ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენო” – რას ამბობს დაკავებული 20 წლის ახალგაზრდის ადვოკატი?

უფლებები საქართველოს“ ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე უკვე რამდენიმე საათია ითხოვს მისი დასაცავის, 20 წლის ახალგაზრდის სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანას, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. ახალგაზრდა ამ დრომდე დიღმის იზოლატორში იმყოფება. ის ძალოვნებმა გამთენიას დააკავეს და ადვოკატის თქმით, ნაცემია. აქვს ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირს გადაადგილება. ადვოკატმა ოფიციალური განცხადებით უკვე მიმართა დიღმის იზოლატორს, თუმცა იზოლატორი უარს აცხადებს მის კლინიკაში გადაყვანაზე. საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი და სპეციალური საგამოძიებო სამსახური, მაგრამ ამ დრომდე არანაირი რეაგირება არ არის. ადვოკატმა ასევე გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც იზოლატორის შესასვლელთან დგას და ელოდება იზოლატორის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.

ადვოკატი დიმიტრი ნოზაძე:

-როგორც ჰყვება, რომ იქვე მდგარი პიკაპის ავტომანქანაში მყოფმა ნიღბიანმა პირებმა დაუწყეს გინება და მუქარა. სცადა ტერიტორიის დატოვება. ნიღბიანები გაქცეულ ბიჭს დაედევნენ ავტომობილით – ლამის დააჯახეს, გადმოცვივდნენ მანქანიდან და დაიჭირეს. ბიჭი ამბობს, მაგინებდნენ, ცოცხალს არ დაგტოვებო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ მოკალით და სადმე გადააგდეთ, ვინ გაიგებსო. მირტყამდნენ და იცინოდნენო. დასისხლიანებულს სუნთქვა უჭირდა და ხელს აფარებდნენ პირზე, გამეტებით ურტყამდნენ თავში, სახეში და წიხლებს მთელ სხეულზე, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით და მოკვლით. ცემით და გინებით მიიყვანეს ბუკიას ბაღთან, საიდანაც სამმა პოლიციელმა გადაიყვანა ჯერ სამმართველოში და შემდეგ – დიღმის იზოლატორში. ვითხოვ მის კლინიკაში გადაყვანას, რადგან ცუდად არის 20 წლის ბიჭი, სასწრაფოც გამოვიძახე, სასწრაფო აქ არის და ველოდებით გადაწყვეტილებას, მაგრამ არაფერს არ გვეუბნებიან.

რატომ არ გადაჰყავთ კლინიკაში?

– იზოლატორის ექიმი იძახის, რომ თვითონ იღებს პასუხისმგებლობას და არ გვატანს დაშავებულ ახალგაზრდას. არადა ახალგაზრდა ცუდად არის, ამბობს, რომ აქვს თავბრუსხვევა, გულისრევა, სავარაუდოდ ტვინის შერყევა და დიდი ფილოსოფია არ უნდა იმას, რომ ასეთი ავადმყოფი უნდა იყოს კლინიკაში და არა იზოლატორში. ასე მოხდა გუშინაც, მეორე ახალგაზრდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ისიც არ გადაიყვანეს კლინიკაში და სასამართლო პროცესზე ცუდად გახდა და გადაიყვანეს კლინიკაში აღმოჩნდა, რომ ძვლები ჰქონდა ჩამტვრეული და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. იგივე მეორდება ახლაც, რამდენიმე საათია უშედეგოდ ვითხოვ მის გადაყვანას, სახალხო დამცველის აპარატშიც დავრეკე, მაგრამ არავინ შეგვხმიანებია. სულ ტყუილია ყველგან დარეკვა, აზრი არ აქვს, არავინ ახდენს რეაგირებას. არადა ისეთ მდგომარეობაშია, რომ ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება, მისი პროცესი დღეს ხვალ 6 საათამდე უნდა იყოს, მაგრამ ამ დრომდე აქ ასეთ მდგომარეობაში როგორ დავტოვო? სახელზეც ეტყობა სიწითლეები, ცხვირიდან უჭირს სუნთქვა, გვერდსაც იტკივებს, მუხლიც, ზურგიც სტკივა, ფეხიც სტკივა, თავზე ეტყობა რომ ჩასისხლიანებულია, თმა აქვს გადახოტრილი და ეს დაზიანებაც აშკარად ჩანს, მარჯვენა თვალი სტკივა ძალიან. ამდენი ხანია გაჩერებული მყავს სასწრაფო და არ უშვებენ სასწრაფოსაც შიგნით. ვერ შევა თუ იზოლატორმა არ დაუშვა. 20 წლის ბიჭზეა საუბარი, მას რომ რამე მოუვიდეს ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება იზოლატორის ხელმძღვანელს და ექიმს, ვერ ამიხსნია რატომ რისკავენ, რატომ არ გადაჰყავთ, ხომ სჭირდება ტომოგრაფია, რატომ არ გადაჰყავთ. პატიმრების ნაკლებობა აქვთ თუ რა. სასამართლო უნდა ჩატარდეს 48 საათი აქ იქნება, თუ საავადმყოფოში რა მნიშვნელობა აქვს, ადმინისტრაციულით არის დაკავებული, თუნდაც სისხლის სამართლის საქმე იყოს, რა უდგას წინ მის კლინიკაში გადაყვანას, როცა ადამიანს დახმარება სჭირდება. ჯერჯერობით აქ ვრჩები, იქნებ ვინმე გამოჩნდეს და გადაიყვანონ დაისვენოს. ყველა იცილებს პასუხისმგებლობას. განცხადებაც დავუწერე, მოვითხოვ სასწრაფოდ გადაიყვანოთ იზოლატორიდან კლინიკაში სასტიკად ნაცემი ბიჭი.