ჩვენ ახლა შევიკრიბეთ იმ შენობის წინ, რომელიც ისევე არ ეკუთვნის მსახიობებს, როგორც საქართველო არ ეკუთვნის მოსახლეობას. საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას არ გაუკეთებია არც ერთი განცხადება ძალადობრივად დაკავებული მსახიობების მხარდასაჭერად, არასდროს დაუცავს მსახიობების უფლება.
ჩვენ, აქ შეკრებილები საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან ვითხოვთ, გაემიჯნოს ხელისუფლების ძალადობრივ პოლიტიკას, დაგმოს ძალადობა და მხარში ამოუდგეს ყველა დაზარალებულს. თეატრებში დასაქმებულები ვიწყებთ გაფიცვას ძალადობის წინააღმდეგ, მშვიდობისთვის. მოგიწოდებთ ყველა თეატრს საქართველოში, დაუთმეთ სივრცე მაყურებელს ქვეყანაში შექმნილი კრიზისის შესახებ სასაუბროდ” – განაცხადა მსახიობმა გიორგი ბახუტაშვილმა მსახიობის სახლში, სადაც 4 დეკემბერს, კულტურის სფეროს წარმომადგენლები პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ. აპროტესტებენ “ქართული ოცნების” მიერ ევროინტეგრაციის შეჩერებას და დემონსტრანტებზე ძალადობას.
AMBEBI.GE ესაუბრა მსახიობსა და ტელეწამყვანს ბაჩო ქაჯაიას:
თითქმის ყველა თეატრის მსახიობები ვიყავით. პირველი შეხვედრა გუშინ წინ გვქონდა. რადგან სპონტანურად შევიკრიბეთ, ბევრი თანამოაზრე და კოლეგა არ იყო იქ. მსახიობის სახლში მისვლის უმთავრესი მიზანი ის არის, რომ ამ პროტესტის ჩახშობა საოცარი ძალადობრივი გზით ხდება ე.წ. სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ამ გაფიცვით, პირველ რიგში გვინდა მხარდაჭერაც გამოვუცადოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და მათ მიმართ ძალადობრივი აქტები შეჩერდეს. დამყარდეს მშვიდობა. მანამდე კონსტიტუციური ჩარჩოდან, არჩევნებითა თუ სხვა კანონიერი გზით ვეცადეთ, არჩევანი დაგვეფიქსირებინა, რომელიც ასევე წაგვართვეს. ამასთან დამოუკიდებელ საქართველოს ევროატლანტიკური სივრცეში გაერთიანების პროცესი შეგვიჩერეს. კონსტიტუცია აქაც დაარღვიეს და თავზე დაგვახიეს. ამიტომ გვრჩება ქუჩა და საყოველთაო დაუმორჩილებლობის გზა, რომ ყველაფერი დავაბრუნოთ თავის პოზიციაში.
ბევრი და ყველანაირი გემოვნების მაყურებელი გვყავს. ამიტომაც გაფიცვით, ამ პრეცედენტით გვინდა, რომ ეს საყოველთაო დაუმორჩილებლობა გადამდები გახდეს. უმძიმესია იმის მოსმენა, როცა ამბობენ, რომ ქუჩაში ქართველი ხალხი კი არა, რაღაც ძალადობრივ ჯგუფები დგანან, მაშინ როცა ქუჩაში 100 ათასობით ადამიანი ვდგავართ და დღე და ღამეს ვასწორებთ. ამ ყველაფრის მკაფიოდ დაფიქსირება გვინდა…
ამასთან იმასაც ვხდებით, რომ ისინი ყველაფერს ხედავენ და ხვდებიან, მაგრამ ბედავენ ამდენი ხალხი ძალადობრივ ჯგუფად შერაცხონ. ამიტომ დღეს ისევ ვიკრიბებით რუსთაველის თეატრში, რომ კიდევ დავგეგმოთ შემდგომი ნაბიჯები.
– ამ დროს არსებობენ საპირისპირო პოზიციაზე მყოფი თქვენი კოლეგები, ხელოვანები. თქვენი შეთანხმება რამდენად შესაძლებელია?
მე ვფიქრობ, რომ ყველა ერთ პოზიციაზე ვართ, უბრალოდ დღეს რატომღაც გმირობა გამოდის სიმართლის ლაპარაკი. კი, ვფიქრობ, რომ ყველანი ერთ აზრზე ვართ, უბრალოდ ზოგს შეუძლია ამის გამოხატვა, ზოგს – არა. თუკი ვინმე არის გამონაკლისი, ეგ არ ვიცი, თუმცა როგორ შეიძლება, ეს ძალადობა მოგწონდეს, უმოწყალოდ ადამიანების ცემას და ყველანაირი ჩარჩოდან გასვლას მხარს უჭერდე?! არ მგონია, მაინც ვინმე ამას ამართლებდეს, შიგნით, გულში დარწმუნებული ვარ, სხვას ფიქრობს. ამიტომ ამ ადამიანებს ვაძლევთ მაგალითს, პირველ რიგში მსახიობებს, რეჟისორებს, თეატრებს. სამწუხაროა, რომ მათი ასეთი პოზიციაც სისტემის პრობლემაა.
ის, რომ სახელმწიფო თეატრებს აფინანსებს, რაღაცნაირად მათ მორჩილებასაც ითხოვს. მიუხედავად ამისა, დაფინანსებისა, ნებისმიერ თეატრს ყოველთვის გვქონდა საშუალება, სცენიდან საკუთარი ხელოვნებით ჩვენი სატკივარი, სათქმელი გვეთქვა. ამიტომ ვამბობ, რომ არ არსებობს ამას ვინმე მხარს უჭერდეს.
ახლა ჩვენმა სცენიდან სათქმელმა პროტესტის სახე მიიღო და გადაინაცვლა ქუჩაში, გადავიდა დაუმორჩილებლობასა და გაფიცვაში, რადგან, როგორც ჩანს, საკმარისი აღარ არის სცენიდან, ჩვენი ხელოვნებით, ხელობით ნათქვამი სიტყვა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ბევრი ჩემი მეგობარი იქნება, თუ კოლეგა, რომლებთანაც შეხება მაქვს, ყველა გმობს იმას, რომ არ შეიძლება ადამიანი ეთანხმებოდეს ამ ყველაფერს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ისინი, ვინც დღეს ვერ ლაპარაკობენ, ჩუმად არიან, ჩვენ გვერდით დადგებიან.