მეტროსადგურ “სახელმწიფო უნივერსიტეტში” მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ 36 წლის ბექა მინდორაშვილს პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა. პროკურატურამ მას დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობაში დასდო ბრალი.
- როგორც ცნობილია, დაკავებულმა მეტროსადგურში ახალგაზრდა მამაკაცს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 10 დეკემბერს, თბილისში, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურში ბრალდებულმა სრულიად უმოტივოდ, ყოველგვარი საბაბის გარეშე, განსაკუთრებული სისასტიკით, მეტროსადგურის მგზავრების თვალწინ, ბაქანზე მდგარ მისთვის უცნობ პირს ხელი ჰკრა და ლიანდაგებში ჩააგდო, რა დროსაც მას მოძრავი ელმავალი შეეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულ ბექა მინდორაშვილს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბექა მინდორაშვილი ადრე რამდენჯერმე ნასამართლევია. როგორც ამბობენ, მოკლულ ახალგაზრდას, ლაშა ამირეზაშვილს დამნაშავე არც კი იცნობდა. საზოგადოებაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სავარაუდოდ დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მის ფსიქიკურ პრობლემებზე საუბრობს მისი ადვოკატი ილია ლომია:
-36 წლის არის ბექა მინდორაშვილი. ჯერჯერობით ფაქტთან დაკავშირებით მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია და საუბარი არ გვქონია, თავად დუმს, კომენტარს არ აკეთებს და არაფერს არ ხსნის. ჯერ არის ასეთ რეჟიმში. როგორც ჩემთვის ცნობილია, არ იცნობდა ამ ადამიანს.
– გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, ამას ადასტურებთ?
– ადრე ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, გონებრივი ჯანმრთელობის სისუსტე, ფსიქიატრიულში ნამყოფია. როგორც ჩემთვის ცნობილია, მიუტოვებია ბოლო დროს პრეპარატების მიღება. ისე იღებდა მედიკამენტებს. ბრალდებული პირი არის წარმოშობით კახეთიდან. ბრალი წარედგინა, სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე, მეტ დეტალს ცოტა მოგვიანებით გეტყვით.
როგორც ცნობილია ბექა მინდორაშვილს ფსიქიკურ ექსპერტიზას დაუნიშნავენ, როს შემდეგაც გაირკვევა, იყო, თუ არა შეყრაცხადი.