შაბან ალ-დალუ ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა – 19 წლის მამაკაცი პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის სტუდენტი იყო და ღაზაში გადარჩენისთვის იბრძოდა. ის თვეების განმავლობაში იღებდა ვიდეოებს, სადაც აღწერილი იყო მისი ოჯახის მდგომარეობა. თუმცა ღაზისგან თავის დასაღწევად საკმარისი თანხის მიღება ვერ შეძლო.
ორშაბათს, გამთენიისას, ისრაელის ძალებმა დაბომბეს ალ-აქსას საავადმყოფოს კომპლექსი დეირ ელ-ბალახში – შაბანი დედასთან ერთად ცოცხლად დაიწვა.
”აქ, ღაზაში უსაფრთხო ადგილი არ არის,” – ამბობდა ის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაწერილ ვიდეოში. ზოგიერთ მიმართვაში შაბანი მაყურებელს თანხის დონაციისკენ მოუწოდებდა, რათა ოჯახთან ერთად ეგვიპტეში წასულიყო.
“ხუთი თვეა, კარავში ვცხოვრობთ, ოჯახზე მე ვზრუნავ, რადგან ყველაზე უფროსი ვარ.”
შაბანის მამამ, აჰმად ალ-დალუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ ორი შვილის გადარჩენა მოახერხა. მისივე განცხადებით, შაბანს საზღვარგარეთ სწავლა და ექიმობა უნდოდა, თუმცა თავად წინააღმდეგი იყო:
“არ გავუშვი, რადგან მინდოდა ჩემი შვილი ჩემთან ახლოს ყოფილიყო. ახლა ვისურვებდი, რომ ასე არ მოვქცეულიყავი” – ამბობს აჰმადი.
თავდასხმამ, რომელსაც შაბანი ემსხვერპლა, საავადმყოფოს ეზოში დევნილთა მიერ მოწყობილი ბანაკი გაანადგურა, რის შედეგადაც სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა. შემთხვევამ იშვიათი საყვედური დაიმსახურა აშშ-ს ოფიციალური პირებისგან:
„ისრაელის საჰაერო თავდასხმის შემდეგ დევნილი სამოქალაქო პირების სურათები ღრმად შემაშფოთებელია. ისრაელს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება – რაც აქ მოხდა, შემზარავია, მაშინაც კი, თუ “ჰამასი მოქმედებდა საავადმყოფოს მახლობლად და ცდილობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ადამიანურ ფარად გამოყენებას“ – ნათქვამია ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებაში.