ქმარი სასჯელს რომ იხდიდა ცოლის დაჭრაზე, ამ დროს ფიქრია ზვიადის დედას უვლიდა… ძმა ეხვეწებოდა, გაშორდი, თავს ნუ აკვლევინებო“
“ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ აბაზანაში მკვდარი იყო მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ის სამზარეულოში ეგდო მოკლული. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი კაცი მოუკლავს. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე”
“ჩემმა საყვარელმა მეუღლემ და უახლოესმა მეგობრებმა ერთმანეთთან ურთიერთობა დაიჭირეს. ეს ყველაფერი მე მოვისმინე. ახლა რაღა აზრი აქვს რამეს?! ჯერ ცოლს ვესროლე და შემდეგ მეგობრებს… ახლაც რომ ცოცხლები იყვნენ, კიდე ერთხელ დავხოცავდი”, – თქვა სასამართლო პროცესზე სამი კაცის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა
ზვიად ზურაბაშვილმა. თელავის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ იმსჯელა ბრალდებულისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე. პროკურორმა სასამართლოს გააცნო მტკიცებულებები და პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. მოსამართლემ მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბრალდებული ციხეში გაუშვა. ბრალდებულის ადვოკატს გია ფარადაშვილს ალტერნატიულ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო არ მოუთხოვია. თუმცა ამბობს, რომ ზვიად ზურაბაშვილმა დანაშაული აფექტის მდგომარეობაში ღალატის გამო ჩაიდინა. ადვოკატის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული დანაშაულს აღიარებს: “მან განმარტა, რომ დანაშაული ღალატის გამო ჩაიდინა. მისთვის ეს ცნობილი გახდა შემთხვევის დღეს, როდესაც გარდაცვლილი მეგობრისა და მეუღლის საუბარი მოისმინა. მიმალვის შემდეგ 112-ს შეატყობინა და თვითონ გამოცხადდა სამართალდამცავ ორგანოში”.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რა კუთხით ფიგურირებს საქმეში მესამე მოკლული, ადვოკატი პასუხობს, რომ ზვიად ზურაბაშვილის მტკიცებით, მეუღლე მასთანაც ღალატობდა. არც თელაველებს და არც დახოცილთა ახლობლებს არ სჯერათ ამ ვერსიის. მიაჩნიათ, რომ ბრალდებული ამით ცდილობს სასჯელის შემსუბუქებას.
სოფელში ყველა ამბობს, რომ ბრალდებულს იმდენად კარგი მეუღლე ჰყავდა, ეჭვიანობის საფუძველი ნამდვილად არ ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ჰალუცინაციები და პათოლოგიური სიმთვრალე. 39 წლის ზვიად ზურაბაშვილის ბრალი გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში – გენდერის ნიშნით ოჯახის წევრის მიმართ, სამი პირის მიმართ და არაერთგზის, რაც სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
ეს უმძიმესი დანაშაული 28 აგვისტოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში, ზურაბაშვილის სახლში მოხდა.
სამართალდამცველთა ვერსიით, იმ დღეს ფიქრია ტუგულაშვილი ზვიად ზურაბაშვილმა სოფელში ჩამოიტყუა. ფიქრია თავის ორ შვილთან ერთად ახმეტაში, მშობლების სახლში ისვენებდა. ფიქრიამ იცოდა, რომ სახლში რემონტი იყო. მათ ეხმარებოდა ზვიადის ბავშვობის მეგობარი და მეზობელი მალხაზ მამისაშვილი, რომელიც, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ მეგობარი თავში ტყვიას დაახლიდა. მალხაზი აბაზანას არემონტებდა, როცა ზურგიდან მიეპარა ზვიადი და თავში ტყვია ესროლა. მერე არც ცოლი დაინდო და მოკლა სამზარეულოში, სადაც ორი წლის წინაც სცადა მისი მოკვლა – მასაც ზურგიდან მიეპარა და დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალი სასწაულად გადაურჩა სიკვდილს, მაგრამ ამ უმძიმესი დანაშაულისთვის ბრალდებული ციხეში მხოლოდ წელიწად-ნახევარს იჯდა. ზურაბაშვილი ციხიდან თვე-ნახევრის წინ გამოსულა და როგორც ჩანს, ახლა აასრულა ჩანაფიქრი. ამჯერად ცეცხლსასროლი იარაღი თავის არეში ესროლა მეუღლეს და მოკლა. ორი კაცის მკვლელობის შემდეგ კიდევ ერთი კაცის მოსაკლავად წავიდა. მან ბავშვობის მეგობარსა და მეზობელს როინ
კობიაშვილს დაურეკა. როინი იმ დროს მეზობელ სოფელში, ღვინის ქარხანაში მუშაობდა. მკვლელმა მას იქ მიაკითხა, გარეთ გამოიყვანა და ტყვია თავში დაახალა.
ამის შემდეგ გარკვეული მანძილი ისევ მანქანით გაიარა. როგორც ამბობენ, საბარგულში ჰქონია მოტოციკლი, იმაზე გადამჯდარა და დამალულა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ ზურაბაშვილი დააკავეს, როგორც ამბობენ, ტყეში იმალებოდა. ისიც ითქვა, თავი მოიკლაო. ეტყობა, მეზობლებს უნდოდათ დაეჯერებინათ, რომ სამი უდანაშაულო ადამიანის მოკვლის შემდეგ ისეთ მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაში იყო, რომ თავს არ იცოცხლებდა, მაგრამ შეცდნენ. დამნაშავე დანაშაულს არ ნანობს და თავისი ქმედების გამართლებას მოკლულების დადანაშაულებით ცდილობს.
მეზობლები მკვლელობის მიზეზად მის პათოლოგიურ ქცევებს ასახელებენ. “საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მკვლელი და მოკლულები (მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი) ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთ უბანში ცხოვრობდნენ ერთმანეთის მეზობლად… ძალიან კარგი მეუღლე ჰყავდა ზვიადს, უპატიოსნესი, ორი შვილის დედა. ზვიადს პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, რომ დათვრებოდა, სულ სხვა ადამიანი ხდებოდა. არადა, სიფხიზლეში უწყნარესი ბიჭია. მთვრალს ყოველთვის ვიღაცასთან ჰქონდა კონფლიქტი. ზვიადს თბილისში ჰქონდა ბიზნესი, სოფელში ხშირად ჩამოდიოდა, აქაც აქვს ვენახები. მკვლელობის დღესაც, სავარაუდოდ, მთვრალი იქნებოდა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, ეს ტრაგედია რატომ უნდა დატრიალებულიყო. მალხაზი არ იყო დაოჯახებული, როინს კი ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. თავისი შვილებიც დააობლა, ორი შვილი ჰყავთ. სულ ამ ბიჭებთან ტრიალებდა, ალბათ, ეშმაკი შეუჩნდა. ხშირად იკრიბებოდნენ უბნელები. მოკლულ ბიჭებთან
კონფლიქტიც კი არ ჰქონია. ზვიადი ცოლზე ძალადობისთვის იყო დაკავებული. შარშანწინ დაიჭირეს, მაშინ მეზობელმა გამოიძახა პატრული”, – ამბობს მათი მეზობელი.
“შუადღეს ჩემმა მეუღლემ ნახა, რომ მეგობარი, რომელიც მათ სახლში ხელოსნად მუშაობდა, აბაზანაში მკვდარი იყო. ცოლის ძებნა დავიწყეთ და ის სამზარეულოში ეგდო მოკლული. მერე გავიგეთ, რომ კიდევ ერთი კაცი მოუკლავს, ისიც მეგობარი. ხშირად ეჭვიანობდა ცოლზე, არადა, ისეთი კარგი გოგო იყო”, – ამბობს მეზობელი.
ძალიან განიცდის მომხდარს ფიქრიას მეგობარი. ის ხშირად დადიოდა მათ სახლში და კარგად იცის, რა მძიმე მდგომარეობაში უწევდა ცხოვრება ორი შვილის დედას. “ფიქრიასთან ვმეგობრობდი. ძალიან განიცდიდა ქმრის პათოლოგიურ ქცევებს. 9 წლის ცოლ-ქმარი არიან, ორი შვილი ჰყავთ და ორივეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. შვილებზე საოცრად მზრუნველი დედა იყო. სულ დაჰყავდა ექიმებთან. მეც ხშირად მივდიოდი სტუმრად, დასასვენებლადაც ერთად ბევრჯერ ვყოფილვართ. ზვიადი ოჯახზე გადამკვდარი იყო, მაგრამ რომ დალევდა, სულ სხვანაირი ხდებოდა. ამას დაემატა ისიც, რომ მოსაწევის მოხმარება დაიწყო, მერე კი ამის გამო ჰალუცინაციები დასჩემდა. ფიქრია მიყვებოდა, ამბობს, ახლა ოთახში ვიღაცამ გაიარა, ახლა ფარდის უკან ვიღაც დგასო. ეჭვიანიც იყო, არადა, ფიქრიას არასოდეს მიუცია საბაბი. სადმე რომ წავიდოდა, უკან მიჰყვებოდა. ეს თვითონ უთხრა ფიქრიას, რომ გეუბნები ახაშენში მივდივარ, მაგ დროს სადარბაზოში გყარაულობო. დალევა უყვარდა, სანამ არ გაითიშებოდა, არ გაჩერდებოდა. მერე არაადეკვატური ხდებოდა. ასეთ ადამიანს იარაღის კოლექცია ჰქონდა. ფიქრიამ უთხრა კიდეც, თუ გინდა შეგირიგდე, ციხიდან რომ გამოხვალ, იარაღი გაყიდეო. ეტყობა, საფრთხეს გრძნობდა. მინახავს, რომ დათვრებოდა, როგორ ისროდა უმისამართოდ. თბილისში ხომლელის ქუჩის ბოლოში, ახალაშენებულ სახლში ცხოვრობდნენ ზვიადის დედასთან ერთად. თავიდან ნაქირავებში იყვნენ, ზვიადის დედა იტალიაში იყო სამუშაოდ წასული, ფიქრიას ძმა ამერიკაშია, ორივემ გამოგზავნა ფული და იყიდეს ის ბინა. მერე ზვიადის დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და ქმარი სასჯელს რომ იხდიდა ცოლის დაჭრაზე, ამ დროს ფიქრია ზვიადის დედას უვლიდა. ძმა ეხვეწებოდა, გაშორდი, თავს ნუ აკვლევინებ, მე მოგხედავთ შენც და შენს შვილებსო. ფინანსურად ძმა ისედაც ინახავდა”, – ამბობს მეგობარი და იხსენებს ფიქრიას დაჭრის ამბავსაც:
“ზვიადმა ცოლი ორი წლის წინაც დაჭრა. სუფრა იყო გაშლილი და აუშარდა ფიქრიას. ახლა რომ მოკლა ბიჭი, იმის ძმაზე იეჭვიანა. ის ბიჭი თურმე ხელზე ეამბორა, უთქვამს, სასიამოვნოა თქვენი გაცნობაო, და არ ვიცი, რა მოეჩვენა ზვიადს. სტუმრები რომ გააცილეს, ზოგი მათთანაც დარჩა. სუფრას ალაგებდა ფიქრია, ამ დროს მიეპარა უკნიდან და რამდენჯერმე დანა ჩაარტყა კისრის არეში. თურმე დაჭრილი ცოლის თმაში ჰქონდა ხელი ჩაბღაუჭებული და არ უშვებდა. ფიქრია მიყვებოდა, დანა გავაგდებინე ხელიდან, ვყვიროდი, სახლში მყოფებმა გაიგეს, მოცვივდნენ და მიხსნეს სიკვდილისგანო. წარმოიდგინეთ, სასიკვდილოდ გაწირა და მაშინაც არ უჩივლა პოლიციაში. “სასწრაფოს” მოჰყვა პოლიცია და ასე გაიგეს ეს ამბავი.
ძლივს გადარჩა მაშინ. ზვიადს წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს. თვე-ნახევარია, რაც გამოვიდა და ახლა სამი კაცი მოკლა. ფიქრიას სახლი არ ეთმობოდა, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, არ მინდა შვილებს მამა წავართვა და ამიტომ თავს ვიკავებ გაშორებისგანო. სულ ვეუბნებოდი, ფსიქიკურად ავადD არის, მასთან ცხოვრება სარისკოა-მეთქი.
ფიქრიას უთქვამს ჩემთვის, არ მინდა ციხიდან მალე გამოვიდესო, ეტყობა, ეშინოდა. როცა ზვიადი ციხიდან გამოვიდა, მივწერე, ახლა როგორ იქცევა-მეთქი. ჯერჯერობით, კარგად ვართო. ვფიქრობ, წინასწარ დაგეგმა ყველაფერი, ფიქრია ახმეტიდან გამიზნულად ჩამოიყვანა. ამხელა ტრაგედია დაატრიალა, არც იფიქრა შვილებზე. დედის დაჭრის შემდეგ სტრესისგან უმცროსი გოგონა ნორმალურად ვეღარ მეტყველებს. ბავშვებს შიშები დასჩემდათ”.
ფაქტზე გამოძიება გრძელდება.