინდოდა ექიმი-პედიატრი გამოვსულიყავი, მერე ექიმობა გადავიფიქრე. რადგან პატარები ძალიან მიყვარდა, ეს უფრო ბავშვური აკვიატება იყო, რეალური მიზანი არ ყოფილა. საბოლოოდ მაინც ბიზნესის ადმინისტრირებაზე ჩავაბარე. მომღერლობასთან ერთად მეორე პროფესიის ქონაც მსურდა.
– ჩემზე ამბობენ…
– …რომ ვარ ზედმეტად კეთილი, მიამიტი და ჯიუტი.
– ეთანხმები?
– კი, რაღაც მომენტში მიამიტობა ჩემს მინუსადაც კი მიმაჩნია. ამის გამო იმედგაცრუებაც მქონია, გული დამწყვეტია, წარმოდგენა შემცვლია, თუმცა თავად ამით მე არაფერი დამკლებია. ყველა ადამიანი ძალიან კარგი მგონია. ახლობლები და ოჯახის წევრები მეუბნებიან, რომ ეს ყოველთვის ასე არ არის. გარშემო იმდენი უარყოფითი რამ ხდება, იმდენი პრობლემაა, როგორ ცხოვრებასაც ავირჩევთ, ისეთი გვექნება. ამიტომ მშვიდ ცხოვრებას ვირჩევ. გადავწყვიტე, ვარდისფერი სათვალით ვიცხოვრო მანამ, სანამდეც შესაძლებელი იქნება.
– ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე…
– …ზუსტად იმავე ცხოვრებას ავირჩევდი, როგორიც მაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაშიც ყველაზე მეტად გამიმართლა, ოჯახი და მეგობრებია. ეს დიდი გამართლებაა. იმ შეცდომებსაც დავტოვებდი, რომლებიც დამიშვია. შეცდომა ხომ პიროვნულად გზრდის, სხვა პრობლემებს მომზადებული ხვდები.
– ჩემი პირველი წარმატება იყო…
– …9 წლის ასაკში, როდესაც პროექტში “ანა ბანა” გავიმარჯვე. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, არ უნდოდათ გავსულიყავი, თვლიდნენ, მოუმზადებელი ვიყავი და მარწმუნებდნენ, გადამეფიქრებინა, მაგრამ კასტინგზე ბებოსთან ერთად გავიპარე. მაშინ “ანა ბანა” ძალიან პოპულარული საბავშვო პროექტი იყო. 10 წლის იქ გავხდი და ჩემთვის ამ პროექტის მოგება უდიდესი წარმატება იყო, პროექტს ყველა თაობა უყურებდა. აქედან დაიწყო ტელევიზიებთან ჩემი ურთიერთობა. ეს პროექტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ პატარა ბავშვები ვეჩვეოდით ცოცხალ ბენდთან მუშაობას, უკვე ცნობილ მუსიკოსებთან დუეტების ჩაწერებს და ეს იყო დიდი გამოცდილება.
– ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის…
…დედას. ასე ცალსახად ვიტყვი, იმსახურებს.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– …მყავს საოცარი ოჯახი, მეგობრები, ამაში მართლა ძალიან გამიმართლა.
– ჩემი სავიზიტო ბარათია…
– …ჩემი ხმა. ნანი ბრეგვაძეს აქვს ჩემთვის ეს სიტყვები ნათქვამი, – შენი სავიზიტო ბარათი არის შენი ვოკალი.
– ყოველთვის მაქვს სურვილი…
– …ადამიანები გავაბედნიერო. საჩუქარი რომ მაქვს მომზადებული, ვჩქარობ, მივიდე, რომ გავახარო და მერე მე გავიხარო.
– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…
– …მიმტევებელი ვარ. ადამიანი თუ მიყვარს, შემიძლია, ყველაფერი ვაპატიო. წყენა იმ დონეზე დავბლოკო, რომ მასთან ურთიერთობაში ხელი არ შემიშალოს. შეცდომასაც გააჩნია, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება დისტანციაც დავიჭირო, მაგრამ ეს დისტანცია აუცილებლად მე უნდა ვაკონტროლო. ეს თვისება ბევრს არ აქვს და ნაცნობებს თუ ახლობლებს მარტივად კარგავენ.
– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო…
– …სიჯიუტე. ამ თვისებას მხოლოდ ოჯახთან და უახლოეს მეგობრებთან ვავლენ. კარიერაში, პროექტებში – არა, შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ ყველაზე “არაჯიუტი” ადამიანი ვარ.
