ერთი წლის წინ ჰონგ-კონგში გავრცელებულმა ამბავმა საზოგადოება შეძრა. 28 წლის ულამაზესი მოდელის სხეულის ნაწილები მიტოვებულ სახლში იპოვეს. ახალგაზრდა მოდელს 4 შვილი ჰყავდა და მის წარმატებებს უამრავი ადამიანი გულშემატკივრობდა. დამნაშავეები მალევე იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ქალის მკვლელები მისი ნათესავები იყვნენ, რომლებსაც ახალგაზრდა მოდელი არაერთხელ დახმარებია…
2019 წელს გადაღებულმა სამხრეთ კორეულმა დრამამ “პარაზიტი” 2020 წელს “ოსკარის” ჯილდო დაიმსახურა. ფილმში ადამიანების მანკიერებების, კლასობრივი კონფლიქტებისა და სოციალური განსხვავებების შესახებ არაერთი საინტერესო დეტალია. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ღარიბი ოჯახის წევრები შეძლებულ ოჯახში დასაქმდებიან და უნდათ, მათგან რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ, თუმცა როგორც კი იმ შედეგს ვერ მიიღებენ, რაც სურთ, პარაზიტებად გადაიქცევიან.
4-წლიანი ქორწინების შემდეგ, ები მიხვდა, რომ მისი ქმარი არასდროს გამოსწორდებოდა, ამიტომ განქორწინება მოითხოვა. თუმცა, გოგონამ იცოდა, როგორ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ მისი ქმარი და ნათესავები და ამიტომაც, დაჰპირდა, რომ ვიდრე მათი ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდებოდა, ფინანსურ დახმარებას გააგრძელებდა. რა თქმა უნდა, არაფერი გაუმჯობესებულა… პირიქით, დროთა განმავლობაში ყოფილი მეუღლის ოჯახი გოგონაზე სულ უფრო მეტად დამოკიდებული ხდებოდა.
ები ჩოის ჯერ პრესტიჟულ რაიონში დიდი სახლი აყიდინეს. უთხრეს, რომ ეს მისი შვილებისთვის იყო კარგი, რადგანაც ბებია-ბაბუასთან რომ მივიდოდნენ, ნორმალური პირობები დახვედროდათ. შემდეგ, გოგონა დაარწმუნეს, რომ მძღოლად მისი ყოფილი ქმრის ძმა, ენტონი აეყვანა. თავის მხრივ, ებისგან ენტონიმ დიდი თანხა ისესხა და რა თქმა უნდა, ვალის დაფარვა ვერ შეძლო…
ები ყოფილი ქმრის ვალებსაც იხდიდა, რომელიც კაზინოში უზარმაზარ თანხებს აგებდა. ბიჭის მამა სასამართლოში მუშაობდა. თუმცა, 2022 წელს თაღლითობის სქემაში ჩაერთო და სამსახურიდან ისიც გაათავისუფლეს…
ები 23 წლის იუბილეზე Tam Jai International-ის რესტორნების იმპერიის მემკვიდრეს, კრის ტამ ფონგ-ჩანს შეხვდა. ორწლიანი რომანის შემდეგ, ახალგაზრდებმა მდიდრული ქორწილი გადაიხადეს და ორი შვილი შეეძინათ. ები ჩოი უკვე 4 შვილის დედა იყო და ქალაქის ხელისუფლებისაგან, როგორც მრავალშვილიანმა დედამ, სპეციალური მედალიც კი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ გოგონა პირველ ქმართან და მისი ოჯახის წევრებთან თბილ ურთიერთობას ინარჩუნებდა. ვიდრე ები გაუჩინარდებოდა, ორი კვირით ადრე მონაკოში ჟურნალ L’Officiel-ის გარეკანის სახე გახდა.
