სოფო აბაიშვილი სოციალურ ქსელში საკმაოდ ცნობილია. 31 წლისაა და 120 კილოგრამი დაიკლო. ხშირად აღნიშნავს, რომ ეს მისთვის დიდი მიღწევაა და საკუთარ გამოცდილებას ხშირად უზიარებს სოციალურ ქსელში სხვებსაც. ახლა 65 კილოგრამს იწონის და სასურველ წონას დიდი ხანია ინარჩუნებს.
“წონის პრობლემა 13 წლის ასაკიდან დამეწყო. არც ჰორმონალური დარღვევა მქონია და არც ჯანმრთელობის სხვა პრობლემა. უბრალოდ, ჭამა მიყვარდა და ბევრი არასასარგებლო პროდუქტით ვიკვებებოდი. ამის გამო 13 წლის ასაკში 80 კილო ვიყავი, 24 წლის ასაკში კი 185 კილომდე ავედი.
24 წლის ასაკში ენდოკრინოლოგთან მივედი, ჩავიტარე გამოკვლევები და ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ მქონია. დავიწყე სწორი კვება. ენდოკრინოლოგი ძალიან მეხმარებოდა, ყოველდღიურად ვეკონტაქტებოდი. 10 თვის განმავლობაში სწორი კვებით 75 კილო დავიკელი. წელიწად-ნახევარი შევინარჩუნე ეს წონა. მერე რესტორანში ვმუშაობდი, კვების რეჟიმი ამერია, ნერვებმაც მიმტყუნა და 60 კილოზე მეტი ისევ მოვიმატე. რაც დავიკელი, თითქმის ავინაზღაურე. თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ჩემმა დამ და სიძემ მირჩიეს, რომ ბარიატრიული ქირურგიისთვის მიმემართა. კუჭის ოპერაცია გავიკეთე, მაგრამ ამ ოპერაციის გაკეთება ავტომატურად კლებას არ ნიშნავს. მოვიკრიბე ძალები და 2 წელი სწორ კვებაზე ვიყავი. 120 კილო დავიკელი. უკვე 4 წელი გავიდა და წონას დღემდე ვინარჩუნებ.
არის დღეები, როდესაც ვარღვევ და საკუთარ თავს განტვირთვის შესაძლებლობას ვაძლევ, მაგრამ მაინც სულ ფორმაში ვარ” – აღნიშნავს სოფო.