– ვჯიუტდები, როცა…
– …ზუსტად ვიცი და მგონია, რომ მართალი ვარ და ამ სიმართლეს არ მიჯერებენ, სხვები საწინააღმდეგოს მიმტკიცებენ. რაც უფრო გავიზარდე, უკან დახევა, დათმობა ვისწავლე. ყველაზე უკონფლიქტო ადამიანი ვარ. არ ვიცი, ვის შეიძლება ჩემთან ურთიერთობა დაეძაბოს, მაგრამ ასეთ ფაქტს ადგილი თუ ექნება, იმ ადამიანს არ ავყვები.
– საკუთარ შეცდომებზე…
– …ბევრი მნიშვნელოვანი რამ ვისწავლე. ეს შეცდომები ჩემი ცხოვრების უკეთ წარმართვისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
– მათ შორის იყო ისეთებიც, უფრო მეტი ტკივილი რომ დაგიტოვა, ვიდრე გამოცდილება?
– იმედგაცრუება დამიტოვა. ტკივილს ჩემში არასდროს ვიტოვებ, ვბლოკავ ან ვუშვებ, რომ არ დავიტანჯო, თუმცა იმედგაცრუებაც ერთგვარი ტკივილია.
– ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო…
– …იქ, სადაც ვარ, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე. 2 დღის წინ ვინმეს ეს რომ ეკითხა, აუცილებლად ამ ადგილზე ყოფნას ვინატრებდი.
– სიყვარული ეს…
..ისეთი რამ არის, სრულყოფილად ვერ ავხსნი, რაღაცას დავაკლებ და იმის თქმა არ გამომივა, რაც მინდა ვთქვა. მოვა დრო, ერთი სიტყვით ვუპასუხებ, რა არის სიყვარული და ეს ჩემი პარტნიორის სახელი იქნება.
– პირველად რომ შემიყვარდა…
– …არ დავაკონკრეტებ, ეს რა ასაკში იყო, მაგრამ ვიტყვი, რომ გავხდი გონებაგაფანტული, დაბნეული. მანამდე ეს ჩემი თვისებები არ იყო და შემეტყო.
– ახლა შეყვარებული…
– …არ ვარ.
– ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს…
– …ჩემმა ყველაზე ახლო მეგობარმა, არაჩვეულებრივმა პიანისტმა სანდრო გეგეჭკორმა.
– მაკვირვებს…
– …როგორ შეუძლიათ ადამიანებს ერთმანეთს გაუკეთონ სიბოროტე, მიაყენონ ტკივილი.
– ვრისკავ…
– …ზომიერად, ამ მხრივ ბავშვობაში მეტად თამამი ვიყავი. მომღერლისთვის დიდი რისკია ნებისმიერ კონკურსში გასვლა. ეს კონკურსი შენთვის შეიძლება აღმოჩნდეს, როგორც დიდი პიარი, ასევე – ანტიპიარი. დიდი ექსტრემალი ვარ. არ მეშინია არანაირი ატრაქციონის, ტრანსპორტის. ისეთი რაღაც გამირისკავს, შეიძლება დადგეს დრო და ამაზე ვილაპარაკო, ახლა ამ თემაზე ტაბუ მაქვს დადებული.
– ამ ამბავმა როგორი გამოცდილება დაგიტოვა?
– მიმახვედრა, რომ ძალიან ძლიერი ვყოფილვარ.
– დღემდე ვერაფრით გავბედე…
– …მინდოდა და ვერ გავბედე? ასეთი არაფერი მახსენდება.
– ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე…
– …ჩემი შიშია. საყვარელი ადამიანების დაკარგვის მეშინია. როგორც კი ამაზე ფიქრს ვიწყებ, ვუძლურდები. ჩემში მარტო დარჩენის შიშიც ძლიერია.
– როცა საჯაროდ მაქებენ…
– …ადრე შეუჩვეველი რომ ვიყავი, მეუხერხულებოდა. ახლაც მაქვს ეს განცდა, მაგრამ თან მიხარია. ძალიან მიყვარს, როცა დამსახურებულად მაქებენ.
– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…
– …არაფერს, მაგრამ განა იმიტომ, რომ საკუთარი თავი იდეალური მგონია? ადამიანებმა ჩვენი თავი ისეთი უნდა შევიყვაროთ, როგორებიც დავიბადეთ. არ უნდა ვიწუწუნოთ, ვიღაც ჩემზე ლამაზია, ჩემზე წარმატებულია, ჩემზე კარგი თვისებები აქვს… მინდა ბუნებრივი დავბერდე. ჭაღარა იმდენად მომწონს, ერთი პერიოდი იმასაც კი ვამბობდი, თმასაც არ შევიღებავ-მეთქი. შეიძლება ეგ ჩარევა დამჭირდეს, მაგრამ ბუნებრიობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.
– დღემდე ვერაფრით ვისწავლე…
– …უარის თქმა. როცა ადამიანს ვჭირდები, უარი როგორ ვუთხრა? როცა საქმეს მთავაზობენ, შეიძლება ის საქმე დიდად კომფორტული არ იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი ვერ ვამბობ უარს. მაგალითად, პატარძალი რომ მირეკავს და გამოთქვამს სურვილს, მის ქორწილში ვიყო. გოგო ცხოვრების ამ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს შენ რომ გირჩევს, უარი როგორ უნდა ვუთხრა? ასეთ დროს ვთანხმდები და სხვა საქმეს ვაფუჭებ.
– ვიტყუები, როცა…
– …საჭიროა. ჩემთვის ყველა ტყუილი ტყუილი არ არის.
– თავისუფლება არის…
..სიმღერა და სცენაზე დგომა; თავისუფლებაა, როცა საყვარელ სიმღერას მთელი გრძნობით მღერი. ისეთი პროფესია მაქვს არჩეული, რომელიც არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის, მხოლოდ ბედნიერებას მანიჭებს.
– ინტუიცია…
– …არასდროს მღალატობს. ნიშანს მაძლევს, მკარნახობს, გულის სიღრმეში ვხვდები, როდის უნდა დავუჯერო.
– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს…
– …აუცილებლად დავეხმარებოდი ადამიანებს, ვისაც ეს საჭიროება ექნებოდათ. ახლაც კი, რასაც გამოვიმუშავებ, ყოველთვის მაქვს სურვილი, რაც შეიძლება მეტი გავცე. ახლობლები მეუბნებიან, ვინმეს შეიძლება ფულიანი ეგონოო. ზუსტად ვიცი, რასაც გავცემ, ღმერთი უკან ათმაგს დამიბრუნებს. ყველაზე მეტად ვბედნიერდები, როცა ვიღაცას ვახარებ. ვიცნობ ადამიანებს, რომლებსაც არ უყვართ ფულის გასესხება, მე კი მიყვარს. ფულს რომ მთხოვენ და ვეხმარები, ბედნიერი ვარ, გამორიცხულია, ის თანხა დავიბრუნო.
– ვაგროვებ…
– …კარგ ადამიანებს. ჩემს ცხოვრებაში სულ საუკეთესოები არიან.
– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…
– …იმედია ჩემს მშობლებს არ ეწყინებათ, მათი ყოველი სიტყვა და დარიგება კარგად მახსოვს, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გია ყანჩელის სიტყვები, რომელიც ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მითხრა: “ნუცა, დარჩი ყოველთვის ასეთი გულწრფელი და იყავი ყოველთვის ასეთი მართალი, შენს სიმღერას ეს ძალიან ეტყობა, სხვა ემოცია მოდის”. წარმოუდგენელია, ეს სიტყვები დამავიწყდეს. ამ ადამიანთან გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის უმნიშვნელოვანესი იყო. მახსოვს, ეს სიტყვები რომ ეთქვა, ჩემამდე მოსასვლელად მთლიანი დარბაზი გამოიარა, მაშინ უკვე შეუძლოდ იყო. არასდროს დამავიწყდება მისი ზარი, როდესაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მიმიპატიჟა და მითხრა: მინდა “ყვითელი ფოთლები” შენ იმღეროო, მაშინ 19 წლის ვიყავი. ბატონ გიას შემთხვევით მოუსმენია ჩემ მიერ შესრულებული ეს სიმღერა.
– დაბოლოს, გეტყვით…
– …ყველანაირად ვეცადოთ, როგორი პრობლემაც უნდა გვქონდეს, რაც უნდა ხდებოდეს, მოვეფეროთ, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენ გვერდით მყოფი ადამიანების გაბედნიერებაზე ვიზრუნოთ!
თამუნა კვინიკაძე