2023 წლის 21 თებერვალს ები ჩოი სახლიდან გავიდა, მანქანასთან ჩავიდა, რომ მძღოლთან ერთად უფროსი შვილი სკოლაში წაეყვანა. საღამოს სახლში რომ აღარ მივიდა, მისმა ქმარმა, კრისმა, ების მშობლებსა და მეგობრებს დაურეკა. თუმცა, გოგონა არავის უნახავს. არც ტელეფონს პასუხობდა. მისმა მძღოლმა, ყოფილმა მაზლმა თქვა, რომ ები, ვიდრე სკოლამდე მივიდოდნენ, იქამდე ჩავიდა მანქანიდან. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვი სკოლაში დატოვეს, მან ყოფილი ქმარი ნახა. შემდეგ მისი კვალი დაიკარგა…
ქუჩის სათვალთვალო კამერების მიხედვით, გოგონა მანქანიდან არ ჩამოსულა. მისი მანქანა კი ქალაქის გასასვლელში დააფიქსირეს. მძღოლის ტელეფონი სოფელ ტაის ძველ სახლთან არსებულ მისამართს აჩვენებდა. ორდღიანი ძებნის შემდეგ, გამომძიებლები სწორედ იქ წავიდნენ.
ადგილზე საშინელი სურათი დახვდათ. ნახევრად დანგრეულ სახლში ღუმელი ენთო, ღუმელზე დიდი ქვაბი იდგა და რაღაც იხარშებოდა. აღმოჩნდა, რომ იქ ულამაზესი მოდელის სხეულის ნაწილები ეყარა. ნაწილი კი მთელ სახლში იყო მიმოფანტული… ამ გზით, დანაშაულის დაფარვას ცდილობდნენ.
თავდაპირველად, მისი ყოფილი მაზლი ურთიერთგამომრიცხავ წინადადებებს ამბობდა. შემდეგ კი სასჯელის შემსუბუქების მიზნით, გადაწყვიტა, სიმართლე ეთქვა.
როგორც გაირკვა, ები ყოფილი ქმრის ნათესავების მუდმივად რჩენაზე უარის თქმას აპირებდა. ასევე, გოგონას უნდოდა, ის უზარმაზარი სახლი, რომელიც ყოფილი ქმრის მშობლებისათვის იყიდა, გაეყიდა და უფრო პატარა ბინა შეეძინა მათთვის. მრავალწლიანი დაპირების მიუხედავად, რომ ყოფილი ქმარი უკეთესობისაკენ შეიცვლებოდა, არაფერი გამოვიდა და გოგონამ გადაწყვიტა, რომ აღარც მისი ვალები გადაეხადა. ამიტომაც, ოჯახმა მისი მკვლელობა ერთად დაგეგმა.
ჩვენების მიხედვით ირკვევა ისიც, რომ ების მკვლელობის იდეა პირველად დედამთილს გაუჩნდა. გოგონას გარდაცვალების დროს, მისი ქონება 14 მილიონ დოლარს შეადგენდა. გარდა იმისა, რომ ყოფილი დედამთილი გაბრაზდა, გოგონამ მათ რჩენაზე უარი რომ განაცხადა, მას კიდევ ერთი გეგმა ჰქონდა. რაკი ების ყოფილ მეუღლესთან 2 საერთო შვილი ჰყავდა, მისი მკვლელობის შემდეგ მეურვედ მამა დაინიშნებოდა და ქონების განკარგვასაც შვილების სრულწლოვნებამდე ის შეძლებდა.
გოგონა გაიტაცეს და მიტოვებულ სახლში მოკლეს… ახლა ყველა მათგანს უვადო პატიმრობა ემუქრება, სასამართლო პროცესი კი
ჯერ არ დასრულებულა.
ოთხი შვილის დედის, ცნობილი ქველმოქმედისა და ულამაზესი გოგონას მკვლელობამ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ჰონგ-კონგში მის დაკრძალვაზე ათასობით ადამიანი მივიდა. ეს ამბავი კი ბუნებრივად ცნობილი ფილმის სიუჟეტს დაუკავშირეს და ამ თემაზე არაერთი ადამიანი ალაპარაკდა. ახლა გარდაცვლილის ოჯახი სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.