დაჯახების შემდეგ მძღოლი მანქანიდან ჩავიდა და გარდაცვლილს დაარტყა.. ამ ფაქტმა ადგილობრივები ძალიან გააბრაზა“ – სამირა ბაირამოვა მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავარიაზე

სამოქალაქო აქტივისტმა მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავარიაზე, რასაც ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევა, სადაც ავარია მოხდა, ძალიან ცუდი მოსახვევია, ბევრი ობიექტია გზის პირას და მოსახლეობას ფაქტობრივად ტრასაზე უწევს სიარული. ეს სამწუხაროდ პირველი ავარია არაა კონკრეტულ ტერიტორიაზე. შარშან ზუსტად ამ ადგილას არასრულწლოვანი გარდაიცვალა.

დღეს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით, ადგილობრივები ამბობენ, რომ მანქანა ჩქარა მოძრაობდა და მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მომხდარი შემთხვევის შემდეგ ის ჩავიდა მანქანიდან, გარდაცვლილ ბავშვს დაარტყა, შეაგინა მოსახლეობას და გაიქცა. ამ ფაქტმა ადგილობრივები ძალიან გააბრაზა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გაბრაზდნენ სასწრაფო მანქანაზეც, რადგან, ვისაც სჭირდებოდა დახმარება, პირველ რიგში მას არ დაეხმარნენ.

ახლა ადგილზე მდგომარეობა სტაბილურია. მაგრამ შესაძლოა, კვლავ დაიძაბოს სიტუაცია. დაშავებულის ახლობელმა მომაწოდა ინფორმაცია, რომ მათი ჯანმრთელობის მდომარეობა სტაბილურია.

ასევე მომაწოდეს ინფორმაცია, რომ მძღოლი მაღალჩინოსნის ახლობელი ყოფილა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ფაქტი გამოძიებაზე არ იმოქმედებს. “, – ამბობს სამირა ბაირამოვა.