სტიქია კახეთში – მოგლეჯილია ხეები, ჩაიხერგა გზები, განადგურებულია სავარგულები, ქარმა სახლებს სახურავები ახადა

სტიქია კახეთში – ახმეტის მუნიციპალიტეტში გადახდილია საცხოვრებელი სახლების სახურავები, განადგურებულია სავარგულები, დალეჯილია მრავალწლოვანი ხეები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა და ქარი დაახლოებით, რამდენიმე წუთს გაგრძელდა, თუმცა სტიქიამ პანკისის ხეობის სოფლებში 10-მდე საცხოვრებელ სახლს და სოფელ დუისში პოლიციის შენობას, სახურავი მოხადა.

სეტყვამ გაანადგურა სასოფლო- სამეურნეო სავარგულები, საკარმიდამო ნაკვეთები, დატბორილია ეზოები.
ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა, პანკისი – ახმეტა- თელავის მიმართულებით, გზა ჩახერგა და მოძრაობა შეაფერხა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის. ალექსი ფიცხელაურის განმარტებით, დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზებიც და პანკისის ხეობის სოფლები ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

„სტიქიისგან მიყენებული ზარალის კონკრეტული მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია, ადგილზე ვმუშაობთ და ვსწავლობთ მდგომარეობას. სოფლებში სახლებს სახურავები გადახადა, დაწყვიტა ელექტროგადამცემი ხაზები და პანკისის სოფლებში შეწყდა დენის მიწოდება. დაგლეჯილია ხეებიც. ”- აღნიშნა ფიცხელაურმა.

ამ დროისათვის სტიქიის ზონაში მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და მობილიზებულია მერიის შესაბამისი სამსახურები.