პრეზიდენტის ფოტოგრაფის სკანდალური ინტერვიუ – “სალომე ზურაბიშვილი “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშაა…თავს დამნაშავედ ვგრძნობ”

17 აპრილი 20240

+A

−A

პრეზიდენტის ფოტოგრაფის სკანდალური ინტერვიუ - "სალომე ზურაბიშვილი "ნაცმოძრაობის" გავლენის ქვეშაა...თა...

“ჩემს ცხოვრებაში მივიღე რთული და ამასთანავე, სამართლიანი გადაწყვეტილება, დავტოვო სამსახური. ბევრი ბრძოლა მაქვს გავლილი, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა ვფიქრობ, პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფაა, ვინც სამშობლოს ემსახურება”, – ეს სტატუსი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ მას შემდეგ დაწერა, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებდა. რატომ მიაჩნია მიუღებლად პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის ფოტოგრაფს, ამ და ბევრ საინტერესო საკითხზე გიორგი აბდალაძე გვესაუბრება:

– გიორგი, რატომ მიგაჩნიათ მიუღებლად პრეზიდენტის გადაწყვეტილება?

– როცა ეს გადაწყვეტილება მივიღე­, მაშინ პრეზიდენტის კაბინეტში ვიჯექი. პირდაპირ ეთერში გადიოდა ინტერვიუ და მაშინ შევიტყვე, რომ პრეზიდენტი გრიგორიადისის შეწყალებას აპირებს. სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით დარტყმა მიაყენა ყველას, ვინც დღეს სამშობლოს ემსახურება – ეს არის მათი პირადი შეურაცხყოფა. ძალიან დამწყდა გული, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგა სალომე ზურაბიშვილმა.

– იქვე მიიღეთ გადაწყვეტილება?

– დიახ, დავტოვე ოთახი და პრესსამსახურის უფროსს მივწერე, რომელიც ასევე იქ იყო, ეს არის ჩემი ბოლო რეპორტაჟი და ვტოვებ სამსახურს-მეთქი. მე არ ვიცი შემდგომში რა იქნება, პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს თუ არა… არადა, როგორც მე, ისე ბევრმა საქართველოს მოქალაქემ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ სალომე ზურაბიშვილი ყოფილიყო ქვეყნის პრეზიდენტი. სამწუხაროდ, მისი ბოლო ქმედებები არასწორია. აშკარად იგრძნობა, რომ კონკრეტული ძალების გავლენაშია…

 ვის გულისხმობთ?

– “ნაციონალურ მოძრაობას”.

 იმავე ინტერვიუს დროს თავად გასცა ამ ბრალდებას პასუხი და თქვა, “ნაციონალს” მეძახიან, მაგრამ ასე არ არისო.

– ის არ არის “ნაცმოძრაობის” წევრი, მაგრამ ყველა მისი გადაწყვეტილება ფაქტია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის სასარგებლოდაა. ის იღებს გადაწყვეტილებას პირადი და ამ კონკრეტული პარტიისთვის.

– თქვენ ლაზარე გრიგორიადისის ბრალეულობაში დარწმუნებული ხართ? აცხადებენ, რომ პროკურატურამ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები...

– ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება – პოლიციელს ცეცხლი წაუკიდეს. სააკაშვილის დროს საქმეების 99 პროცენტი უკანონო იყო. დღეს ადამიანს შეუძლია იბრძოლოს უდანაშაულობის დასამტკიცებლად და დაამტკიცოს კიდეც. დღეს არ არის ის ჯოჯოხეთი,­ რაც მე გამოვიარე…

მე მაინც ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტი მინიმუმ შემდეგ ინსტანციებს დაელოდებოდა და ამის შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. მან არად ჩააგდო სასამართლო, აღმასრულებელი ხელისუფლება,­ ყველა სტრუქტურა და მიიღო ის გადაწყვეტილება­, რაც მიიღო. მიმაჩნია, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი იქ ყოფნა ზედმეტი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ძალიან მიხაროდა, სალომე ზურაბიშვილი რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა.

 როგორ აღმოჩნდით პრეზიდენტის ფოტოგრაფად? ცნობილია, რომ მას ყველა ვიზიტის დროს თან დაჰყვებოდით, სხვა ფაქტებმაც ხომ არ გიბიძგათ წამოსულიყავით?

– კარგი იქნებოდა, ამ საკითხზე ვინმეს­ აზრი მოესმინა, მაგრამ… ისტორია განსჯის მის ამ ნაბიჯს, მაგრამ მე ერთი მინდა ვთქვა – ჩვენი ქვეყანა დღეს ყველაზე სტაბილურია. ომში ნამყოფი კაცი ვარ, ბევრი უბედურება მინახავს და ვიცი, დიდი უბედურებაა, როდესაც სახელმწიფო, რომელიც არის ჯარისკაცის, პოლიციელის იმედად და როცა ხედავ, არ ფასდება ასეთი ადამიანები, იმ ქვეყანას მომავალი არა აქვს. როდესაც პრეზიდენტი აკეთებს ამას, საგანგაშოა.

