საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. ამ წუთებში იწყება კიდევ ერთი კანდიდატის, დარეჯან ბუცხრიკიძე მოსმენა.
მანამდე, საბჭოს წევრებს კითხვები ჰქონდა ლალი ბუნტურთან, რომელსაც, მათ შორის, შეკითხვები დაუსვეს ოჯახში არსებულ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
“მშობელი რომ შვილს დასჯის, ამაზე არ დავიწყებდი სამართლებრივ დევნას. რაც შეეხება ოჯახურ ძალადობას, ოჯახში ქალბატონი რომ უჩივლებს ქმარს და ეს ქმარი წავა ციხეში. პრაქტიკა გვაქვს ასეთი, დაწერენ საჩივარს, უჩივლებენ, პოლიცია წაიყვანს და სასამართლოში უკვე წერენ – პრეტენზია არ გამაჩნია. აზრი?! დაწერა, ახლა პრეტენზია არ აქვს?! ურიგდებიან.
დავიჭერდი იმ ქალებს, ვინც ერთხელ უჩივლა ქმარს, დააჭერინა და მეორედ კიდევ უჩივლა და კვლავ იმასთან ცხოვრობს. თუ ადამიანს აჭერინებ იმის გამო, რომ ვერ იტან, კანონდამრღვევია, მაშინ აღარ უნდა გააშვებინო”, – განაცხადა ლალი ბუნტურმა.
საბჭოს წევრებმა, პროკურორობის კანდიდატ ასევე კითხეს რა ფორმით ითანამშრომლებდა ის საერთაშორისო პარტნიორებთან. რაზეც, ლალი ბუნტური პასუხობს, რომ მოისმენდა საერთაშორისო პარტნიორების აზრს, თუმცა ხელმძღვანელობის უფლებას არ მისცემდა.
“ყელა საერთაშორისო ორგანიზაციასთან მექნებოდა კომუნიკაცია, მაგრამ არა იმ დონეზე, რომ მათ ეხელმძღვანელათ ჩემთვის. “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდესო”, მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი არ ვარ, ქართველი ვარ”, – განაცხადა ლალი ბუნტურმა.