დღეს საქართველოს კიდევ ერთი ხელოვანი, დიდი მუსიკოსი ლიანა ისაკაძე გამოაკლდა. მუსიკოსის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა გაავრცელა.
“საუკუნის დიდებული მევიოლინე” – ასე მოიხსენიებდნენ ლიანა ისაკაძეს საერთაშორისო გამოცემები, რომლებმაც არაერთი ვრცელი სტატია მიუძღვნეს ქართველის შემოქმედებას. ის იყო პირველი ქართველი მევიოლინე, რომელმაც ბავშვობიდან აალაპარაკა მსოფლიო. 3 წლის ასაკში გახდა მუსიკოსი.
„ვიოლინო ჩემი სხეულის ნაწილია და თუკი ვიღლები, ეს იმას ნიშნავს, რომ ისიც დაიღალა“,- ამბობდა მუსიკოსი.
მისი ყველა კონცერტის განუყოფელი ნაწილი იყო დაუსრულებელი აპლოდისმენტები და ხშირად უწევდა „ბისზე“ გამოსვლა. მას თავისი სამყარო ჰქონდა – თავისუფალი. მისთვის არ არსებობდა მატერიალური საცდური. მის შინაგან თავისუფლებაზე მეტყველებდა ისიც, რომ ბათუმის „სერენადებისთვის„ საგანგებოდ შეირჩა უძველესი ციხესიმაგრე, სადაც ათასობით ადამიანი ღია ცის ქვეშ ფანტასტიკური სანახაობისა და ვირტუოზულად შესრულებული მუსიკის მოწმე გახდა.
თავბრუდამხვევი და დიდი კარიერა საყვარელი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დაასრულა; 2017 წლის 26 აგვისტოს, ფესტივალ “ღამის სერენადების” ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, მისი მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოსი თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა. გულის შეტევის დიაგნოზით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს; სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, იმ წლის “ღამის სერენადები” თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა.
წყვილის 45 წლიანი თანაცხოვრება იყო მრავალმხრივი და საინტერესო. ერთმანეთს ბოლომდე თვალებში შესციცინებდნენ…
„იმ ფესტივალის შემდეგ, როდესაც მისი მეუღლე გარდაიცვალა, მან გამოგვიცხადა, რომ ასრულებს თავის დიდ, მსოფლიო მნიშვნელობის საშემსრულებლო კარიერას და ასეც მოხდა” – ამბობს გიორგი ისაკაძე.
ლიანა ისაკაძემ ფესტივალი “ღამის სერენადები“ 1982 წელს დააარსა და ის აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა. 1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მისი აღდგენა 2009 წელს გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან ფესტივალი “ღამის სერენადები” ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება.
ამჟამად “ღამის სერენადებს” მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძე ხემძღვანელობს.
ცნობისთვის, ლიანა ისაკაძე მსოფლიოს ყველა მუსიკის ენციკლოპედიაში შეყვანილია, როგორც საუკუნის საუკეთესო მევიოლინე. 16 წლისა ჩაირიცხა მოსკოვის კონსერვატორიაში; კემბრიჯის საერთაშორისო ბიბლიოგრაფიული ცენტრის ენციკლოპედია მას XX საუკუნის 2000 საუკეთესო მუსიკოსს შორის ასახელებს.
ლიანა ისაკაძე წლების მანძილზე გერმანიაში, ინგოლშტადტში მოღვაწეობდა. მან იქ თავისი ორკესტრი ჩაიყვანა და როგორც დირიჟორი, დიდ მოღვაწეობას ეწეოდა. ის მსოფლიოს ყველა დიდ, ცნობილ დარბაზში დირიჟორობდა და უკრავდა. გერმანიის ერთ-ერთმა წამყვანმა გაზეთმა Suddeutsche Zeitung-მა “საუკუნის დიდებული მევიოლინე” უწოდა.