– თუმცა პრეზიდენტმა იმავე განცხადებაში პოლიციას მხარდაჭერა გამოუცხადა.

– ეს უკვე მეორეხარისხოვანია. თავდაპირველად, ის მაინც უნდა გაეკეთებინა, დაებარებინა და მოესმინა დაზარალებული პოლიციელების აზრი ამ შეწყალებაზე. მათი აზრი მაინც გაეთვალისწინებინა, მაგრამ ეს თავიდანვე ჰქონდა ჩაფიქრებული…

– ხომ არ გქონიათ თქვენი ამ განცხადების შემდეგ მასთან კომუნიკაცია?

– არა, რაზე უნდა ვესაუბრო. მე ასე ჩავთვალე საჭიროდ და წამოვედი. ვთვლი, რომ რთული, მაგრამ სწორი ნაბიჯი გადა­ვდგი­. ჩემი კოლეგა ზურაბ ქურციკიძე­ შეეწირა იმ უსამართლობას, რაც წინა ხელი­სუფლების დროს ხდებოდა. ზურამ ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლო…

– ბევრმა არ მოიწონა თქვენი ეს ნაბიჯი, მაგალ­ითად, ეკა ბესელიამ, რომელიც თქვენი ადვოკატი იყო და გიცავდათ იმ დროს. ხომ არ გისაუბ­რიათ მასთან?

– ახლა არ არის იმის დრო, რომ დავიწყო ახსნა, მაგრამ მოვა დრო, როცა ჩემს სათქმელს ვეტყვი. ყველას აქვს თავისი აზრის გამოხატვის უფლება, მათ შორის მეც და ვთქვი ის, რაც ვთქვი. მიმაჩნია, რომ ჩემს სახელმწიფოში ერთ-ერთი მთავარი არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩემს სამშობლოს ემსახურებიან, ამით იწყება ყველაფერი – იმ მესაზღვრით, იმ მებაჟით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლით, პოლიციელით. თუ მათი შრომა არ ფასდება, მაშინ რა სახელმწიფოს ვაშენებთ.

– ისევ ეკა ბესელიას სტატუსს დავუბრუნდები. საჯაროდ გეკითხებათ, უსამართლოდ დატყვევებული ლაზარეს გამო გაგიჩნდა პროტესტიო? რას უპასუხებთ?

– ეკამ ძალიან კარგად იცის, მე რა დღეში ვიყავი მაშინ, როცა დაგვაპატიმრეს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, იცის, ახლა ლაზარეს გლდანის ციხეში არავინ აწამებს, არავინ აფურთხებს, არავინ აგინებს და ემუქრება გაუპატიურებით. 2011 წლის შემდეგ ეს უბედურება დამთავრდა ამ ქვეყანაში, დასრულდა ერთხელ და სამუდამოდ და ჩვენ ვალდებული ვართ ეს შევინარჩუნოთ. დარწმუნებული ვარ, სასამართლო პროცესები თუ გაგრძელდებოდა, შეიძლება ბევრი ცვლილება მომხდარიყო და ამას უნდა დალოდებოდა პრეზიდენტი, მაგრამ მას აინტერესებს მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური ძალების პოზიციიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. პრეზიდენტს აქვს შეწყალების უფლება, მაგრამ შეურაცხყოფილი ვარ მისი ნაბიჯით როგორც მოქალაქე, რომელიც პირველივე დღიდან ვიბრძოდი. მაშინაც, როცა ქუჩაში არ გვაჩერებდნენ იმისთვის, რომ ის მოსულიყო პრეზიდენტად. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა სტაბილურობას შეინარჩუნებს და ევროპულ მომავალს აუცილებლად მიიღებს. მთავარი ღირებულება უნდა იყოს თითოეული ის ადამიანი, ვინც ჩვენს სამშობლოს იცავს. მე ასე ვზრდი ჩემს შვილს. ეს არ არის ევროპული მომავალი, ევროპული მომავალი არის კანონი, წესიერება და პასუხისმგებლობა ამ კანონის წინაშე.

 სალომე ზურაბიშვილი დიდი ხანია არ ეთანხმება “ქართულ ოცნებას”, აქამდეც ხომ არ მდგარხართ სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილების წინაშე?

– ყველაზე რთული მომენტი ჩემთვის მაშინ იყო, როცა ია მეტრეველს, სულხან მოლაშვილის მამას, თამაზ მოლაშვილს უთხრა, აქ რას მომივარდითო. დღემდე დამნაშავედ ვგრძნობ თავს იმ ადამიანებთან ამის გამო და ბოდიშს ვუხდი. როგორც ვიცი, უამრავი სტატუსი მომიძღვნეს. მე არ ვკითხულობ, მაგრამ მიყვებიან მეგობრები. ზოგი მაქებს, ზოგი მაგინებს. მე პოლიტიკოსი არა ვარ, არც პოლიტიკური ამბიციები მაქვს, სხვებისგან განსხვავებით, მაგრამ სულ ვცდილობ სამართლიანი ვიყო და ჩემი ფოტოაპარატით დავამტკიცო სამშობლოს სიყვარული.